გვარდიოლამ ფორვარდებს დაადგა თვალი - სიტიში 200 მილიონის დახარჯვას აპირებენ

ბრიტანელი ტაბლოიდების ცნობით, მანჩესტერ სიტი ზამთარში ფორვარდების დამატებას შეეცდება. ქალაქელთა სამიზნეები დორტმუნდის ახალგაზრდა ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი და ინტერის მეგოლე რომელუ ლუკაკუ არიან. ინფორმაცია The Thelegraph-მა გაავრცელა. ისიც დაიწერა, რომ ბრიტანული გუნდი ტრანსფერებში 200 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს. 

 

სიტი პრემიერლიგაში 32 ქულით მე-4 ადგილზეა და უახლოეს შეხვედრას დღეს კრისტალ პალასის წინააღმდეგ გამართავს. გვარდიოლას შეგირდები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გლადბახს შეხვდებიან. 

 

რაც შეეხებათ ქალაქელთა სასურველ ფეხბურთელებს, ჰოლანდი დორტმუნდში 2020 წლის დასაწყისში ლაიფციგიდან გადავიდა და ამ სეზონში 17 მატჩში 19 გოლი გაიტანა. ლუკაკუ ინტერის ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავს და ამ სეზონში 22 შეხვედრაში 17 ბურთი შეაგდო.