ლეიკერსი და კლიპერსი პროფესორმა დამარხა

და, სან ანტონიომ ლოს ანჯელესი დაწვა.

ორი ტესტი კალიფორნიაში. ორი ტესტი ორ სერიოზულ გუნდთან.

ჯერ, კლიპერსი - 116:113. კავაი ლეონარდმა თავი დახარა.

და, შემდეგ ლებრონ ჯეიმსის ბენდი - 118:109.

სან ანტონიომ მოიგო გემოვნებით. სან ანტონიომ მოიგო შარმით. და, სან ანტონიომ ჯეკპოტი მოხსნა.

მოხუცი გრეგ პოპოვიჩი ლოს ანჯელესში უყვართ. გრეგს იქ ბევრი ბრძოლა აქვს მოგებული. და, გრეგი ოდნავ ნაკლებად ლოიალური რომ იყოს, ლეიკერსი სიამოვნებით გაუშვებდა ლებრონ ჯეიმსს გრეგთან. მოლაპარაკებაზე. რომ მისტერ პოპოვიჩმა ჩაიბაროს გუნდი, რომელიც მასთან ერთად ხელშეუხებელი იქნება.

ლეიკერსი იყო პასიური დაცვაში. და, ეს სან ანტონიომ გააკეთა. ლამარკუს ოლდრიჯი უახლოვდება 20 000 ქულას (19 677) და ლამარკუსი ყველა დროის ტოპ 50-ში შევიდა. დიდი პატივი. მისტერ ოლდრიჯი კიდევ რამდენიმე ადგილს მოიგებს.

აქ, ლეიკერსთან, ოლდრიჯმა დაღალა ენტონი დევისი. 28 ქულა ლამარკუსის კლასით წამოვიდა. საშუალოდან, გარედან, ცენტრის ჩაყენებით, ტრიალში - ოლდრიჯმა ლეიკერსს წაართვა ენერგია.

და, სპერსი იყო ელეგანტური.

 

*****

 

პოპოვიჩმა გუნდი შეცვალა. სან ანტონიო შარშან ნასროლი სამიანებით ბოლოდან მესამეზე იყო, წელს კი - ლიდერებშია. ამ გარჩევაში გუნდმა 16 სამიანი გამოიყენა და მხოლოდ 6 შეცდომა დაუშვა. ახალი სპერსი მაგარი საკაიფო საყურებელია. გუნდი ბევრს დარბის, გუნდი ბევრს ისვრის და გუნდი არ აგდებს ტემპს.

ლებრონმაც და დევისმაც ორმაგი დუბლები გლიჯეს, მაგრამ ლეიკერსმა ვერ შეინარჩუნა წაუგებელი სვლა (4). სპერსი კი არასტაბილურია. მაგრამ, ამავე დროს - საინტერესო და დასამახსოვრებელი.

ალბათ, სან ანტონიო მეშვიდე-მერვე ადგილისთვის იომებს. დასავლეთში წელს ყველას ყველაფერს სურს.

იქვეა გრეგიც, რომელიც შარშან ფლეი ოფის გარშე დარჩა და წელს ეს გუნდი დაბრუნდება.

პოპოვიჩი ჯერ თემაშია. გრეგმა ჩემპიონობის კანდიდატები დამარხა.