სიმულაციის პიკი მარაკანაზე: სამართებელი, სახის დასერვა...

ეს ამბები, რაზეც დავწერთ, 1989 წელს სამხრეთ ამერიკაში მოხდა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში... ერთ-ერთი უდიდესი სკანდალი შესარჩევების ისტორიაში.

 

ორი ჯგუფი იყო და აქედან ერთ-ერთში ბრაზილია და ჩილე იბრძოდნენ. პირველადგილოსანი პირდაპირ მიიღებდა იტალიის საგზურს, მეორეადგილოსანს კი გადათამაშება მოუწევდა. ბრაზილია აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ ჩილემაც მოიგო თავისი თამაშები და აი, ბოლო ტური 3 სექტემბერს მოუწიათ რიო-დე-ჟანეიროს მარაკანაზე. სელესაოს ფრეც ხელს აძლევდა, ხოლო ჩილელებს მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ.

 

141 000 მაყურებელი სტადიონზე! სებასტიანო ლაზარონის გაწვრთნილი ბრაზილია 49-ე წუთზე კარეკამ დააწინაურა და ჩილე, ფაქტიურად, უშანსოდ იყო. 67-ე წუთზე კი დაიწყო, რაც დაიწყო: ფანებმა მაშხალა ისროლეს და ჩილელთა მეკარე რობერტო როხასი დაეცა... შველას ითხოვდა, შემოვარდნენ ექიმები. როხასი ხელში აყვანილი, სახედასერილი გაიყვანეს მოედნიდან.

 

სანამ გაიყვანდნენ, ჩილელმა ფეხბურთელმა პატრისიო იანესმა ბრაზილელ ფანებს თავის გენიტალიაზე მიუთითა. კაპიტანი ფერნანდო ასტენგოც პროვოაციაზე იყო, ხოლო კარეკა, დუნგა, ბებეტო და სხვები ფანებს მოუწოდებდნენ, რომ დაწყნარებულიყვნენ, ჩილელები აღარ გაეღიზიანებინათ.

 

ჩილეს ყველა ფეხბურთელი მოედნიდან გავიდა, აღარ ვითამაშებთო. არგენტინელი მსაჯი ხუან კარლოს ლუსტაუ ეცადა, რომ ჩილელები გადაერწმუნებინა და თამაში ჩაემთავრებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

 

ჩილე ტექნიკურ მოგებას ითხოვდა, რაც მათ მუნდიალის საგზურს მისცემდა, ხოლო ბრაზილიას დასჯიდნენ და პირველად დატოვებდნენ მსოფლიოს მიღმა...

 

ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა, რომ როხასმა ისიმულიანტა და ისე წაწვა მოედანზე. არაფერი არ მოხვედრია. ეს იყო ბინძური ხერხი, რათა ჩილე გამძვრალიყო ძლიერ მეტოქესთან.

 

10 დღის მერე ვერდიქტი გამოიტანეს: ჩილეს წაგება ჩაუთვალეს, განაღდებული მეორე ადგილი წაართვეს და მეტიც, მომდევნო 1994 წლის მუნდიალის შესარჩევშიც არ დაუშვეს. ხოლო როხასს სამუდამოდ აუკრძალეს ფეხბურთის თამაში! იმ დროს უკვე 32 წლის იყო. სხვათა შორის, როხასი ბრაზილიური სან პაულუს მეკარე გახლდათ. ვიდეოში ისიც ჩანდა, რომ ბრაზილიელ ფანებს შეურაცხყოფას აყენებდა. მაშხალის მსროლელი ფანიც დასაჯეს: 24 წლის როსენერი მელუ. როსენერი ამ შემთხვევით პოპულარული გახდა, PlayBoy-ს გარეკანზეც მოხვდა. 2011 წელს ანევრიზმით გარდაიცვალა, 46 წლის ასაკში.

 

როხასის გარდა, სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო ჩილეს ნაკრების მწვრთნელმა ორლანდო არავენამ, ექიმ დანიელ როდრიგესსა და კაპიტან ასტენგოს კი 5 წლით აუკრძალეს ფეხბურთში საქმიანობა.  

 

როხასმა სიმულიანტობა რამდენიმე დღის მერე აღიარა - სამართებელს ერთ-ერთი ხელთათმანის ქვეშ ვინახავდი და საჭირო დროს სახე დავისერეო. ასევე, საქმეში გაიყვანა ექიმი და მწვრთნელიც - მათ ეს იცოდნენო.

 

ჩილელები, ბუნებრივია, მაინც გამწარდნენ და ფიფას პრეზიდენტ ჟოაო აველანჟის ეროვნება დაიხვიეს ხელზე, ბრაზილიელმა თანამემამულეებს საქმე გაუკეთაო. ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში ბრაზილიის საელჩოსთან აქციები მოეწყო.

 

2001 წელს თამაშის „გმირმა“ როხასმა მოიბოდიშა და ფიფამაც მოუხსნა დისკვალიფიკაცია. იმ დროს უკვე 44 წლის იყო.

 

„სამართებლით დავისერე სახე და თავის არე. ჩემი ღირსება დაზიანდა. სახლში პრობლემები მქონდა მეუღლესთან, ბევრი ახლობელი ჩამომშორდა. არგენტინელი, ბრაზილიელი ან ურუგვაელი რომ ვყოფილიყავი, ასე არ დამსჯიდნენ. ჩილელს კი თავის მართლების საშუალება არ მომცეს“.

 

სხვათა შორის, მთელი ეს სკანდალი მარაკანაზე არ დაწყებულა. ეს გაგრძელება იყო. მანამდე ორი კვიროთ ადრე ჩილეში გაიმართა მატჩი და 1:1 დასრულდა. იქაც დიდი ამბები დატრიალდა. რომარიო მე-2 წუთზე გააძევეს! მე-10 წუთზე კი ჩილელი რაულ ორმენიოც მიაყოლეს. ბრაზილია მეორე ტაიმის დასაწყისში უგო გონსალესის ავტოგოლით დაწინაურდა, ბოლო წუთებზე კი ჩილელმა ივო ბასაიმ როგორ გაათანაბრა, ვიდეოდანაც ჩანს - ტაფარელს უცებ გამოგლიჯეს ბურთი, იქვე გაითამაშეს და შეაგდეს. მსაჯამ ხესუს პალასიომაც ჩათვალა.