ფერგი: მადლობა ღმერთს, პენსიაზე ვარ და ასე ვუყურებ ლივერპულს

ფოტოზე კენი დალგლიში და სერ ალექს ფერგიუსონი არიან. ორივე შოტლანდიელი. პირველი ლივერპულის ლეგენდა, მეორე კი - მანჩესტერ იუნაიტედის ყველაფერი. დალგლიშიც წვრთნიდა წითლებს, მაგრამ გაცილებით უკეთ თამაშობდა. აი, ფერგი კი მაგარი ფეხბურთელი არ ყოფილა, მას ყველა დიდ სპეციალისტად იცნობს.

 

ეს ფოტოექსკურსია იყო, სხვა არაფერი. 17 იანვარს ლივერპული-მანჩესტერია: დიდი თამაში, თან ცხრილიდან გამომდინარე ხომ საერთოდ... იუნაიტედი ლიდერია და ლივერპულს სამი ქულით უსწრებს.

 

სერ ალექსის კომენტარი, რომელიც Goal.com-ზე გამოქვეყნდა:

 

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს დაპირისპირება სეზონის მშვენებაა. უფრო კონკრეტულად, ორ ყველაზე წარმატებულ ბრიტანულ კლუბზე ვსაუბრობთ. ეს ჩანს ტიტულებიდან. რეალურად, თუ მანჩესტერს რაიმეს მოგება სურს, ლივერპულს უნდა აჯობოს. სიტუაცია ისეთია, როგორიც აბერდინში მუშაობისას მქონდა: რეინჯერსი და სელტიკი უნდა დამემარცხებინა. ეს ურთულესი საქმე იყო, მაგრამ ფსიქოლოგიურად თავდაჯერებას მმატებდა.

 

...70-იან და 80-იან წლებში ლივერპულს ფენომენალური მიღწევები ჰქონდა. ეს რომ გამემეორებინა, ურთულესი გზა უნდა გამევლო. მოხერხდა, ფანტასტიკური პერიოდი გვქონდა.

 

...მადლობა ღმერთს, პენსიაზე ვარ და ასე ვუყურებ ლივერპულს ბოლო ორი წლის განმავლობაში. ფენომენალურები არიან. ამ კლუბს ყოველთვის ვაფასებდი და ვაფასებ“.