Rammstein და უხეში სპორტი

ტილ ლინდემანი ყველაზე წარმატებული გერმანული მძიმე ჯგუფის სოლისტია.

ტილ ლინდემანი არის ხმა ჯგუფში Rammstein.

ინდასტრიალის, გოთის, ჰარდის და ჰორორის საუკეთესო მიქსი. და, ჰერ ლინდემანი ამ ატომური ჯგუფის ლიდერი, სახეა.

დღეს, დიდი ბიჭი კორონავირუსით ისვენებს, ახალ ლექსებზე მუშაობს. ლინდემანის წლიური შემოსავალი არის 12-16 მილიონი ევრო. მშიერი არ მოკვდება.

და, ეს ისტორია დაიწყო სპორტით.

ტილ ლინდემანი: სპორტმა მომცა რწმენა, რომ ყველაფერი არის შესაძლებელი. ალბათ, ტრავმა რომ არ მიმეღო, არ იქნებოდა ჩემი კარიერა როკ მუსიკაში. ალბათ.

ტრავმა? ტილ ლინდემანი ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა იყო. ცურვაში. გერმანიის ნაკრების ვარსკვლავი. XI ადგილი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მხოლოდ დასაწყისი უნდა ყოფილიყო. ლინდემანი აირჩიეს გერმანიის ნაკრების ოლიმპიურ გუნდში (მოსკოვი, 1980). და, ერთ თვეში ტილმა ხერხემალი იტკინა. სპორტი დაიხურა. აქტიური სპორტი დაიხურა. დაიწყო სხვა, უხეში სპორტი.  

ტ.ლ: ვმუშაობდი პიროტექნიკოსად. ვმუშაობდი მომვლელად. ვიმუშავე უბანში ცურვის ინსტრუქტორად და პარალელურად, დავიწყე ლექსების წერა. თემა? ის, რაც ჩვენში იყო. ის, რაც ჩვენ გვამცირებდა. ის, რაც არ უნდა ყოფილიყო. მოკლედ - ყოველდღიურ ჭაობზე, რომელიც სიცრუით იყო შენიღბული. ამ სამყაროში მხოლოდ მდიდრები და ორპირები გადარჩებოდნენ.

ლინდემანმა ოლიმპიური კონტურები Rammstein-ის ერთ-ერთ პოპულარულ კლიპშიც გამოიყენა. კომპოზიცია - Stripped. Depeche Mode-ს ქავერი.

ტ.ლ: ამ სიმღერას დიდი ისტორია აქვს. დავიწყოთ იმით, რომ დეპეშების დიდი ფანი ვარ. და, როდესაც გაჩნდა ქავერის ჩაწერის ვარიანტი, დამატებითი ბიუჯეტი, ჯგუფის დანარჩენ წევრებს ეს სიმღერა შევთავაზე. ვიდეო კლიპში გამოვიყენეთ კადრები ფილმიდან Olympia – Festival of the Nations. ცნობილი გერმანელი რეჟისორის, ლენი რიფენშტალის (გახსოვთ ეს გვარი ფილმიდან Inglourious Basterds?) ფილმი. კლიპი ეფექტური გამოვიდა.

და, ეფექტურია ტილ ლინდემანის ლირიკაc. ლექსები. ლინდემანი წერს ყველაფერზე, რასაც ხედავს და, თუ თქვენ ჯერ კიდევ ცუდად იცნობთ ჰერ ტილის ჯგუფს, ჩაუჯექით ამ სამ კომპოზიციას - Du Hast, Ich Will, Mein Herz Brennt.

წამოიღებს.

Ich hab’ euch etwas mitgebracht, Ein heller Schein am Firmament... სიტყვები ბოლო კომპოზიციიდან.

სპორტმა სამყაროს აჩუქა ეს გენიალური ჯგუფი.

როგორ ლინდემანი ამბობს, უხეშმა სპორტმა.

ვრთავთ Rammstein-ს და ვაჭერთ ღილაკს Play.