წადი

 

 

 

 

 

 

 

მოხდა ის, რაც არასოდეს მომხდარა - ლეო მესი ბარსელონას მაისურით კარიერაში პირველად გააძევეს. ეს ესპანეთის სუპერთასის ფინალის ბოლო წუთზე მოხდა, რომელშიც კატალონიელებმა ბილბაოს ატლეტიკთან დამატებით დროში 2:3 წააგეს.

ბარსა გრიზმანის დუბლით 2:1 იგებდა (ბასკთაგან გოლი დე მარკოსმა გაიტანა), 90-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა მუნიაინის პასით ვილიალიბრემ გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

დამატებითის დასაწყისშივე ოთხი ბარსელონელით გარშემორტყმულმა უილიამსმა საჯარიმოს ხაზიდან ცხრიანში ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც ბოლო აღმოჩნდა მატჩში. ბარსელონას კიდევ ჰქონდა დრო გასათანაბრებლად, მაგრამ კუმანის შეგირდები ბურთს აქეთ-იქით აგორებდნენ და მთელი დამატებითი 30 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს კარში. ბოლოსკენ კი მთლად საოცარი ამბავი მოხდა: სათამაშო ეპიზოდში მესიმ კეფაში მუშტი ჩაარტყა მეორე გოლის ავტორ ვილიალიბრეს. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ წითელი ბარათი აუფრიალა არგენტინელს. ეს გაძევება პირველი აღმოჩნდა ლეოს საკლუბო კარიერაში.

 

Lionel Messi Sent Off, Barcelona Skipper Shown First Red Card in Football  Club Career | Lionel Messi Red Card | Messi Sent off | Barcelona Team News

 

მესის 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება. ის ნაღდად გამოტოვებს ესპანეთის თასის მატჩს კორნელიასთან, თუ ბარსელონამ გაიმარჯვა, არგენტინელი კიდევ ერთ სათასო შეხვედრას დააკლდება. ასევე არ იქნება ელჩეთან და ატლეტიკოსთან ლა ლიგის მატჩებში. თუ ბარსელონა თასის გათამაშებიდან გავარდება, მაშინ ლეო პრიმერას სამ შეხვედრას გამოტოვებს. სუპერთასზე მიღებული დისკვალიფიკაცია ყველა შინაურ ტურნირზე ვრცელდება.

ახლა ჯერი სადისციპლინო კომიტეტზეა. თუ ჩათვლიან, რომ მესი უბურთოდ აგრესიულად მოექცა მოწინააღმდეგეს, შესაძლოა, დისკვალიფიკაცია 12 მატჩამდე გაიზარდოს.

საინტერესოა, რომ მესის ამ შეხვედრაში მონაწილეობა კთხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მცირე ტრავმა აწუხებდა და მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ამბობდა, თავად გადაწყვეტს ითამაშებს თუ არაო.

შემდეგ კი თქვა: „ვფიქრობ, საკმაო გამოცდილება აქვს, რომ გადაწყვიტოს მზად არის სათამაშოდ თუ არა. მატჩის წინ ველაპარაკე და მითხრა, კარგად ვარო.

გაძევება? მესმის მისი. ვერც კი დავითვალე რამდენჯერ ეუხეშნენ ლეოს მატჩის განმავლობაში. რაღაც მომენტში ვეღარ მოითმინა,“ - დასძინა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.

 

Lionel Messi Gets First-Ever Red Card as Athletic Bilbao Edge Barcelona in  Spanish Super Cup Final | Barcelona vs Athletic Bilbao | Football News

 

როგორც ვთქვით, საკლუბო კარიერაში ეს მესის პირველი გაძევება იყო. თუმცა, ეროვნულ გუნდში მანამდე მისთვის ორჯერ უჩვენებიათ წითელი ბარათი. ერთი შორეულ 2005 წელს უნგრეთთან ამხანაგურ შეხვედრაში. მეორე კი 2019 წლის კოპა ამერიკაზე, მესამე ადგილისთვის მატჩში ჩილეს წინააღმდეგ. თუმცა, ეს მეორე გაძევება ცოტა უცნაური იყო. პირველი ტაიმის ბოლოს მასსა და მეტოქე მენდელს შორის გაწევ-გამოწევა დაიწყო. მენდელმა სამჯერ უბიძგა ლეოს მკერდში. საპასუხოდ არგენტინელმაც ოდნავ ჰკრა ხელი მეტოქეს, მსაჯმა ორივე გააძევა.

მესი დარწმუნებული იყო, რომ ამავე ტურნირის ბაზილიასთან  ნახევარფინალში მსაჯების კრიტიკა არ აპატიეს და ამგვარად დასაჯეს.

საინტერესო გახლდათ მომხდარზე გულშემატკივართა რეაქცია სოციალურ ქსელში. ბევრს მიაჩნია, რომ არგენტინელის დღეები კატალონიურ კლუბში დათვლილია. მას წასვლა უნდა.

„ფანჯარა ღიაა ლეო, დატოვე ეს პატარა კლუბი, გთხოვ“ - წერს ერთი.

„მესიმ მშიერმა და სახიფათომ გაიღვიძა. ის საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებს“ - წერს მეორე.

„წადი“ - აღნიშნავს მესამე.

და კიდევ: „მან დაამთავრა,“ „მესისთან ერთადაც ვეღარ მოიგებთ ჩემპიონთა ლიგას“ და ა. შ.

 

p1es9836inl581cuevuo1kd11ab9b.jpg