მარადიული ქალაქის მარადიული მტრობა - რომაული დერბის ისტორია...

15 იანვარს, 11:45 წუთზე რომაული დერბია. შესაძლოა, ამ სტატიას მატჩის შემდეგ კითხულობთ, მაგრამ ამით არაფერი დაშავდება. ეს წერილი მარადიულ მტრობას ეძღვნება, ტიფოზებს ერთმანეთი მხოლოდ არსებობის გამო რომ სძულთ და... უყვართ.

 

რა არის სიძულვილის მიზეზი

 

1900 წელს ლაციო დაფუძნდა. მათ ფერებად ცისფერი და თეთრი აიღეს (იტალიური მეტსახელი - "ბიანკოჩელესტი" სწორედ ამ ფერებს აღნიშნავს) ბერძნული დროშის, ოლიმპიადის სიმბოლო.

 

არწივი, ქალაქის ერთერთი სიმბოლო, ლაციოს გერბს ამშვენებს. ლეგენდის მიხედვით, რომულუსი და რემუსი დიდ ხანს ბჭობდნენ ქალაქი სად დაეარსებინათ, რომოლუსს მშენებლობის დაწყება პალატინის ბორცვიდან სურდა, რემუსს კი რემორიასთან. მათ მოითათბირეს, რომ საკითხი ფრინველებზე მკითხაობით გადაეწყვიტათ, რომულუსის მხრიდან თორმეტი ძერა გამოფრინდა, რემუსის მხრიდან კი - ორჯერ ნაკლები. რემუსმა გადაწყვიტა, რომ ძმამ მოატყუა, ამის გამო, რომულუსის გათხრილ საზღვარზე ხტუნაობა და დაცინვა დაიწყო, რის გამოც ძმამ ძმის სისხლი დაღვარა. რომის საზღვარზე რემუსის სისხლია. ასე დაიწყო მარადიული ქალაქის მშენებლობა.

 

პირველი ოფიციალური მატჩი, ლაციომ 1902 წელს, ვირტუსის წინააღმდეგ გამართა. "ბიანკოჩელესტიმ" 3:0 მოიგო. 

 

სამხრეთის გუნდებმა, მათ შორის ლაციომ, 20-ან წლებამდე წარმატებას ვერ მიაღწია. 1927 წელს, ფაშისტური პარტიის ერთერთმა მაღალჩინოსანმა, იტალო ფოსკიმ, გადაწყვიტა რომში ძლიერი გუნდი ჩამოეყალიბებინა, რომელიც ჩრდილოელების დომინაციას ბოლოს მოუღებდა. ამ იდეას მხარი ბენიტო მუსოლინიმაც დაუჭირა.

 

ამ წამოწყების განსახორციელებლად, გადაწყდა, რომ 3 გუნდი: ფორტიტუდო-პრო რომა, რომანი და ალბა აუდაჩე გაერთიანებულიყვნენ, შედეგად კი რომა მივიღეთ. ახალმა კლუბმა წითელი და ყვითელი ფერები აირჩია, ისე, როგორც ამას რომაელი ლეგიონერი ატარებდნენ. მათ გერბზეც მარადიული ქალაქის კიდევ ერთი სიმბოლო - მგელი აღიბეჭდა. ლეგენდის თანახმად, რომულუსი და რემუსი სწორედ ძუ მგელმა გაზარდა. 

 

ლაციო რომ რომას არ შეერწყა და იდენტობა შეინარჩუნა, ეს გენერალი გორჯო ვაკაროს დამსახურებაა, რომელიც ბანკოჩელესტეს ვიცე-პრეზიდენტიც იყო.

 

რომში ორი გუნდი გაჩნდა, რომელიც ერთმანეთისგან ყველაფრით განსხვავდება და თავს "ერთადერთ, ნამდვილ რომაელად" მიიჩნევს. 

 

პირველი რომაული დერბი 1929 წლის 9 ოქტომბრით თარიღდება - მატჩი იტალიის ჩემპიონატის ეგიდით გაიმართა, რომელიც რომას გამარჯვებით (1:0) დასრულდა. ამის შემდეგ, მგლებმა არწივებთან კიდევ 6 თამაშის განმავლობაში არ წააგეს, 1032 წლამდე, სანამ ლაციომ 2:1 არ გაიმარჯვა. 

 

ისე მოხდა, რომ ოციანი წლების შუიდან, გუნდებს ერთადერთი საერთო - სტადიო ოლიმპიკო გაუჩნდათ. 

 

რომასა და ლაციოს გულშემატკივრების ურთიერთობას მეგობრული" არ შეიძლება უწოდო. მათი დაპირისპირებები ქალაქში ხშირია. დერბის დღეები რომის პოლიციას მონიშნული წითელი ფანქრით აქვს. 

 

მიუხედავად ამხელა მღელვარებისა, ტრაგიკული შემთხვევები მათი თამაშის დროს იშვიათია, თუმცა გამონაკლისები მაინც მოხდა. 

 

1979 წელს, დერბის დროს, რომას ტიფოზებმა პიროტექნიკა შეაპარეს, მათ შორის მინი რაკეტები. მატჩის მიმდინარეობისას, ერთერთი რაკეტა ლაციოს ტიფოზების სექტორისკენ წავიდა და ვინჩენზო პაპარელის სიცოცხლე შეიწირა. 

 

ამის შემდეგ ნამდვილი მტრობა დაიწყო. 

 

ორიათასიანი წლებისკენ, ლაციოს ძალიან მაგარი გუნდი ჰყავდა: პაველ ნედვედი, კრისტიან ვიერი, ალესანდრო ნესტა, დიეგო სიმეონე...

 

ბიანკოჩელესტეს მწვრთნელი შვედი სვენ-გორან ერიკსონი იყო. 1999 წელს, გუნდმა ევროპული ორი ტიტული მოიგო: თასების თასი და უეფას სუპერ თასი. გუნდმა გადაწყვიტა, რომ მწვრთნელისთვის ძეგლი დაედგათ. ეს განსაკუთრებული შემთხვევა იმიტომაც არის, რომ შვედი სპეციალისტი როგორც ლაციოს, ასევე რომას წვრთნიდა. მიზეზი მხოლოდ ევროპული წარმატება არ იყო, ამ წელს, ლაციომ რომა 4-ჯერ დაამარცხა - 2-ჯერ ჩემპიონატში და 2-ჯერ თასზე. 

 

ერთ დღეს, ლაციოს სამწვრთნელო შტაბმა სახლში იმ ბიჭის მონახულება გადაწყვიტა, ვისი ხილვაც მათ კლუბში სურდათ. პატარა ფეხბურთელი თანატოლებზე ბევრად მაგრად თამაშობდა. სახლის კარები მწვრთნელებს ბიჭუნას დედამ გაუღო და მისულთ წინადადებაზე ასე უპასუხა: "არ არსებობს. ჩვენ პატვსაცემი რომაული ოჯახი ვართ". დრო გავა და ბიჭი ამ გადაწყვეტილებას არ ინანებს. ეს პატარა ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტია. 

 

25 სეზონი, 786 მატჩი, 307 გოლი - ეს ყველაფერი რომას მაისურით. იმპერატორს დედაქალაქის დერბის რეკორდიც ეკუთვნის - 44 მატჩი და 11 გოლი. 

 

 

საინტერესოა, რომ ტოტის ცოლი, ილარი ბლაზი გულშემატკივრობს... ლაციოს. ყველა წესიდან გამონაკლისი არსებობს. სიძულვილიდან სიყვარულამდეც ერთი ნაბიჯია. 

 

2017 წელს, რომაული დერბის დროს, ლაციოს ულტრასებმა ბანერი გამოფინეს: "ცხოვრებაში მტრები სალამს უძღვნიან ფრანჩესკო ტოტის"


 

2013 წელს, რომა და ლაციო თასის ფინალში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრას დამატებით ინტრიგას ისიც სძენდა, რომ იტალიის ჩემპიონატი უკვე დასრულებული იყო და ევროთასებზე გამსვლელი საგზურის ბილეთი მოპოვებული არც ერთს ჰქონდა. ტიტულის გარდა, გამარჯვებული ევროპა ლიგაზეც ითამაშებდა. 

 

ეს თამაში ლაციომ მოიგო, ისტორიაში მეექვსედ, ერთადერთი გოლი კი ლულიჩმა გაიტანა

 

"წარმოუდგენელი საღამო იყო. გარშემო ყველა ტიროდა, არა მხოლოდ ქომაგები, არამედ თანაგუნდელები და გუნდის პერსონალი. მაშინ გავიგე ეს დერბი რეალურად რას ნიშნავს. ფინალის შემდეგ, ქუჩაში ხალხი მაჩერებდა და მარჯვენა - გოლის გამტან - ფეხზე მკოცნიდა," - თქვა ბოსნიელმა. 

 

დავაც არ არის, რომაული დერბი აპენინის ნახევარკუნძულზე ყველაზე დაძაბულია. ამ ორ გუნდს მხოლოდ ორი რამ აქვთ საერთო: სტადიონი და ერთმანეთისადმი სიძულვილი. 

 

საწყენია, რომ ტრიბუნაზე გულშემატკივრები არ იქნებიან. ალბათ, ფანები გამოსავალს მაინც იპოვნიან, რათა თამაშს ერთად უყურონ და მოწინააღმდეგეს გესლიანი სიტყვები გაუცვალონ. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მათ ხელს ვერ შეუშლით. კოვიდ 19-ის პანდემია დროებითია, რომასა და ლაციოს მტრობა კი - მარადიული.