პრემიერლიგა... ზღვის გოჭებივით გვექცევიან!

ინგლისში სერიოზულად შიშობენ, რომ პრემიერლიგა დროებით შეწყდება. კორონავირუსმა ისევ საკმაოდ იფეთქა. ფულემის ნახევარმცველმა კევინ მაკდონალდმა ინსტაგრამ-ზე დაწერა:

 

„როდემდე უნდა გადადონ მატჩები და როდემდე უნდა დაკეტონ ბაზები? ჩემპიონატი დროებით უნდა შეწყდეს. ეს უკვე უაზრობაა. ისე გვექცევიან, როგორც ზღვის გოჭებს!“.

 

ინგლისის რამდენიმე კლუბში გამოვლინდა კორონავირუსის შემთხვევები, მათ შორის ყველაზე მეტად ასტონ ვილაში. ბირმინგემულ კლუბს კი 8 იანვარს ლივერპულთან ელის სათასო მატჩი. პრემიერლიგასა და სათასო შეხვედრებშიც ასეთი რეგლამენტია: თამაში შედგება, თუ გუნდებს 14-14 ჯანმრთელი ფეხბურთელი ეყოლებათ განაცხადში.

 

ლიდსი კი ახალი ინიციატივით გამოვიდა, კერძოდ, სტადიონ ელანდ როუდის ერთი კორპუსი ჯანმრთელობის სამინისტროს დაუთმო, რათა ვაქცინაციის ცენტრად გამოიყენონ. 2 800-იანი ადგილია... ლიდსის სტადიონი საამისოდ იდეალური ადგილი ყოფილა, რადგან დიდ ავტომაგისტრალთანაა და იოლად მისადგომია, თანაც საკმაო ტერიტორიაა პარკირებისთვის.