ანატოლი ბოისა: დისციპლინით ვიგებთ

რუსთავი სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერია. რუსთავი ტრადიციაა. და, რუსთავში შარშან ახალი მთავარი მწვრთნელი მივიდა.

ანატოლი ბოისა. რომელმაც ბერძენი კეცელიდისის შეცდომების გამოსწორება დაიწყო. სადღაც, გამოასწორა, მაგრამ აქცენტი შემდეგ სეზონსე გაკეთდა.

სწორი გათვლა.

და, რუსთავმა აკრიფა.

ერთადერთი წაგება პირველ წრეში. ბალანსი, სიღრმე და მომთმენი კალათბურთი, სადაც არავინ არ ნერვიულობს. უბრალოდ, გუნდმა იცის, რისთვის გადის მოედანზე და შედეგს დებს. და, ეს შედეგი თითქმის ყოველთვის მოგებაა.

ბოისას პირველ წრეზე დაველაპარაკეთ. პირველ წრეზე, რომელიც რუსთავმა 7:1 დახურა.

 

საერთო შეფასება.

ანატოლი ბოისა: მთლიანობაში, ალბათ, მაინც კმაყოფილი ვარ. წავაგეთ მხოლოდ ერთი თამაში. ალბათ, ჩვენგან ამ შედეგს არ ელოდებოდნენ. სადღაც, შეიძლებოდა უკეთ თამაშიც, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ შედეგზე, ეს მისაღებია. მოთამაშეები ზიან სისტემაში და ეს არის მთავარი.  

 

შედარებით ცოტა სამიანს აგდებთ (7.25, V შედეგი სუპერლიგაში)...

ა.ბ: და, სხვასთან შედარებით, ნაკლებსაც ვესვრით (20.5, ბოლო ადგილი სუპერლიგაში)... ვცდილობთ, ყველა კომბინაციის დროს (შეძლებისდაგვარად) საუკეთესო სროლა შევასრულოთ. შესაბამისად, გვაქვს სამიანების კარგი პროცენტი (35.3, III) გარედან. ვცდილობთ, ვითამაშოთ მრავალფეროვნად, აქცენტი მხოლოდ შორიდან სროლაზე არ გვქონდეს. სროლები ახლოდან, სამწამიანიდან, გარედან - ყველაფერი მნიშვნელოვანია. მსიამოვნებს, რომ ყველა მოთამაშე კარგად აანალიზებს სიტუაციას და გუნდურად აზროვნებს.  

 

რუსთავი ცოტა შეცდომას უშვებს (ბოლოდან მეოთხე).

ა.ბ: ალბათ, ეს ჩვენი საერთო დისციპლინის და გამთამაშებლების აკურატული თამაშის შედეგია. ორივე მნიშვნელოვანია, ორივე ფაქტორი ავსებს ერთმანეთს და მოაქვს შედეგი. რა თქმა უნდა, გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს პირველი ნომრის კლასი, სწრაფი აზროვნება. უბრალოდ, რუსთავში შეტევის ორგანიზებაში არა მხოლოდ პირველი ნომრები იღებენ მონაწილეობას. ეს მნიშვნელოვანია.

 

გეგი ბაქრაძეზე.

ა.ბ: გეგი არის პირველი ხუთეულის მოთამაშე. დისციპლინა, სწრაფი აზროვნება, ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემები. ბაქრაძეს ეს ყველაფერი აქვს და ის გუნდისთვის ბევრს აკეთებს. როდესაც ვიწყებდით ამ გუნდის შეკვრას, გეგი ერთ-ერთი პირველი კანდიდატი იყო. ვიცოდით მისი შესაძებლობები და კმაყოფილები ვართ შედეგით. გეგი არის პროფესიონალი. შარშანდელი გუნდიდან სამწუხაროდ, ყველა ვერ დავიტოვეთ.

 

ეს გუნდი უკეთესია პოტენციალით თუ შარშანდელი?

ა.ბ: შემადგენლობით - შარშანდელი ბევრად წინ არის, მაგრამ შედეგით - ეს აშკარად უკეთესია. ალბათ, წლევანდელი გუნდი უფრო თავისუფალ კალათბურთს თამაშობს, ნაკლებად ზის ჩარჩოებში. ასევე, გუნდში უკეთესი ურთიერთობაა, ყველამ მშვენვრად იცის საკუთარი ადგილი მოედანზე.

 

შარშან ნაკლები გამოცდილება გქონდათ.

ა.ბ: და, არ მყავდა ჩემი შეკრებილი გუნდიც. მოვიგეთ ქორქია/საკანდელიძე, გვქონდა მომატების დიდი პოტენციალი. იყო წარუმატებელი მატჩებიც, მაგრამ გუნდს ბევრის გაკეთება შეეძლო.

 

ლეგიონერები.

ა.ბ: ევროპელი ლეგიონერების სხვა არის და ამერიკელების - სხვა. განსხვავებაა დაცვის პრინციპებში, სადღაც, უფრო გუნდურად უნდა ითამაშო. ეს ევროპაა. და, არიან ამერიკელი ლეგიონერები, რომლებსაც ინდივიდუალური სტილი არ უნდა წაართვა.  მთლიანობაში, კი, რუსთავის ლეგიონერები კარგი ბიჭები არიან, ცდილობენ, რომ გუნდს გამოადგნენ.

 

ლეგიონერები დიდი ნაკადით მოდიან, ნაკრების წევრები - მიდიან.

ა.ბ: ლეგიონერები სადღაც ხელს უწყობენ, სადღაც - ხელს უშლიან ახალგაზრდა ქართველების ზრდას. ალბათ, რაც უფრო ნაკლები ლეგიონერი იქნება, მეტი ქართველი მოუმატებს. ამავე დროს, გვაქვს კარგი მოთამაშეების დეფიციტიც და ლეგიონერები გვეხმარებიან. როდესაც ჩამოგყავს კარგი ლეგიონერები, მათთან ერთად გაცილებით სწრაფად იზრდები.

 

მიმდინარე ტურნირის მოულოდენელობა - გუნდი და მოთამაშე.

ა.ბ: გუნდი - ცხუმ-აფხაზეთი. მოთამაშეები - ფევაძე, ჩეჩელაშვილი, თვალაბეიშვილი, გაფრინდაშვილი, ვაშაკიძე. შეიძლება, რუსთავის ბიჭები ჩვენთან დიდ დროს (ყოველთვის) არ იღებენ, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ.  ასევე, მაზიაშვილი ვერაში. მნიშვნელოვანი იყო, რომ ნაკრების ბოლო შემადგენლობაში სუპერლიგის 9 მოთამაშე იყო. ნება მომეცით, რომ ტურძილაძე და კორსანტიაც ამ სიაში შევიყვანო. მწვრთნელები კარგად მუშაობენ, ცდილობენ. და, ამას მოაქვს შედეგი.

 

ფოტო: www.gbf.ge