გოლდენ სტეიტის ჯოკერი

...არის დრეიმონდ გრინი. და, ეს გუნდი ვერ დაბრუნდება გრინის გარეშე.

სტეფ კარი გოლდენ სტეიტის თვალები და შარმია. გრინი - დაცვა და სადიზმი, რაც ამ გუნდს მაგრად აკლია.

სტეფი რამდენიმე წლის წინ დომინირებდა და სტეფს კიდევ ერთი ფინალის ასაღებად ჯანმრთელი კლეი ტომფსონი (ან - კევინ დიურანტი) დააკლდა. ტორონტო იშლებოდა და კლეის ტრავმამ გოლდენ სტეიტი მოკლა.

კარის აკვირდებიან. როგორ შეასრულებს სტეფი საშინაო დავალებას კევინის და დალეწილი კლეის გარეშე? შეასრულებს, მაგრამ გრინის გარეშე ამ გუნდის მაქსიმუმი მერვე-მეცხრე ადგილია. დასავლეთში წელს დაუნდობელი ჩეხვებია. იდეაში, როგორც ყოველთვის, მაგრამ - წელს უფრო მეტი დოზით.

კარიმ საერთოდ რომ არ ითამაშოს, სტეფი დიდების დარბაზის წევრია. იგივე თემაშია კევინი. ალბათ - კლეიც.

გრინი - ჯერ ბოლომდე ვერ ქაჩავს. დრეიმონდი არის სამგზის ჩემპიონი, საუკეთესო დამცველი, სამგზის ოლსთარელი. დრეიმონდმა დაგლიჯა 2016 წლის ფინალის ბოლო ბრძოლაში. გოლდენ სტეიტმა წააგო, მაგრამ გრინი ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ ლებრონი იყო - 32 ქულა, 15 მოხსნა, 9 პასი. გრინი გოლდენ სტეიტში პრობლემებს აგვარებდა. სხვები ქმნიდნენ - და, გრინი აგვარებდა.

როდესაც გუნდმა დაიმატა კევინი (2017), კლეის რეგრესი ყველაზე მოსალოდნელი იყო. და, ტომფსონმა მაინც შეინარჩუნა დონე, მაგრამ, უკანა პლანზე გადავიდა გრინი. და, დრეიმონდი არ იყო წინააღმდეგი. გუნდს უნდა მოეგო და ის ყველაფერზე მიდიოდა. შედეგი რჩება. გრინმა ეს იცოდა.

გრინი იმ სეზონში საუკეთესო დამცველი გახდა და გრინმა იმ სეზონში ყველაზე მეტი ჩაჭრა აკრიფა. გრინი დაცვის პირველ ხუთეულში შევიდა.

დიდების დარბაზი ჯერ მაინც შორს არის.

ვინ უფრო იმსახურებს იქ შესვლას, გრინი თუ, ვთქვათ, ბენ უოლასი? და, ბენიც მაგარი დეკორირებული ტიპია - ოთხგზის ოლსთარელი, ხუთგზის All NBA, ოთხგზის საუკეთესო დამცველი და 2004 წლის ჩემპიონი იმ, სადისტების დეტროიტში. უოლასი კლავდა. ალბათ, გრინზე უფრო.

ეს გოლდენ სტეიტი ნელ-ნელა მოდის ფერზე. კარიმ რამდენიმე ჯადოსნური მატჩი გლიჯა. ბოლო ტესტში გუნდმა აკრიფა -22-დან და მოკლა კლიპერსი. და, სტეფმა 38 ქულა, 11 პასი და 3 ჩაჭრა დასვა. გრინი? მოკრძალებული 4 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა. ცოტაა. გრინმა უნდა მოუმატოს.

ან - გოლდენ სტეიტს დალეწავენ.