ჰარდენის 8 სეზონი (II ნაწილი)

ჯეიმსი დისციპლინაზე აცრილი იყო.

და, ეს არ შედის კრის პოლის გეგმებში. ეს არ შედის შემდგომში რასელ უესთბრუქის გეგმებში.

ჯეიმსის და ბიჭების ურთიერთობა მაგრად დაიძაბა.

და, მაინც, კრისის და ჯეიმსის ტანდემი ყველაზე ახლოს იყო ჯეკპოტთან. უკმაყოფილო ჰარდენმა და ტრავმირებულმა პოლმა ფავორიტ გოლდენ სტეიტთან სერიაში 3:2 წაიყვანეს. იმ რეგულარულში ჰიუსტონმა 65 მოგება დაირტყა, მოიგო რეგულარული და საკუთარი ტერიტორიის უპირატესობა ჰქონდა.

უბრალოდ, კრისის ტრავმამ დამარხა ჰიუსტონი. კრისის გარეშე ჰიუსტონმა ვერ გაქაჩა. კრისის გარეშე ჯეიმსმაც ვერ გაქაჩა. და, გოლდენ სტეიტმა მშვიდად დაშალა აღმოსავლეთი ფინალში.

ორი უკანახაზელი. ორი, ბურთზე შეყვარებული უკანახაზელი. და, ორივე ძალიან ახლოს კარიერის პიკთან, პირველ ჩემპიონობასთან. ერთი გაიტრავმა. მეორემ ვერ გაქაჩა.

ერთ-ერთი მიმომხილველის თქმით, ჰარდენი უარს ამბობდა ჰიუსტონის იმ კომბინაციებში მონაწილეობაზე, სადაც ბოლო სროლა მას არ ეკუთვნოდა. და, ასეთი კომბინაციები იყო. პოლის აკურატული უნარები ჰიუსტონს მეტ სიღრმეს აძლევდა. და, ეს არ მოსწონს ჯეიმსს. ჰარდენი დაიღალა კრისის საყვედურებით. ჰარდენი დაიღალა ბევრი ცუდი კომბინაციით.

და, ცუდ კომბინაციებში ჯეიმსი გულისხმობდა იმ შეტევებს, სადაც სხვა ისროდა, სადაც სხვა იყო პირველი ოფცია.

 

*****

 

ჯეიმსმა ჩაატარა გუნდური კრება, სადაც მაიკ დ’ანტონიმ მთელ გუნდს ახალი გეგმა აუხსნა - ყველა კომბინაციას იწყებს ჯეიმსი და ყველა კომბინაციაში ჯეიმსი რჩება სათადარიგო ოფციად. ჰარდენი გუნდის არაოფიცალური ბოსი გახდა.

ჯეიმსის იზოლაციებით გუნდი იღებდა შედეგს, მაგრამ გუნდი დაიღალა. და, მაინც - ჰარდენს ყველა თავს უხრიდა.

ჰარდენმა მოითხოვა პოლის გაცვლა. კრისი შეხვდა ჯეიმსს, დაელაპარაკა, მაგრამ ჯეიმსი არ ცვლის გადაწყვეტილებას - პოლი უნდა წავიდეს. ის ჰიუსტონში ზედმეტია.

და, წამოვიდა რასელ უესთბრუქის დამატების ვარიანტი. პოლი ეგრევე გაცვალეს. კრისთან ერთად ოკლაჰომამ მიიღო 2024 და 2026 წლების დრაფტის პირველი წრის არჩევანი. სოლიდური კომპენსაცია. ზედმეტად სოლიდურიც.

რასელი ვერ თამაშობდა ნომინალური ცენტრით და დ’ანტონიმ გადააწყო გუნდი. კიდევ ერთხელ გადააწყო. უესთბრუქი არ იყო უკმაყოფილო, მაგრამ ჰარდენის პერსონალური კომბინაციებით ის ნაკლებად ეხებოდა ბურთს. და, დ’ანტონიმ გადაწყვიტა - ყველა შეტევაში ჯეიმსი და რასი იღებენ უშუალო მონაწილეობას. მინიმუმამდე დაიყვანეს ის ეპიზოდები, როდესაც ხუთეულში ან ერთი, ან მეორე არ იდგა.

და, რასმა აკრიფა. მისტერ უესთბრუქი საშუალოდ 32.2 ქულას, 8.2 მოხსნას და 7.0 პას აგროვებს. ორი თვის განმავლობაში. და, რასმა სროლების 53.1 პროცენტი გამოიყენა. მკვლელი სტატისტიკა.

უბრალოდ, პანდემიის გამო სეზონი დაპაუზდა. და, დაპაუზდა რასელიც. ჯეიმსთან ერთად.

ოკლაჰომაში რასელი ჰარდენი იყო.

მაგრამ ჰიუსტონში ორი ჰარდენი ვერ ირბენდა. და, ჰარდენმა მწვრთნელებს რასელის როლის შემცირება დაავალა. ჰქონდეს ბურთი, მაგრამ ნაკლები იზოლაციებით, თქვა ჯეიმსმა. რასელის პრივილეგიები შეიცვალა. რასელი მიწაზე დაუშვეს.

მაიკ დ’ანტონი ვერ აკონტროლებდა გუნდს. არ იყო დისციპლინა. მოთამაშეები აგვიანებდნენ რეისებზე. და, ყველაზე ხშირად აგვიანებდა ჯეიმს ჰარდენი. რასელი ნერვებზე იყო. რასელი გაცვლას ითხოვდა.

და, ჯეიმსი ბედნიერია. ჰარდენმა დაალაგა სიტუაცია. სათავისოდ დაალაგა.

ჰიუსტონში ახალი, ერთი კაცის ერა გაიშალა. სადაც რასიც ზედმეტი იყო, გახდა.