... დღეს გვარდიოლას არავინ ელაპარაკება

 

 

 

 

 

 

 

18 იანვარს პეპ გვარდიოლა 50 წლის მოიყარა. აბა, მისი განსაკუთრებული წარდგენა ვის სჭირდება, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, საკლუბო დონეზე ყველაფერი მოუგია და ახლაც მისი მანჩესტერ სიტი პრემიერლიგაში დაკარგული ქულებით პირველ ადგილზეა.

მაგრამ სანაკრებო მიღწევები? ეროვნული გუნდი მას არასოდეს გაუწვრთნია, თამაშისას კი ესპანეთის ნაკრებთან ერთად საუკეთესო შედეგი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და ევრო 2000-ის მეოთხედფინალებში გასვლაა.

ერთადერთი სანაკრებო ჯილდო 1992 წლის ოლიმპიური ოქროა, რომელიც ბედის ირონიით  მშობლიურ ბარსელონაში მოიგო. სწორედ ამ მივიწყებულ ამბავზე გვინდა მოგითხროთ. მით უმეტეს, რომ ახლახან ესპანურ მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია: იმ ოქროს გუნიდან დღეს გვარდიოლას არცერთი წევრი ელაპარაკებაო. შესაძლოა, ეს მის პოლიტიკური შეხედულებების ბრალიც იყოს, პეპი ხომ კატალონიის დამოუკიდებლობის მგზნებარე მომხრეა. მაგრამ ამაზე ქვემოთ.

 

No description available.

 

დავბრუდეთ 92-ის ზაფხულში. ეს ხომ პირველი ოლიმპიადა იყო, რომელშიც საქართველომ მართალია გაერთიანებული გუნდთან ერთად, მაგრამ საქართველოს დროშით და ჰიმნით მიიღო მონაწილეობა.

ესპანელებსაც სოლიდური საფეხბურთო კრებული ჰავდათ. მწვრთნელი ვისენტე მიერა გახლდათ, 60-იანი წლების რეალის მცველი. გვარდიოლას გარდა კი გუნდში არა-ერთი მომავალი ვარსკვლავი ირიცხებოდა: ლუის ენრიკე, ფერერი, აბელარდო, კიკო, ამავისკა, ალფონსო...

კარგი გუნდი იყო, თუმცა ოლიმპიურ საფეხბურთო ტურნირს ბევრი ეჭვის თვალით უყურებს და ამაში არის სიმართლის მარცვალი. მაგალითად, ლეგენდარულმა ვალერი ლობანოვსკიმ, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 1988 წელს სეულში გაიმარჯვა (ჩვენგან იქ გელა კეტაშვილი თამაშობდა) ოლიმპიურს „პარიკმახერების ტურნირი“ უწოდა.

92-ში ჩემპიონები ესპანელები გახდნენ. ამ ტურნირამდე რამდენიმე თვით ადრე კი, გუნდის ორმა წევრმა უკვე იზეიმა დიდი გამარჯვება - იოჰან კრუიფის გაწვრთნილმა ბარსელონამ ჩემპიონთა თასი მოიპოვა. სხვებთან ერთად იქ გვარდიოლა და ჩაპი ფერერი თამაშობდნენ.

ცხადია, რომ პეპი იმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და გასახდელში გადამწყვეტი სიტყვაც ეთქმოდა. არცთუ სწრაფი, მაგრამ გონიერი  და კრეატიული ცენტრალური ნახევარმცველი ფურიას ყველა შეტევის დირიჟორი გახლდათ.

ჯგუფში იოლად დაამარცხეს კოლუმბიის, ეგვიპტესა და ყატარის ოლიმპიური გუნდები. მეოთხედფინალში კი იტალიის ნაკრებს შეხვდნენ, რომელსაც ჩეზარე მალდინი წვრთნიდა.

მასპინძლებმა კიკოს გოლით გაიმარჯვეს. შემდეგ იყო ნახევარფინალი განასთან (2:0, მეორე ბურთი პეპის გადაცემით აბელარდომ შეაგდო) და ფინალი პოლონელებთან, რომელიც მოულოდნელად ძალიან რთული აღმოჩნდა. კამპ ნოუზე 95 ათასი მაყურებელი შეიკრიბა და მხურვალედ ქომაგობდა მასპინძლებს, თუმცა ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. მხოლოდ დამატებით 30 წუთში შეძლეს მიერას შეგირდებმა გამარჯვება. გოლი ისევ კიკომ გაიტანა.

ეს ესპანელთა მეორე სანაკრებო ოქრო გახლდათ 28 წლის შემდეგ, მანამდე პირველი ევრო 64-ზე მოეპოვებინათ.

ამ ამბიდან ორი თვის შემდეგ გვარდიოლას დებიუტი უკვე ეროვნულ ნაკრებშიც შედგა ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ.

გვარდიოლასთვის ოლიმპიური ტურნირი კიდევ ერთი რამით იყო გამორჩეული. იქ მან მანუელ ესტიარტე გაიცნო, თანამემამულე წყალბურთელი, რომელიც შემდეგ მისი ყველაზე ახლო მეგობარი გახდა. ესტიარტეს წყლის მარადონას ეძახდნენ და მოგვიანებით კატალონიის მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენადაც დაასახელეს.

მეგობრებმა ერთმანეთი მემუარებშიც მოიხსენიეს. მაგალითად, პეპი წერდა: შენ ჩემი კეთილი ანგელოზი ხარო. ესტიარტე ძალიან დაეხმარა გვარდიოლას, როცა ის იტალიაში ყოფნისას დოპინგთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, თუმცა გაამართლეს.

 

No description available.

 

ახლახან ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა, რომელიც იმ ოლიმპიურ ნაკრებში სათადარიგო იყო, ერთ-ერთ ინტერვიუში პეპიც ახსენა: WhatsApp-ის ჩათში მაშინდელი გუნდის ყველა მოთამაშე ვართ გაერთიანებული გვარდიოლას გარდაო. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ პეპი ჩვენს შორის ყველაზე პოპულარულია და აღარ გვკადრულობსო (შემდეგ კანისარესმა დააკონკრეტა, ეს ხუმრობით ვთქვიო)..

ამას მედიაში არცთუ სასიამობნო გამოხმაურებები მოჰყვა. გვარდიოლამ კი ასევე იუმორით უპასუხა: მაპატიე კანისარეს. თქვენ არ მიგიწვევივართ ჩათში და ხომ არ დამესიზმრებოდა. პრობლემა ჩემში არ არისო.

პეპს მიაჩნია, რომ არმიწვევის პრობლემა მის პოლიტიკურ შეხედულებებს ეფუძნება, რომელსაც დანარჩენები არ ეთანხმებიან. ამასთან, პეპმა ძალიან თბილად გაიხსენა 92-ის ნაკრები და დასძინა - მართლაც გენიალური გუნდი გვყავდაო.

ჯერ 50 წლისაა, ამიტომ შერიგების დრო კიდევ იქნება...