კოლინ ბელი და სხვა დიადები

 

 

 

 

 

ახალი წლის პირველსავე თვეს გარდაიცვალა მანჩესტერ სიტის ოდინდელი ვარსკვლავი კოლინ ბელი.

ის სამოცდათოთხმეტი წლისა იყო.

იმის ფონზე, რომ გასულ შემოდგომას ამა სოფელსა განეშორა დიეგო არმანდო მარადონა, მალევე კი, ყველასთვის საყვარელი პაოლო როსი და  კიდევ, ფეხბურთის რამოდენიმე გამორჩეული მოღვაწე, კოლინ ბელის წასვლა შიდაბრიტანულ წუხილად რჩება, რადგან მიუხედავად ამოტოლა გლობალიზაციისა, რომლის ერთ-ერთი პიონერიც მსოფლიოში სწორედ ბრიტანული კომერციული ფეხბურთი იყო, არიან დიდი მოთმაშეები, რომელთა სახელიც მხოლოდ შინ იციან და უფრო კი იმის გამო, რომ  ამ ორმოცდაათი-სამოცი წლის წინათ ფეხბურთი არ იყო ისეთი, რომ ბრიტანეთის შინაური თავისებურებები და იმას მიმატებული იქაური მედია, საერთაშორისო რამეს გასწვდომოდა და  მსოფლიოსთვის იოლად გასაგები გამხდარიყო. მითუმეტეს, ერთგვარად ჩაკეტილი ბრიტანეთის ცხოვრების გათვალისწინებით, სადაც, მიუხედავად სალაპარაკოდ გამხდარი, შინ, 1966 წელს ინგლისელთა მიერ მოგებული მსოფლიო თასისა, ფეხბურთი მაინც საშინაო და მხოლოდ მერე კი, საერთაშორისო საქმედ რჩებოდა.

 

Man City plan special Colin Bell shirt tribute for Manchester United  semi-final - Manchester Evening News

 

ბელი თამაშობდა დროებაში, როცა ფეხბურთის მეფე იყო პელე, ახალი ფეხბურთის მოციქულად ყალიბდებოდა და ჩამოყალიბდა იოჰან კურიფი, ხოლო ბრტანეთიდან მსოფლიოს აინტერესებდა „მეხუთე ბიტლი“ ჯორჯ ბესტი და კინკირხოზე თმაწამოფარებული დიადი მოთამაშე, ბობი ჩარლტონი, ყოველივე ინგლისურის განსახიერება ცხოვრებშიც და მოედანზეც.

ესენი, ორივენი, მანჩესტერ იუნაიტედის ლიდერები იყვნენ, იმ გუნდისა, რომელიც მიუნხენის ავიაკატასტროფის შემდეგ ფერფლიდან აღადგინა განთქმულმა სქოთმა, მატ ბასბიმ და რამდენიმე შიდა ჩემპიონობის კვლად ისიც მოახერხა, რომ ეს იუნაიტედი პირველი ინგლისური  და მეორე ბრიტანული გუნდი გახადა, ევროპის ჩემპიონთა თასი რომ მოიგო.



მსოფლიო იუნაიტედის, ბესტის, ფინალში ეუსებიოს  დამარცხების, ბრაიან კიდის ორი გოლის  შესახებ ლაპარაკობდა, მაგრამ იმ წელიწადს ინგლისის ჩემპიონი მანჩესტერის იუნაიტედი კი არა, ამავე ქალაქის სიტი გახდა, რომელმაც მართლა დიად გუნდს ტიტული გამოგლიჯა და იმ საქმეში მთავარი გმირები იყვნენ კოლინ ბელი, მაიკ სამერბი და ფრენსის-ფრენი ლი.  

ფრენსის ლი ქართველებმა კარგად ვიცით: ის კაცია, გიო ქინქლაძე რომ იყიდა სიტისთვის და ის სიხარული კი  გვაჩუქა ოთხმოცდაათიანებში, რაც ქინქის გოლების მოლოდინი იყო. ლი მაშინ სიტის თავმჯდომარედ აირჩიეს, მან კი მენჯერედ  ალან ბოლი მოიყვანა, მაგარი კაცი და პელეს შემდეგ ყველაზე ახალგზრდა მსოფლიო ჩემპიონი. ვიკიპედიას შემორჩა, რასაც მაშინ ლი ამბობდა:“ეს იქნება სამყაროს უბედნიერესი გუნდი. მოთამაშეებს საუკეთესოდ გადაუხდიან, ისინი ბევრ შამპანურს დალევენ და ხმის ჩახლეჩამდე იმღერებენ გამარჯვების აღსანიშნავად.“ ლის და ბოლის  ამბავი სიტისთვის ცუდად დამთავრდა: გუნდი პრემიერლიგდან გავარდა. მათთან ერთად კი ჩვენი ქინქლაძეც, ამ ოცდახუთი, თუ მეტი წლის წინათ. ისე გამოვიდა, რომ ქინქიმ  სიტის არ უღლატა და ლიგებში დაბლა ჩაჰყვა. ეს ძალიან დაფასდა. დღემდე, სიტის გულშემატკივრები, რომლებიც მაშინ გვარდიოლებით, სილვებით, მარადონას ყოფილი სიძეებით, კომპანის უტეხი სულით და საერთოდ გამარჯვებებით  არ იყვნენ განებივრებულები, არამედ, ქინქის მაგიას და უვე როსლერის გოლებს ელოდნენ.

 

NEW COLIN Bell Manchester city Signed And Framed Football Photograph -  £29.99 | PicClick UK

 

იმ დროის სიტის სქელყდიანი ალბომის ყდაზე მთავარი ფოტო სწორედ ქინქალძისა იყო და იმის მიუხედვად, რომ სიტი გავარდა, მასზე არავის

უეჭვიანია. მითუმეტეს, რომ მოხდა სასწაული: პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ჩემპიონ მანჩესტერ იუნაიტედის ლიდერი, ერიკ კანტონა აღიარეს, მეორე ადგილზე კი გავარდნილი გუნდის ვარსკვლავი, ქინქლაძე გამოვიდა.

რახან როსლერის სახელიც გაკრთა, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ეს გდრ-ელი კაცი ვერასდროს ამაღლდა საერთო გერმანიის ნაკრებამდე, მაგრამ სიტიში კი კვალი დატოვა და მისთვისაც სიტი სამუდამო სიყვარული გამოდგა.  ლაიფციგის შემოგარენში გაზრდილი და აღმოსავლეთ გერმანიის კლუბებსა და ნაკრებში ნათამაშები თავდამსხმელი ქინქის დროს იყო სიტიში და მეინ როუდის ხალხი, მას დიდად აფასებდა. არაპოლიტკორექტული ხუმრობებიც კი ისმოდა: როსლერის მამა მეორე მსოფლიო ომის დროს ოლდ ტრეფორდს ბომბავდაო.

საერთოდ კი, დაბომბვა ცოტა სხვა ისტორიის ნაწილი იყო, რადგან სიტი და გერმანელები ერთი ცალკე ამბავია: ლიუფტვაფეს ყოფილი რადისტმა, ნაომარმა და ხელებდამწვარმა ბერტ ტრაუტმანმა,  ფაშისტური გერმანიის საჰაერო მებრძოლმა, რომელიც ინგლისში ტყვედ იყო, ომი რომ დამთავრდა, შინ დაბრუნებაზე უარი თქვა, საბოლოოდ კი, სიტის კარში ჩადგა და თხუთმეტი წელიწადი გაატარა იქ.

 

Kinkladze gallery - Manchester Evening News

 

ფეხბურთიდან ტრაუტმანის წასვლიდან ოცდაათი წლის თავზე გუნდში ეს როსლერიც გამოჩნდა, რომელმაც  თავის ორ ვაჟს სიტის ლეგენდების სახელები დაარქვა: უფროსს კოლინი, კოლინ ბელის პატივსაცემად და უმცროსს, ტონი, ბელის დროის სიტის კაპიტნის, ტონი ბუკის პატივსაცემად. ეს ტონი ბუკი კიდევ ერთი განსაკუთრებული ვინმე იყო იმ დროის ინგლისურ ფეხბურთში: მხოლოდ ოცდაათ წელს გადაცილებული შეიქნა პროფესიონალ ფებხურთელად, სიტის კაპიტნად დაინიშნა და სწორედ მისი წინამძღოლობით თამაშობდა ის კარგი სიტი, რომელშიაც კოლინ ბელი ბრწყინავდა.

უვე როსლერმა კი, ქინქისა არ იყოს, რამდენიმე კლუბი გამოიცვალა სიტის შემდეგ, თუმცა. დღემდე იმას ამბობს, რომ სიტი მისი ცხოვრების საუკეთესო ამბავი იყო და უკვე ფეხბურთიდან წასულს, მძიმედ ავადმყოფს, საავადმყოფოს კართან სიტის ფანების მიერ ნამღერი მისის სადიდებელი ამხნევებდა.

გაგრძელება ხვალ, 2 თებერვალს