ლეიკერსი ჯერ ბოსია

ბრუკლინის საოცარი ტრიო შეტევაში საოცრად გამოიყურება.

კლიპერსის ლიდერი მეორე ვარსკვლავის აზრზე მოყვანას ცდილობს.

მილუოკიში უკვე მოწყენილ კალათბურთს თამაშობენ.

და, სხვები მაგრად უკან ზიან.

და, საუკეთესო გუნდი არის ის, რომელიც შარშანაც საუკეთესო იყო.

ლებრონ ჯეიმსის ლეიკერსი.

ხელშეუხებელი ფავორიტი, რომელიც ჯერ არ იძაბება. რომელიც ჯერ ერთობა. ფლეი ოფში ეს გუნდი ცულით, სამართებლით და ჯეისონ უორჰიზის ნიღბით დაიწყებს ნადირობას. და, წამოიღებს.

ლებრონი ჯერ აკვირდება. იმახსოვრებს ყველა მონდომებულ და მთქმელ გუნდს. ლებრონი ჯერ სეირნობს და ეს საშინელი კაცი ფლეი ოფში ძუნძულის რეჟიმს ჩართავს. თუ ეს საკმარისი იქნება ჩემპიონობის შენარჩუნებისთვის, ლებრონი საერთოდ არ გაიქცევა. აზრი?

ენტონი დევისი ამ სეზონში (შარშანაც) საუკეთესო დამცველი იყო და დევისმა ლებრონისგან ეკონომ კალათბურთის თამაში ისწავლა. რატომ უნდა დავიძაბო, როდესაც ისედაც ვიგებ? და, ის იგებს.

ლეიკერსმა (უკვე) ტიტულოვანი ვეტერანები უფრო ახალგაზრდა და მშიერ ტიპებში გაცვალა და ეს გუნდი შარშანდელზე სწრაფი და მოტივირებულია. ცუდი ამბავი სხვებისთვის. ლეიკერსი არ არის კმაყოფილი. ლეიკერსი არ აპირებს ლებრონისთვის მხოლოდ ერთი ბეჭდის მირთმევას.

ლეიკერსი მანქანაა და ამ სეზონის დანარჩენი ფავორიტები ამ გუნდთან ახლოს ვერ მიდიან.

მარკ გასოლის დაცვა. დენის შრიოდერის ლაზერული შესვლები. მონტრეზლ ჰარელის შელახული თავმოყვარეობა კლიპერსში - ლებრონი ამ ფაქტორებს საჩემპიონოდ გამოიყენებს.

დანარჩენები კი, როგორც მოგახსენეთ, პატივცემულო მკითხველო, ჯერ ძალიან უკან ზიან.

ეს ლებრონის ლიგაა. არ დაგავიწყდეთ.