პატო: მილანში დაბრუნებაზე ვოცნებობ

მილანის ყოფილმა ფორვარდმა ალეშანდრ პატომ განაცხადა, რომ როსონერიში დაბრუნებაზე ოცნებობს. ბრაზილიელის თქმით, მას იბრაჰიმოვიჩთან ერთად კარგი დუეტის შექმნა შეუძლია. 

 

"მილანთან დიდი მოგონებები მაკავშირებს. ამ გუნდში 150 მატჩი ჩავატარე და 63 გოლი გავიტანე. მოვიგე სერია ა, იტალიის სუპერთასი და უამრავი შესანიშნავი მოგონება დამრჩა.

 

როსონერიში დაბრუნება რომ შემომთავაზონ, დაუფიქრებლად დავთანხმდები. ვოცნებობ ეს ერთ დღეს მართლაც მოხდეს, მხოლოდ 2 მატჩი დამჭირდება იმისთვის, რომ მწვრთნელი ჩემ საჭიროებაში დავარწმუნო. ვფიქრობ იბრაჰიმოვიჩთან კარგი დუეტის შექმნა შემიძლია."-ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Football Italia.

 

პატო მილანში 2007 წელს 18 წლის ასაკში გამოჩნდა და როსონერიში 6 წელი დაჰყო. მასზე დიდი იმედები მყარდებოდა, თუმცა ტრავმების და სხვა და სხვა მიზეზების გამო ავანსები ბოლომდე ვერ გაამართლა. მილანის ყოფილი ფორვარდი ამჟამად საო პაულოს ღირსებას იცავს.