ვალენსია ვარდება?..

ვალენსია ლა ლიგაში გასავარდნ ზონაშია, ბოლოდან მესამე ადგილზე. მოკლედ, ცხრილში თავის ადგილზე არიან, ოღონდ ცხრილს უკუღმა რომ შევხედოთ... მეტიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოსასუნას თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, პოტენციურად სულაც ბოლოსწინაზე არიან ღამურები. 3 მოგება, 7 ფრე, 7 წაგება. 17 მატჩში მხოლოდ 3-ჯერ გაიმარჯვა ასეთმა სახელიანმა კლუბმა, რომელიც სულ საჩემპიონთალიგო ოთხეულს უმიზნებდა, ლიგაზე ხშირად უთამაშია და ძალიან ცოტა დააკლდა სულაც სრულ ტრიუმფამდე: 2000 და 2001 წელს ხომ ფინალები წააგო.

 

ამ სეზონში ვალენსიელთა სუსტი თამაში იკითხებოდა, თუმცა მთლად ასეთიც არა. გუნდი ძალიან დასუსტდა, შემადგენლობაში ისეთები ხვდებიან, დავიდ ვილია, დავიდ სილვა და ხუან მატა მათთან შედარებით მარადონა და პელე რომ არიან.

 

მწვრთნელი? წარმოუდგენელია, ხავი გრასია რა ხერხებით მიიყვანეს ასეთ კლუბში. მას მხოლოდ სეგუნდა დივიზიონებში ჰქონდა კარგი შედეგები. გრასიას ხელში უოტფორდი პრემიერლიგიდან გავარდა და გავარდნილი გუნდის მწვრთნელი ვალენსიაში მიიყვანო, საოცარია... თუმცა, ეტყობა, იაფია.

 

კადისთან შინ ფრის (1:1) მერე, დიდი შანსია, გრასია გაუშვან. N 1 კანდიდატად ითვლება მიჩელი - სევილიას, მალაგასა და მარსელის ყოფილი მწვრთნელი, ესპანეთის ნაკრებისა და რეალის ექს-ნახევარმცველი.

 

იაფზე დავწერეთ და 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც სინგაპურელი მილიარდერი პეტერ ლიმი გახდა ვალენსიას პატრონი, კლუბის საქმეები უკან-უკან წავიდა. მაღალი კლასის ფეხბურთელებს ვინ ჩივის, ლა ლიგის საშუალო დონის მოთამაშეებსაც კი ვერ (არ) ყიდულობენ. ამასთან, გაუშვეს მწვრთნელი მარსელინო, რომელმაც მწირი რესურსით კარგი შედეგი აჩვენა და სამეფო თასი მოიგო.

 

ხშირია ფანების აქციები, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოდის. ისე, ამ სამი მოგებული მატჩიდან ერთი რეალთან იყო, თანაც 4:1.