უეინ რუნიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

უეინ რუნიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ლეგენდარული ინგლისელი დერბი ქაუნთის მწვრთნელი გახდა. რუნიმ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2023 წლამდეა გათვლილი. შეგახსენებთ, რომ აქამდე იგი გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი გახლდათ.

 

ინგლისელმა კარიერა ევერტონში დაიწყო, სადაც მანჩესტერის და პირადად სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღება მიიქცია და 2004 წელს მანკუნიანელებს შეუერთდა. რუნიმ იუნაიტედის რიგებში თითქმის ყველა ტიტული მოიგო. იგი პრემიერლიგის 5 გზის გამარჯვებულია და 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა. 35 წლის რუნი 253 გოლით მანჩესტერის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. 

 

იუნაიტედის შემდეგ უეინმა 1 სეზონი ევერტონში დაჰყო, 2018-20 წლებში კი D. C. იუნაიტედში ითამაშა, საიდანაც დერბის მიაშურა. 

 

რუნი ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიცაა. ეროვნული გუნდის მაისურით მან 53 ბურთი შეაგდო.