ამერიკული სილამაზე

1992. ბარსელონაში ჩავიდა ვუდსტოკი. ამერიკის ნაკრებმა მთელ სამყაროს ყველა დროის უდიდესი გუნდი გააცნო.

ყველა დროის უდიდესი გუნდი ყველა სახეობაში.

გუნდი, რომელსაც მთელი ტურნირის განმავლობაში არ აუღია წუთშესვენება.

გუნდი, რომელიც მხოლოდ ავტოგრაფების დარიგებით იღლებოდა.

ჩაკ დეილიმ პირველი მატჩის (ანგოლასთან) სასტარტო ხუთეულში დააყენა მეჯიქ ჯონსონი (კაპიტანი), ლარი ბერდი (კიდევ ერთი კაპიტანი), მაიკლ ჯორდანი (ღმერთი), კარლ მელოუნი (რკინის კაცი) და დევიდ რობინსონი (ადმირალი).

როგორ დაიწყო ამ ხუთი უდიდესი მოთამაშის კარიერა NBA-ში? ვიხსენებთ ყველას პირველ მატჩს.

 

მეჯიქ ჯონსონი - სან დიეგო კლიპერსთან 103:102 (1979 წლის 12 ოქტომბერი)

სტატისტიკა: 26 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 4 დაფარება, 1 ჩაჭრა.

მეჯიქმა მოიგო და ეს იყო ლეიკერსის ახალი დინასტიის სტარტი. იმ მატჩში დაგლიჯა კლიპერსის ლიდერმა უორლდ ბი ფრიმ (46 ქულა, 7 მოხსნა, 7 ჩაჭრა, 5 პასი), მაგრამ ლეიკერსმა აიღო თრილერი. ლეიკერსი იწყებდა. ლეიკერსში იყო ქარიმ ადბულ-ჯაბარი, მაგრამ ლეიკერსი მეჯიქის გუნდი გახდა.

 

ლარი ბერდი - ჰიუსტონთან 114:106 (1979 წლის 12 ოქტომბერი)

სტატისტიკა: 14 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი.

ლარის დებიუტიც მეჯიქის დღეს შედგა. ან - პირიქით. ამ ორმა გენიოსმა გადაარჩინა ფინანსურ კრიზისში მყოფი ლიგა. და, ბერდთან ერთად კალათბურთში მოვიდა სამქულიანი სროლაც. ლარიმ ამ ტესტში ვერ ჩააგდო შორიდან (1/0), მაგრამ რუტინული ორმაგი დუბლი დასვა. იქ, ჰიუსტონში კლავდნენ მოუზეს მელოუნი და მაიკ დანლივი.

 

მაიკლ ჯორდანი - ვაშინგტონთან 109:103 (1984 წლის 26 ოქტომბერი)

სტატისტიკა: 16 ქულა, 7 პასი, 6 მოხსნა, 4 დაფარება, 2 ჩაჭრა.

ჩიკაგო ამუღამებდა მოგებას. ჩიკაგო სწავლობდა მაიკლთან ერთად მოგებას. და, რამდენიმე სეზონში ბულზი კონფერენციის ერთ-ერთი მონსტრი გახდება. ამ მატჩში ჯორდანმა ვერ აკრიფა - 16/5 ზუსტი სროლა, 5 შეცდომა. და, მაიკლი მხოლოდ იწყებდა. მაიკლი უახლოვდებოდა ნირვანას და შემდეგ - უკვდავებას. მეფე დაიძრა.

 

კარლ მელოუნი - ჰიუსტონთან 108:112 (1985, 25 ოქტომბერი)

სტატისტიკა: 8 ქულა, 6 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 2 პასი.

ჰიუსტონმა აუშვა ჰაკიმ ოლაჯუონის და რალფ სემფსონის ორმაგი ცენტრი. და, კარლ მელოუნი (ჯონჯ სტოქტონთან ერთად) ჯერ სათადარიგოებში იჯდა. კარლმა პირველ სეზონში საშუალოდ 15 ქულაც ვერ დასვა, მაგრამ ბიჭმა იმუშავა სროლაზე, დაცვაზე და ძალიან მალე ყველაზე შეუჩერებელი მაღალი მოთამაშე გახდა.

 

დევიდ რობინსონი - ლეიკერსთან 106:98 (1989 წლის 4 ნოემბერი)

სტატისტიკა: 23 ქულა, 17 მოხსნა, 3 დაფარება, 1 პასი, 1 ჩაჭრა.

დიდი ადმირალი, რომელიც სპერსის სიმბოლო, გული, ხერხემალი გახდა. რობინსონმა დაკუჭა ჯერ კიდევ მეჯიქის ლეიკერსი და სან ანტონიომ მიიღო მარგალიტი. თავმდაბალი მონსტრი, რომელიც ყველას უყვარდა. ადმირალმა საოცარი პირველი სეზონი ჩაატარა და ადმირალი იყო სან ანტონიო. იდეალური ცენტრი.