კლოპი: ლივერპულიდან წასვლა რატომ უნდა გსურდეს?..

იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია, რატომ უნდა მოისურვოს მოჰამედ სალაჰმა ლივერპულიდან წასვლა. ეგვიპტელმა ვარსკვლავმა ერთი კვირის წინ მიანიშნა, ლა ლიგაში თამაშზე უარს არ ვიტყოდიო.

 

„მო მშვენიერ ადგილზეა. ერთადერთი, რაც შეიძლება არ მოსწონდეს, ამინდია. სხვა რა მიზეზი? ლივერპული მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. მას კარგად უხდიან. მართალია, ყველაზე დიდი ხელფასი არ აქვს, მაგრამ მაინც სოლიდური თანხაა. დიდებული სტადიონი დიდებული ფანებით. და ფანების არმია გვყავს ყველა ქვეყანაში.

 

...ადამიანს კლუბში დარჩენას ვერ დააძალებ და ეს არასოდეს არ გაგვიკეთებია. ყველაფერი დამოკიდებულია დროზე და სწორი მომენტის შერჩევაზე. უბრალოდ, არ მესმის, ლივერპულიდან წასვლა რატომ უნდა სურდეს“.

 

ინგლისური პრესა წერს, რომ სალაჰი კლოპზე მაშინ გაბრაზდა, როცა მან მიდტიულანდთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში კაპიტნის სამკლავური ტრენტ ალექსაბდრ-არნოლდს გადასცა. კლოპმა ამაზეც გააკეთა კომენტარი:

 

„კაპიტანი ჰენდერსონია. ვიცე-კაპიტანი მილნერი. თუ არცერთი არ თამაშობს, მაშინ ვან დეიკი და მეოთხე უკვე ვეინალდუმი. თუ ამ ოთხიდან არცერთი არაა მოედანზე, სამკლავური ერგება ფეხბურთელს, რომელიც ყველაზე დიდი ხანია კლუბშია. ეს ჩემი ბრალია. სიტუაციის გართულება არ მინდოდა. სალაჰს ამის მერე ველაპარაკე და ავუხსენი. შემდეგ სალაჰმა კიდევ ილაპარაკა ამ თემაზე ინტერვიუში. დიახ, ის გაბრაზებული იყო, მაგრამ მერწმუნეთ, სპეციალურად არ გამიბრაზებია“.