შარშან ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა დაამთავრა სათამაშო კარიერა. მოთამაშეები, რომელთა სახელებიც დიდ ხანს დარჩება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. ამჯერად 5 ასეთ ვარსკვლავს გავიხსენებთ.
იკერ კასილიასი
კარიერა: 1998-2000
კლუბები: რეალი, პორტუ
მიღწევები: მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი (2), ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (3), უეფას სუპერთასის მფლობელი (2), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (2), ფიფას საკლუბო მხოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.
ესპანეთის ჩემპიონი (5), ესპანეთის თასის მფლობელი (2), ესპანეთის სუპერთასის მფლობელი (4), პორტუგალიის ჩემპიონი (2), პორტუგალიის თასისა და სუპერთასის მფლობელი.
კასილიასზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კაცი, რომელმაც ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც ფეხბურთელს შეუძლია. ალბათ, მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო, ნიდერლანდების წინააღმდეგ. როცა მასთან პირისპირ გასულ არიენ რობენს ურთულერსი ბირთი აუღო და ესპანეთის ნაკრებს სანუკვარი ჩემპიონობა მოაპოვებინა. მერე ის ამ ტურნირის საუკეთესო მეკარედაც აღიარეს. ფიფას ვერსიით კი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ხუთჯერ დაასახელეს.
თამაშს ალბათ კიდევ გააგრძელებდა მაგრამ 2019 წლის მაისში გადატანილმა მიოკარდის ინფარქტმა მის კარიერას წერტილი დაუსვა.
იკერი ოპერაციის შემდეგაც დაუბრუნდა ვარჯიშებს და კიდევ სცადა თამაში, მაგრამ მიხვდა, რომ ასეთი აქტივობა მისთვის დამაზიანებელი იქნებოდა და 2020-ის ზაფხულში ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ.
ვენსან კომპანი
კარიერა: 2003-2020
კლუბები: ანდერლეხტი, ჰამბურგი, მანჩესტერ სიტი, ანდერლეხტი
მიღწევები: ინგლისის ჩემპიონი (4), ინგლისის თასის მფლობელი (2), ინგლისის სუპერთასის მფლობელი (2), ინგლისის ლიგის თასის მფლობელი (4), ბელგიის ჩემპიონი (2), ინტერტოტოს თასის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.
„მთელი დრო მწვრთნელობას მინდა დავუთმო და ამისათვის 100 პროცენტიანი კონცენტრაცია და დრო მჭირდება. ამიტომ დავასრულე მოთამაშის კარიერა.“ - ეს სიტყვები ლეგენდარულმა ბელგიელმა მცველმა შარშან ზაფხულში თქვა. კომპანი ისტორიაში დარჩება როგორც მანჩესტერ სიტის დიდი კაპიტანი, რომელმაც ქალაქელებთან ერთად ათამდე ჯილდო მოიგო, მათ შორის ოთხჯერ ინგლისის ჩემპიონობა.
რომ არა გაუთავებელი ტრავმები, ალბათ ახლაც ითამაშებდა სიტიში და ბელგიის ნაკრებში. ის ხომ ჯერ 34 წლისაა.
ახლა ანდერლეხტს წვრთნის, თუმცა არცთუ წარმატებით.
ხავიერ მასკერანო
კარიერა: 2003-2020
კლუბები: რივერ პლეიტი, კორინთიანსი, ვესტ ჰემი, ლივერპული, ბარსელონა, ჩაინა ფორჩუნი, ესტუდიანტესი
მიღწევები: ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2), უეფას სუპერთასის გამარჯვებული (2), ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული (2), ესპანეთის ჩემპიონი (5), ესპანეთის თასის მფლობელი (5), ესპანეთის სუპერთასის მფლობელი (3), არგენტინის ჩემპიონი, ბრაზილიის ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონი (2), მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი.
ალბათ ისტორიაში საუკეთესო ბარსელონას ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ, ხავიერ მასკერანომ 2020 წლის ნოემბერში სევდიანი განცხადება გაავრცელა: „დადგა მომენტი, როცა პირადი პრობლემების გამო კარიერა უნდა დავასრულო. ახლა ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ყოველთვის ფეხბურთით ვცხოვრობდი და მინდორზე ბოლომდე ვიხარჯებოდი. მაგრამ ახლა უკვე მიჭირს. პანდემიის შემდეგ განახლებულ ჩემპიონატში ვფიქრობდი, რომ ისევ ვიგრძნობდი იმპულსს, მაგრამ ასე არ მოხდა.“
უკან მოხედვისას ხავიერს შეიძლება ერთადერთზე დაწყდეს გული. 2014 წელს მისმა არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წააგო გერმანიასთან (0:1).
დანიელე დე როსი
კარიერა: 2001-2020
კლუბები: რომა, ბოკა ხუნიორსი
მიღწევები: მსოფლიო ჩემპიონი, იტალიის თასის მფლობელი (2), იტალიის სუპერთასის მფლობელი, არგენტინის ჩემპიონი
დე როსი ვერ დარჩა მხოლოდ რომას ფეხბურთელად, როგორც ფრანჩესკო ტოტი. 2019 წლის ზაფხულში მან ბავშვობის ოცნება აისრულა და არგენტინულ ბოკა ხუნიორსში გადავიდა. თუმცა იქ მხოლოდ ნახევარ წელიწადს გაჩერდა. ბავშვი რომშია და ძალიან მომენატრა, შორსაა ბუენოს აირესიო და შინ დაბრუნდა.
18-წლიანი რომაული კარიერის განმავლობაში, მიზეზთა გამო, ბევრი ჯილდო არ მოუგია. სამაგიეროდ 2006-ში იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. იტალიური და ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მებრძოლ ფეხბუთელად დარჩა.
მარიო გომესი
კარიერა: 2003-2020
კლუბები: შტუტგარტი, ბაიერნი, ფიორენტინა, ბეშიქთაში, ვოლფსბურგი
მიღწევები: ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, გერმანიის ჩემპიონი (3), გერმანიის თასის მფლობელი (2), გერმანიის სუპერთასის მფლობელი (2), თურქეთის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი
გერმანიის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა, მარიო გომესმა, ბუცები ლურსმანზე 2020 წლის ზაფხულში დაკიდა. გერმანიის ნაკრებში 78 მატჩი ჩაატარა, სამ მსოფლიო და ამდენივე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, მაგრამ მთავარი, გერმანელთათვის საჩემპიონო 2014 წლის მუნდიალი გამოტოვა. განაცხადში ვერ მოხვდა.
სამაგიეროდ 2013-ში ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ევრო 2012-ის საუკეთესო მეგოლე, გერმანიისა და თურქეთის ჩემპიონი გახდა.