"ჩემპიონების დედა"

პირველ რიგში, თქვენი ოჯახი გაგვაცანით, მოგვიყევით როგორ შეხვდნენ ილიას მშობლები ერთმანეთს .

აფხაზეთის ომის შემდეგ, როგორც დევნილს, ქალაქ რუსთავში მომიწია საცხოვრებლად გადასვლა. იქ გავიცანი ილიას და ალექსანდრეს მამა და ასე შეიქმნა ჩვენი ოჯახი. მალევე, მეუღლესთან , ორ ქალიშვილთან და ჩემს მშობლებთან ერთად, გერმანიაში გადავედით საცხოვრებლად და იქ დაიბადნენ ჩვენი ბიჭები . რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში არ ჩამოვსულვართ. აფხაზეთის ომში უახლოესი ადამიანები დავკარგე, საქართველო ჩემთვის დიდ ტკივილთან ასოცირდებოდა , ამიტომ მოხდა, რომ ილია პირველად 6 წლის ასაკში ჩამოვიდა საქართველოში.

 

ბიჭებმა ჭიდაობა სად და რა ასაკში დაიწყეს ?

ჯერ კიდევ გერმანიაში მივიყვანეთ ძიუდოზე. ილია 4 წლის იყო, ალექსანდრე - 5. ვფიქრობ, დაკვირვებული მშობელი ყველაზე უკეთ ამჩნევს თავისი შვილის მიდრეკილებებს და შესაძლებლობებს. ბიჭები გამუდმებით ჭიდაობდნენ სახლში და ეს არ იყო ჩხუბი, ეს იყო სანახაობა. 2003 წელს, რუსთავში დაბრუნების შემდეგ, კარატეზე მოინდომეს და ჩვენც შევუსრულეთ. საერთოდ, ყოველთვის ვითვალისწინებდით მათ სურვილებს და ვფიქრობ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. რუსთავში დარბაზი ჰქონდათ ძმებ ბიწაძეებს და მათთან მივიყვანეთ ბიჭები. ვარჯიშზე დიდ მონდომებას იჩენდნენ. მოგვიანებით მე და ჩემი მეუღლე ესპანეთში წამოვედით, ილია და ალექსანდრე კი კარატედან ჭიდაობაზე გადავიდნენ. იმ პერიოდში, საქართველოში , თუ კი რაიმე ტურნირი ტარდებოდა, ყველგან იღებდნენ მონაწილეობას და 2012 წელს ესპანეთში ჩამოსულებმა ძალიან ბევრი მედალი ჩამოგვიტანეს .

 

საქართველოში ბიჭებს ვინ უწევდათ მზრუნველობას თქვენი ესპანეთში ყოფნის პერიოდში ?

ჩვენ ძალიან დიდი და შეკრული ოჯახი ვართ. მყავს მშობლები და და, რომლებიც მათზე ზრუნავდნენ. ასევე ბიჭებს ყავთ ორი უფროსი და.

 

საქართველოში ყოფნის დროს მიაღწიეს საბრძოლო ხელოვნებაში პროფესიულ დონეს ?

ეხლა რასაც აკეთებენ, ეს ესპანეთში დაიწყო. რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ ბაზა საქართველოდან, თუმცა უშუალოდ ჯიუ-ჯიცუ გაგებულიც არ ჰქონდათ. ესპანეთში ჩამოსვლის შემდეგ , ვნერვიულობდი, ზედმეტად დიდი სტრესი არ ყოფილიყო მათთვის საქართველოს დატოვება. მშობლების გვერდით ყოფნა ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ საქართველოში დიდი ოჯახი, მეგობრები და სპორტი დატოვეს. ამიტომ, სულ ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა , რომ ბიჭებისთვის სპორტის ნაწილი მაინც შემევსო. შემთხვევით შევხვდი მამაკაცს, რომელსაც ყურები ჰქონდა დამტვრეული. ვკითხე, ხომ არ ჭიდაობდა და მან მითხრა ჯიუ-ჯიცუს დარბაზის შესახებ. ბიჭები თავიდან ყოყმანობდნენ , მაგრამ მამამ აუხსნა ამ სპორტის შესახებ და როგორც კი დარბაზში ფეხი შედგეს, იმ მომენტიდან მათი მეორე სახლი გახდა.

 

ესპანეთში ყოფნის დროს უშუალოდ ამ სტილში იბრძოდნენ ტურნირებზე ?

დიახ, ილია ევროპის ვიცე ჩემპიონია ჯიუ ჯიცუში. ასევე არნოლ ფაითერის გამარჯვებულიც. ძმებს შეთანხმება ჰქონდათ, რომ ფინალში ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ .

 

კრივის ცოდნა ვნახეთ როგორ გამოადგა ილიას ბოლო ბრძოლაში...

MMA-სთვის კრივი საჭირო იყო, ბიჭებს ბაზა არ ჰქონდათ, ამიტომ დარბაზმა მოიყვანა მწვრთელი, თუმცა ბავშვობიდან ერთმანეთისთვის ყველაზე კარგი სპარინგ პარტნიორები თვითონ იყვნენ. ჩემთვის , როგორც დედისთვის, ძალიან რთული იყო ამის ყურება, თუმცა ერთმანეთისთვის ყველაზე კომფორტულები ძმები იყვნენ .

 

უკვე აღნიშნეთ, რომ ბავშვობიდან შესამჩნევი იყო ილიას მიდრეკილება საბრძოლო ხელოვნებისკენ , მაგრამ გახსოვთ, კონკრეტული მომენტი, ან ბრძოლის შედეგი , რამაც გაფიქრებინათ, რომ არ შემცდარხართ?

კიდევ აღვნიშნავ, რომ მშობელი ფსიქოლოგიც უნდა იყოს შვილისთვის. ილია კარგად სწავლობდა, ემოციური ბავშვი იყო და ლექსებსაც წერდა. მე , როგორც დედას, რა თქმა უნდა, მინდოდა სხვა გზა აერჩია, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ამ მბრძოლისთვის იყო დაბადებული. თუმცა, ინტელექტი და პრობლემის გადაჭრის სისხარტე , ამ სპორტშიც არანაკლებ მნიშვნელოვანია... ასეა, და ვფიქრობ გაამართლა ამ ყველაფერმა.

 

ილიას შრომისმოყვარეობაზე და ზოგადად შრომის ეთიკაზე რას გვეტყვით ?

ილია არის თავდაუზოგავი შრომაში. მე რომ, მასთან პრობლემა მქონოდა ვარჯიშის დისციპლინასთან დაკავშირებით, მას რომ ძალდატანება დასჭირვებოდა დილით ადგომაზე და ასე შემდეგ, ალბათ მეც დავიღლებოდი და აქამდე ვერ მოვიდოდით, მაგრამ ის ძაალიან შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი ადამიანია და როდესაც გგონია, რომ მორჩა, მეტი ძალა აღარ აქვს და ფიქრობ რომ შეიძლება დანებდეს და უარია თქვას, სწორედ მაშინ ეხსნება მეორე კარდიო. არის მასში შინაგანი ნიჭი სპორტის და ეს ყველაფერი თავიდანვე მაფიქრებინებდა , რომ ილია წარმატებას მიაღწევდა.

 

ილია ეხლა 65კგ-ში ასპარეზობს, თუმცა მისი პროპორციებიდან გამომდინარე არსებობდა 60კგ-ში გამოსვლის პოტენციალიც. მან არჩია უარი ეთქვა ამ წვალებაზე, როგოც თავად აღნიშნა, უნდა, რომ ბრძოლის პროფესიონალი იყოს და არა წონის კლების სპეციალისტი . ვიცი, რომ ჩართული ხართ ამ პროცესებში, რას გვეტყვით?

ილიას ვარჯიში, წონის კლება, თუ სხვა სირთულეები , მხოლოდ მასზე არ არის, ამაში ჩართული ვართ მთელი ოჯახი. მისი წონის კლების პროცესი არის საშინლად სტრესული და დეპრესიულია არა მარტო მისთვის, არამედ დანარჩენებისთვისაც. მე ნანახი მაქვს, როგორ ლოცულობდა ჩემი შვილი ამ პროცესში, რას უძლებდა და ვუთხარი , რომ არაფერი ღირდა ამად. ძალიან რთულად იკლებს, ფაქტიურად შეუძლებელია. იმიტომ, რომ ესეა მოწყობილი მისი ორგანიზმი, ესეთია მისი მეტაბოლიზმი. თანაც, ყოველი წონის კლება და შემდეგ ამ წონის აღდგენა მოკლე დროში ჯანმრთელობის დაზიანებასთან არის დაკავშირებული.საშინელებაა ამის ყურება.

 

65კგ-ში გამოსასვლელად რამდენი კგ-ის დაკლება უწევს ?

ან წონისთვის თითქმის 15 კგ-ს იკლებს . ილია ძალიან კარგად იკვებება, სპორტსმენისთვის სწორ კვებას ვგულისხმობ. ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ ესეთია მისი ორგანისზმი და წონა ...

 

ილია, საკმაოდ თამამად აფიქსირებს ჰაბიბთან ბრძოლის სურვილს. რა თქმა უნდა, იაზრებს გამოცდილების მნიშვნელობას, თუმცა განწყობა ისეთი აქვს, რომ დღესვე დაუპირისპირებოდა ნებისმიერ ვარსკვლავს. ოჯახში თუ გსმენიათ გამორჩეულად ვისთან უნდოდა ბრძოლა ?

არ მგონია, რომელიმე ოპერის მომღერალმა უარი თქვას ლასკალაში გამოსვლაზე. სპორტშიც ასეა და ეს კარგი ამბიციაა. თუ შენ მოწინააღმდეგედ ის არ დაასეხელე, ვინც საუკეთესოდ მიგაჩნია, ესეიგი, რაღაცას სწორად არ აკეთებ. ჩვენ ძალიან დიდი პატივისცემით ვართ განწყობილი ჰაბიბის, როგორც სპორტსმენის და პიროვნების მიმართ. ილია ამბობს : „ კი, ის ყველაზე მაგარია და მე მასთან ბრძოლა მინდა ! „

 

ალექსანდრეზეც გვითხარით, რამდენ ხანში განაახლებს კარიერას და როდის ვიხილავთ მას UFC- ში?

როგორც წესი, ჩვენ ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს და ამ გეგმას მივყვებით. ალექსანდრეს შემთხვევაშიც, თუ ხელი არაფერმა შეგვიშალა და ყველაფერი ისე წავიდა , როგორც ჩაფიქრებული აქვს, გაზაფხულზე შეძლებს დაბრუნებას და წელიწადნახევარში UFC-შიც იხილავთ და მე გპირდებით, რომ არანაკლებ საინტესესო და სანახაობრივ ბრძოლებს განახებთ ალექსანდრე.

 

და ბოლოს, სრული გულწრფელობით რომ გვითხრათ, გჯერათ, რომ ილია UFC-ს ჩემპიონი გახდება ?

ჩემი შვილი ჩემპიონი გახდება! ამის რომ არ მჯეროდეს, ამდენ რესუსრს არ ჩავდებდით ამაში. ილიას ზურგს მისი დიდი ოჯახი უმაგრებს, რომელსაც მისი ჩემპიონობის რწმენა აქვს ასევე. 28 წელია 5 დეკემბერს ჩვენ ოჯახში არავის გაუღიმია, ამ დღეს ჩემი ძმა შეეწირა აფხაზეთის ომს. ილიამ ეს შეძლო და უდიდესი ბედნიერება გვაჩუქა ამ დღეს თავისი გამარჯვებით. რა თქმა უნდა, ყველაფერი ღმერთის ნებაა, თუმცა ადამიანი თანამონაწილეა თავისი ბედის, ამიტომ ვიცი, ილია ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონობისთვის.