ყველას ერთად გაგვიმარჯოს!

 

 

 

 

 

 

 

გილოცავთ, შობასა და ახალ წელიწადს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. და ამას რომ ვამბობ, საკუთარ თავსაც ვლოცავ, რადგან, ჩემი დაკვირვებით, ეს ქვეყანა რაღაცნაირად არის მოწყობილი: კარგად ყოფნა ერთად უფრო გამოდის, ვიდრე  მარტო. სპორტის, დიდწილად ფეხბურთის ხალხი ვართ და მაგალითის მოტანაც სპორტიდან, ფეხბურთიდან  უფრო გამომივა. აი, მაგალითად, განა შეიძლება ქვეყანაში ერთი გუნდი ძალიან კარგად თამაშობდეს, დანარჩენები კი ცუდად? არა! არ არსებობს ლიგა, სადაც ერთი მაღალი დონის გუნდია, ხოლო ყველა სხვა - ჩაჩანაკი. რამდენიმე მაინც უნდა იყოს კარგი და დანარჩენები, ჯანდაბას, შეიძლება შედარებით სუსტად თამაშობდნენ. ოღონდ, მხოლოდ შედარებით… ასეა, ცხოვრებაც. ყველა კარგად უნდა ვიყოთ, და მაშინ რომელიღაცა ჩვენგანს, ყველაზე წარმატებულს, ქუჩაში გამოსვლისას ფეხი ტალახში არ ჩაუვარდება. ტალახი არ იქნება და იმიტომ. ჰოდა,  ერთად უნდა მოვახერხოთ კარგად ყოფნა.

ძალიან უტოპიურად ხომ არ გამომივიდა? თუმცა, მე ხომ ფაქტობრივად სადღეგრძელოს ვამბობდი, სადღეგრძელოში კი სიკეთის სურვილი, თუნდაც გულუბრყვილო იყოს, ყურს არ ჭრის.

რა მინდა იცით ვინატრო? 2021 წელს, ჩვენი სპორტისა და კერძოდ ფეხბურთის ჩარხი სწორ მხარეს დატრიალებულიყოს. გასაგებია, რომ დიდ შედეგებს მყისიერად ვერ დავდებთ, მაგრამ ბრმები ხომ არ ვართ, ტენდენცია საით წავიდა, ხომ დავინახავთ.

 

GEORGIA - TBILISI - FOOTBALL - UEFA NATIONS LEAGUE - GEORGIA VS NORTH  MACEDONIA #Gallery - Social News XYZ

 

ნაკრები რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, ყველამ განვიცადეთ, მაგრამ მე პირადად ის უფრო არ მესიამოვნა, ერთა ლიგის ჯგუფში რომ ჩავფლავდით. როგორ გითხრათ, იმ ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ერთი მხრივ მთელი გულით ვქომაგობდი ჩვენებს, მაგრამ მეორე მხრივ გონება მეუბნებოდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჩვენი ადგილი ჯერ მაინც არ იყო და პროგრესის მაჩვენებელი D ლიგაში ლამაზად გამარჯვების შემდეგ, მიჯრით C ლიგაში გამარჯვება უფრო იქნებოდა. და, ჩემდა სამწუხაროდ, სწორედ აქ ვერ ვივარგეთ. ნაომარი სომხეთი პირველზე გავიდა (სრულიად დამსახურებულად), ჩრდილოეთ მაკედონია, როგორც ჩანს ჩვენ შეგვაკვდა და მეორეზე გავიდა, ჩვენ კი მესამეზე ჩავრჩით. ჩვენს მერე მხოლოდ ესტონეთი იყო, რომელმაც, თუ ვიტყვით, რომ ფეხბურთის თამაში არ იცის, დიდი გადაჭარბება არ გამოგვივა.

ზემოთ ვთქვი, გონება მკარნახობდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო, მაგრამ დონით ბევრი გვაკლდა, მეთქი. მე თუ მკითხავთ, ჩრდილოეთ მაკედონიაც ასეა. არადა, პირწმინდად მოგვიგო და იქ მოხვდა, ფინალურ ეტაპზე, დიდ ფეხბურთში. აი, რას იზამს, ეს უკვე სხვა საკითხია და მართლა ძალიან მაინტერესებს.

ჩვენ კი, C ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი რომ დაგვეკავებინა, ყველაფერი კარგად დალაგდებოდა: გუნდი პროგრესს განიცდის; მართალია ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფი ვერ მოიგო, მაგრამ ძალა და საიმისო კლასი ეყო, რომ სადაც უნდა ეპირველა, იქ იპირველა. ახლა, წინ შემდეგი ნაბიჯია — B დონეზე თამაში — და ასე შემდეგ…

მაგრამ, ნაკრები ნაკრებად და მთელი ამ ხნის განმავლობაში არ მტოვებდა ერთი, მწარე გემოსავით შემორჩენილი განცდა, რომ 2020 წელს, ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი ჩავარდნა იყო თბილისის დინამოს გაუგონარი მარცხი ვიღაც კლაკსვიკთან, ფარერის კუნძულებიდან. ჯანდაბას, ნაკრებმა რომ ვერ მოიგო, მაგით ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, ჯგუფში პირველ ადგილზე ვერ გავიდა, წინ ვერ გადადგა ნაბიჯი ანუ ვექტორი მაინც უკეთესისკენ ჰქონდა, დინამომ კი თავის ისტორიაში ალბათ ყველაზე მძიმე ფურცელი ჩაწერა…

ლაპარაკიც არ მინდა. გულწრფელად ვამბობ: არ ვიცი, რით უნდა გადაიფაროს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ისტორიაში ეს ლაქა.

მაგრამ, დღეს დინამოს ახალი მწვრთნელი ჰყავს, გიორგი ნემსაძე, რომელსაც მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას. კაცი რამხელა ორმოში ჩაძვრა, იქ ჩავარდნილი გუნდის ამოსაყვანად, ხომ წარმოგიდგენიათ? და ძალიან არ მინდა, რომ ხელი მოეცაროს.

ზურგის ქარი არ მოგკლებოდეთ, გიორგი!

 

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 1 ადამიანი, დაკავებულია სპორტით, დგომა და ღია ცის ქვეშ

 

და კიდევ კარგი, რომ 2020 წელს იყო გუნდი, რომლის გახსენებაზე კმაყოფილების ღიმილი მეფინება — ლოკომოტივი. არ არის საჭირო შედეგების ჩამოწერა. ვიცი, რომ თუ დიდი ქართული ფეხბურთის საკადრის წარმატებებს შევადარებთ, არაფერი უქნია, მაგრამ… მომკალით და მაინც სასიამოვნო იყო. ჯერ კრაიოვა, მერე მოსკოვის დინამო… ნუ, გრანადას მისი დამარცხება არ გაჭირვებია, მაგრამ აკი ზემოთ ვთქვი: ტენდენციაა მთავარი.

თუმცა, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო.

და კიდევ: ხვიჩა კვარაცხელია… ზოგადად, ახალი თაობა.

ჰოდა, მოდი ამ ბლოგით ყველას ერთად გაგვიმარჯოს! აბა, დავატრიალოთ ჩარხი სწორი მიმართულებით! წავიდა, წავიდა, წავიდა!