უბრუნებელი წერტილი

 

 

 

 

 

 

 

ყველა ამაზე ლაპარაკობს და მეც ამაზე მინდა ლაპარაკი, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდებით 25 მარტს, მით უფრო ვიბნევი. აღარ ვიცი რა ვთქვა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელზე მოგახსენებთ. 25 მარტს ნაკრები უკვე შვედეთში თამაშობს.

ახლა რომ დღეში ვართ, იმას ცაიტნოტიც აღარ ჰქვია. ვშიშობ, ეგრეთწოდებულ უბრუნებელ წერტილსაც ხომ არ გავცდით. ყველამ კარგად ვიცით ეს უბრუნებელი წერტილი რაც არის, მაგრამ მაინც ვთქვათ: ეს არის მომენტი, რომლის მერეც მოსახდენი აუცილებლად მოხდება; მისი თავიდან აცილება შეუძლებელია. მაგალითად, თუკი მანქანა კედლისკენ ამა და ამ სიჩქარით მიქრის, დაჯახების თავიდან არიდება რომელიღაც წერტილამდე შეიძლება, მუხრუჭი უშველის, იმ წერტილის მერე კი მორჩა, შეტაკება გარდაუვალია.

ჰოდა, ეჭვი მაქვს, რომ 24 მარტს მწვრთნელად აღარავინ წამოგვყვება, არც ქართველი და არც უცხოელი. უბრუნებელ წერტილს გაცდენილები ვიქნებით. მხოლოდ თაღლითი თუ წამოვა, ფულის ჩაჯიბვის მიზნით, მაგრამ თაღლითი სხვაა, მწვრთნელი - სხვა. ჩვენ აქამდე მწვრთნელზე ვლაპარაკობდით, მწვრთნელის დანიშვნას ვეშურებოდით, ხომ მართალია?

 

სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა - popsport

 

და არც 23 მარტს წამოვა ვინმე. არც 22 მარტს. და მთელი ბლოგი ასე, თითო დღის დაკლებას რომ არ მივუძღვნათ, პირდაპირ ვიკითხოთ: უკვე ხომ არ გავცდით უბრუნებელ წერტილს?

ვიმეორებ, ადრე თუ გვიან საქართველოს ნაკრების მწვრთნელად ვიღაცას, ცოცხალ ადამიანს რომ დანიშნავენ, ეს გასაგებია (მთლად უმწვრთნელოდ ამ ეტაპზე ალბათ არ დავრჩებით), მაგრამ ქართველები ამბიციური ხალხი ვართ და გვინდა, ჩვენი ნაკრების თავკაცი გარდა იმისა, რომ ადამიანი იქნება, სხვა კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებდეს.

რასაკვირველია, თეორიულად სრულიად დასაშვებია, რომ სანამ მე ამ სიტყვებს ვწერ, ფეხბურთის ფედერაციამ ახალი მწვრთნელის ვინაობა დაასახელოს, მაგრამ ვაი ჩვენ, თუკი ის მხოლოდ იმიტომ იქნება შერჩეული, რომ სხვა გზა აღარ იყო.

გულწრფელად გამკვირვებია, რატომ უშვებენ ეგრეთწოდებული პასუხისმგებელი პირები ერთსა და იმავე შეცდომას. ილაპარაკე, რა. ნუ იკეტები. შევარდნაძეს ქვეყანა თავზე რომ ენგრეოდა, ორშაბათის ინტერვიუ შემოიღო და კვირაში ერთხელ მთელი საქართველო რადიოს იყო მიყურადებული. ბევრ რამეს მართალს ამბობდა პრეზიდენტი, ბევრსაც ალბათ… მაგრამ ხალხი უსმენდა და არ იმუხტებოდა. ნუ, იმ პერიოდში, ყოველ შემთხვევაში. ვისაც უნდა ნუ დამეთანხმება, მაგრამ როდესაც რაღაც სფერო ან სულაც მთელი ქვეყანა გაბარია და ხალხს მტკივნეულ საკითხებზე ელაპარაკები, გისმენენ, შენთან ერთად მსჯელობენ. კი, გლანძღავენ კიდეც, მაგრამ კიდეც გაქებენ, ხოლო როდესაც იკეტები და ჩუმდები, ათასი ეჭვი ჩნდება და ადამიანები იქუფრებიან. ამის მაგალითები იყო.

ამასწინათ, არგენტინელი სერხიო ბატისტა ამბობდა, „მზად ვარ ჩამოვიდე საქართველოში და ეროვნული ნაკრები მაღალი დონის შემტევ, სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვაყალიბო“-ო. კარგი, რა სერხიო. მარადონას თანაგუნდელი რომ იყავი ეს კარგია, მაგრამ აგერ, მარტში, შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან არის სათამაშო და შენ იანვრის ბოლოს არგენტინიდან ცდილობ დაგვაჯერო, რომ „საქართველო რთულ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია“? ეს, ვიღაც აქ მცხოვრებ კაცს რომ ეთქვა, კიდევ ჰო, ბოლოს და ბოლოს ერთხელაც მოვიტყუებდით თავს, მაგრამ, შენ, ბევრი ზღვისა და დიდი ოკეანის გადაღმიდან რა იცი?

ჰოდა, ძალიან ვშიშობ, რომ უბრუნებელი წერტილი თუ გავლილი არ გვაქვს, ახლოს არის. და არ მინდა, რომ კრიზისი, რომელიც ქართულ ფეხბურთში არსებობს, გამოუვალ მდგომარეობაში გადაიზარდოს. მაგრამ, რაც უფრო ახლოვდება 25 მარტი, პირადად მე  მით უფრო ვიბნევი.

 

ფეხბურთის ფედერაცია ახალ პროექტს იწყებს

 

და ალბათ, რაც უფრო იზრდება პატური მდგომარეობის ალბათობა, მით უფრო ლოგიკურია, რომ ნაკრების თავკაცობა რომელიმე ქართველს შერჩება. იმიტომ კი არა, რომ ის საუკეთესო ვარიანტი იყო, არამედ იმიტომ, რომ ბოლოწამს გაიარა ფეხბურთის ფედერაციასთან.

თუმცა, ამ ვარიანტისგან ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენც და ის ქართველიც.

P.S. ბლოგი დაწერილი იყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ფედერაციაში დროებითი მწვრთნელის შესახებ ფიქრობენ. ეს, სავარაუდოდ, სწორედ ბოლოწამს შენობასთან ჩავლილი კაცის ნააირსახეობაა.