კალაძე-გატუზოს სახალისო ისტორია:

აბა, როგორ უნდა დაწერო, 2020 წელი ბრწყინვალე გამოდგაო, მაგრამ მილანისთვის მართლაც ასეა. შარშან ამ დროს ვინ წარმოიდგენდა, რომ მილანი სერია ა-ს მომდევნო სეზონის ნახევარს ლიდერის რანგში დაამთავრებდა? Pianeta Milan-მა აღნიშნა, რომ დიდწილად ეს მეგობრული ატმოსფეროს „ბრალია“ და ასე იყო კარლო ანჩელოტის მწვრთნელობის პერიოდშიცო...

 

საიტზე გაიხსენეს კახა კალაძისა  და ჯენარო გატუზოს ისტორია, რომელიც ანჩელოტის უწერია თავის წიგნში.

 

„ერთ დღეს ჩვეულებრივი ვარჯიშია, კალაძემ კი გაგვაჩერა და მთხოვა, მისტერ,  რაღაც მნიშვნელოვანი მაქვს სათქმელიო... მე ვუთხარი, გისმენ-მეთქი. კახამ თქვა:

 

„გატუზოს დაბადების დღემდე 3 დღე დარჩა“.

 

ცოტა გაგვეცინა და ვარჯიში გავაგრძელეთ. საღამოს, სადილზე კახა წამოდგა და ყველას გვთხოვა მოგვესმინა. მან თქვა:

 

„გატუზოს დაბადების დღემდე დარჩა 2 დღე და 14 საათი...“

 

გატუზო ბრაზდებოდა და ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, ვინ იცის, დაარტყამდა კიდეც. მეორე დღესაც იგივე. კახამ ვარჯიშის დაწყებამდე გამოაცხადა:

 

„გატუზოს დაბადების დღემდე 2 დღე დარჩა“.

 

ასე გაგრძელდა კიდევ და დადგა 9 იანვარი, რინოს დაბადების დღე. ჩვენ კალაძეს ვკითხეთ, არაფერი ჰქონდა სათქმელი? კახამ, არაო, მხრები აიჩეჩა, რა უნდა ვთქვაო... გატუზოს ეგონა, რომ კალაძე შეაშინა და გამარჯვებას ზეიმობდა. აი, ჩემმა გამოხედვამ და მუქარამ გაჭრა, ხმას ვეღარ იღებსო.

 

დადგა 10 იანვარი. საუზმეა და კახა დამწუხრებული სახით მოდის. ეს ყველამ შეამჩნია. ვკითხე: „რამე მოხდა?“.

 

„დიახ, მისტერ, გატუზოს დაბადების დღემდე დარჩა 364 დღე“.