ქართველები დაავიწყდა

 

 

 

 

 

 

ოლეგ ბლოხინი დიდი ფეხბურთელი იყო, კიევის დინამოში თამაშობდა. 1975 წელს, ბლოხინმა ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთი“ მოიგო — ევროპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ბლოხინი თავდამსხმელი იყო, მაშინდელი საზომებით, 06-ზე უფრო სწრაფად დარბოდა. 06 კი იყო იმ დროისთვის არანორმალურად ჩქარი საბჭოთა მანქანა. მძიმე ავტომობილებს ნაჩვევი ხალხი ვერ იმორჩილებდა და იმტვრეოდა.

ძალიან სწრაფი იყო ბლოხინი და თან ტექნიკური — 06-ვით რომ გავარდებოდა, ბურთსაც კარგად აკონტროლებდა. გოლები ბლომად გაჰქნდა. და, როგორც ჩანს, მეტისმეტად ჯანმრთელი კაციც ბრძანდებოდა, რადგან ვალერი ლობანოვსკის ხელში ორ თაობას გაუძლო. ლობანოვსკი ის მწვრთნელი იყო, რომელიც ფეხბურთელების ჯგუფს აიყვანდა, სიქას გააცლიდა, ლიმონივით გამოწურავდა და პენსიაზე გაუშვებდა. მასთან ორი თაობის გაძლებას სპეცორგანიზმი სჭირდებოდა.

 

200 goal of Oleg Blokhin

 

ჰოდა, იმ დღეს, YouTube-ზე ბლოხინის ინტერვიუს წავაწყდი. ძველი ინტერვიუ იყო, 2010 წლის. ცნობილი უკრაინელი ტელეჟურნალისტი დმიტრი გორდონი ელაპარაკებოდა. არ დაგიმალავთ და ჩემთვის, როგორც ძველი გულშემატკივრისთვის, საინტერესო საუბარი გამოდგა. მეტ-ნაკლებად, ბლოხინის პიროვნება დავინახე; რაღაც ამბებიც გავიგე; ისიც მენიშნა, რომ კიეველთა დიდი გუნდიდან თურმე არავისთან მეგობრობს — სადმე ფეხბურთის ფედერაციაში ან ვეტერანების თავყრილობაზე თუ შევხვდებითო; — მოვისმინე, რომ ლობანოვსკის ვარჯიშიდან დაბრუნებული, ბევრჯერ სახლში შესულა, სავარძელზე ქურთუკიანად ჩამომჯდარა და ჩასძინებია; ისიც სახალისო იყო, პირველად ვოლგა რომ მომცეს, მესამე სიჩქარიდან ვცდილობდი დაძვრასო და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მეტად ერთი რაღაც მომხვდა ჯერ გულზე, მერე კი, იქიდან, გონებაში ავიდა და ჩამებღაუჭა.

ვუსმენ-ვუსმენ ამ ინტერვიუს და ვხედავ, ეს კაცი ყველაფერზე ლაპარაკობს — ლობანოვსკიზე, თანაგუნდელებზე, ბაიერნისთვის სუპერთასის მოგებაზე, თასების თასის ორჯერ მოპოვებაზე, ფრანს ფუტბოლის ჯილდოზე (ოქროსია თუ არა), მოსკოვის სპარტაკთან ქიშპობაზე, შვილზე, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, ახალ ოჯახზე, მთისაზე და ბარისაზე, ამ ჩვენს თბილისის დინამოს კი არ ახსენებს.

თავიდან მეწყინა, იმიტომ, რომ თუ საბჭოთა ფეხბურთზე ლაპარაკობ, იქ თბილისის დინამო აუცილებლად უნდა ახსენო. ეხუმრები? საბჭოთა ფეხბურთს საერთაშორისო წარმატება ორად ორმა გუნდმა მოუტანა — კიევის დინამომ და თბილისის დინამომ. არანაირი სპარტაკი სსრკ-ს საზღვრებს გარეთ არ გაფხაჭუნებულა. მანამდე, 1972 წელს, მოსკოვის დინამომ რეინჯერსთან თასების თასის ფინალი წააგო და სულ ეს იყო. ცხადია,  კიეველების შედეგი თბილისელებისაზე გაცილებით მეტია (ორჯერ მოიგეს თასების თასი და ერთხელ ევროპის სუპერთასი), მაგრამ ამას ხომ არავინ უარყოფს. უბრალოდ, გამიკვირდა, საბჭოთა ვარსკვლავმა საბჭოთა ფეხბურთზე ლაპარაკისას როგორ მოახერხა, რომ თბილისის დინამო არ ახსენა.

 

FRITZ THE FLOOD: Oleg Blokhin farewell match 1989 USSR Rest of the World

 

ტიტულები იქით იყოს და, მისი პერიოდის ნაკრები სულ ქართველი ფეხბურთელებით იყო სავსე. ანუ, ბლოხინს ბევრი ქართველი თანაგუნდელი ჰყოლია. მსოფლიოს ჩემპიონატებზე და ოლიმპიადაზე იყვნენ ერთად. ის კი არა, კაპიტანი ჰყავდა ქართველი, ალექსანდრე ჩივაძე. მისი ბრწყინვალების პერიოდში, ქართველი ფეხბურთელები საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო მოთამაშეები ხდებოდნენ (დავით ყიფიანი, ორჯერ რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე) და როგორ შეიძლებოდა, ორნაწილიან თუ ორსაათიან  ინტერვიუში ეს ხალხი ერთხელაც არ გახსენებოდა?! რა, სიტყვამ არ მოიტანა? ასეთი რამ წარმოუდგენელია. კულინარიულ დუელში ხომ არ მონაწილეობდა, ფეხბურთზე ლაპარაკობდა, დალოცვილი.

მაგრამ, უცებ წყენამ გამიარა, იმიტომ, რომ მივხვდი: რუსული წარმოშობის უკრაინელი ვარსკვლავი თავის სამყაროზე ლაპარაკობდა. საქართველოსთვის კი, ზუსტად ისე, როგორც ყველაფერი საბჭოური, საბჭოთა ფეხბურთის სტილიც უცხო და თავსმოხვეული იყო.

ასეა, ქართველები სლავური მენტალიტეტისგან და კულტურისგან მკვეთრად განსხვავებული ხალხი ვართ. ამის დასტური გახლავთ თუნდაც ის, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელებს მძაფრად ქართული სტილის ფეხბურთელების გუნდთან შერწყმა უჭირდათ. ისინი, ვისზეც თბილისში ტრიბუნები გიჟდებოდა, მათ არ უყვარდათ: მიხეილ მესხი, ვლადიმერ გუცაევი, რატომღაც დავით ყიფიანი… ინდივიდუალისტები არიანო. უნივერსლიზმი აკლიათო. ჩვენი გული სხვას ითხოვდა, მათი - სხვას. ჩვენ სხვა რამეზე ვფიქრობდით, ისინი - სხვაზე. ჩვენი შოუ სხვა იყო, მათი - სხვა.

და ალბათ, ბლოხინს ამიტომაც არ გაახსენდა თუნდაც ერთი რამ, რაც თბილისის დინამოსთან იქნებოდა დაკავშირებული. ის უბრალოდ სხვა კულტურის კაცია და იმაზე ლაპარაკობდა, რაც მასთან უფრო ახლოს იყო.

მოკლედ, მთელი 70 წელიწადი სხვაგან გაგვატარებინეს. და განა მარტო 70 წელიწადი?

 

Dynamo Kiev 3 At. Madrid 0 in May 1986 in Bordeaux. Oleg Blokhin on the  ball in the European Cup Winners Cup Final. | Cup final, European cup, Oleh  blokhin

 

ბოლოს კი იმას ვიტყვი, რომ ჩემს მიერ YouTube-ზე ნანახ 2010 წლის ინტერვიუსთან, უკრაინაში რუსეთის 2014 წლის შეჭრას არაფერი აქვს საერთო.

დღეს როგორ ინტერვიუს მისცემდა ბლოხინი? მე რა ვიცი. და ამას არც აქვს მნიშვნელობა. მის პოლიტიკურ შეხედულებებს ინტერნეტში ძებნას არ დავუწყებ.  რამეს კი არ ვერჩი, პირიქით, ვამბობ რომ ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო.