კავაი გაიშალა

ორგზის საუკეთესო დამცველი.

ორგზის ფინალების MVP.

ორგზის ჩემპიონი.

რეგულარულის საუკეთესოს პრიზისთვის პერმანენტული მებრძოლი.

თითქმის გარანტირებული ადგილი დიდების დარბაზში.

ეს არის კავაი ლეონარდი. და, კლიპერსის ფორვარდი იცვლება. კლიპერსის ფორვარდი უფრო მრავალმხრივი, საინტერესო წასაკითხი და მკვლელი ხდება.

და, იცით? კავაი მხოლოდ მოუმატებს.

წლიდან წლამდე ლეონარდი აუმჯობესებს ერთ კონკრეტულ ელემენტს. როდესაც სან ანტონიომ მოუგო ფინალი მაიამის (2014) და კავაი სერიის საუკეთესო მოთამაშე გახდა, შემდეგი სეზონიდან ლეონარდმა დაიწყო სროლაზე მუშაობა. კავაის ამაში კობი ბრაიანტი ეხმარებოდა.

როდესაც წავიდა ტიმ დანკანი და სან ანტონიო თითქმის ოფიციალურად ჩააბარეს ლეონარდს  (უკმაყოფილო ელემენტებიც იყვნენ), კავაიმ ლიგის 5 საუკეთესო მოთამაშეში შეისეირნა და დღემდე ამ კლუბშია.

და, როდესაც ლეონარდი ტორონტოში გაუშვეს, კავაიმ უხმოდ მიიყვანა მისია ბოლომდე, გახდა ჩემპიონი და ახალი გამოწვევა კლიპერსში მიიღო.

კლიპერსი წელს უფრო გუნდია, ვიდრე - შარშან. კლიპერსი წელს უფრო კარგად აწყობილი მანქანის შთაბეჭდილებას ტოვებს. და, ამ გუნდს ჰყავს ახალი მემანქანე (ტაირონ ლიუ), რომელიც კავაისგან ერთს ითხოვს: მეტი ჩართულობა შეტევის ორგანიზებაში და, შესაბამისად, მეტი ზუსტი პასი.

პლიუს, კავაიმ აუცილებლად უნდა მოუმატოს დაცვაში. იქ, სადაც ლეონარდი საუკეთესო იყო და ბოლო წლებში მხოლოდ ინერციით იღლება.

 

******

 

რეგულარულის სტარტიდან ლეონარდმა მიიღო მონაწილეობა 4 მატჩში. გავიაროთ სტატისტიკა.

23.7 ქულა. მისაღებია. კავაის მეტიც შეუძლია.

6.5 მოხსნა. კლიპერსისთვის საკმარისია.

6.5 პასი. აი, აქ ლეონარდმა მაგრად აკრიფა. კავაის პირადი რეკორდი პასებში იყო 4.9 (შარშან) და ეს ლეონარდი უნივერსალიზმს აწვება, უფრო მაგრად ცდილობს თანაგუნდელების ჩართვას პროცესში.

მოკლედ, კავაი ლებრონობს.

კლიპერსი არ არის ლეიკერსის დონეზე. და, კლიპერსს მაგრად გაუჭირდება ამ დონეზე ასვლა. მაგრამ თუ პოლ ჯორჯი საკუთარ თავს რწმენას არ წაართმევს, კავაი აუცილებლად გაშლის გუნდის და პარალელურად, საკუთარ პოტენციალს.

ეს არის ის, რაც სურს ლიუს.

ეს არის ის, რაც კავაისთვის აუცილებელია.

კიბორგი მოდის.