ევროსაოცრებები – გერმანიაში, 33 წლის წინ (+VIDEO)

რუბრიკა: მივიწყებული „ქამბექები“ ევროტურნირებზე. პერიოდულად შემოგთავაზებთ ამბებს თავისი ვიდეოიანად...

ეს ამბავი 1986 წლის 19 მარტს მოხდა, გერმანიის ქალაქ იურდინგენში. დიახ, იურდინგენი დღეს გერმანიის ქვედა ლიგაშია, იმ დროს კი ისეთი გმირობა ჩაიდინა, დასაწერად ნამდვილად ღირს. დრეზდენის დინამო კი გდრ–ის ერთ–ერთი საუკეთესო კლუბი იყო წლების განმავლობაში.

 

1985/1986 წლების თასების თასის სეზონზეა საუბარი. მეოთხედფინალში დრეზდენის დინამომ შინ 2:0 სძლია იურდინგენს, სტუმრად კი პირველი ტაიმის შემდეგ 3:1–ს უგებდა... რა ინტრიგაღა იყო დარჩენილი? იურდინგენს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მეორე ტაიმში 5 უპასუხო გოლი უნდა გაეტანა.

 

ჰოდა, ხუთი კი არა, ექვსიც გაიტანა! 7:3 მოიგო!

 

დრეზდენის დინამოში თამაშობდა იმ დროს 18 წლის მათიას ზამერი, რომელიც 28–ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს. ასევე, ცნობილი ფორვარდი ულფ კირსტენიც. მატჩში პირველი გოლი კი  რალფ მინგემ გაიტანა. შემდგომში, მინგე საქართველოს ნაკრებში მუშაობდა კლაუს ტოპმიოლერის თანაშემწედ.  

 

შემდეგ, იურდინგენი ნახევარფინალში გავარდა მადრიდის ატლეტიკოსთან, რომელმაც ფინალში 0:3 წააგო ვალერი ლობანოვსკის გაწვრთნილ კიევის დინამოსთან.

 

იურდინგენი – დინამო დრეზდენი 7:3

 

გოლები: 0:1 მინგე (1), 1:1 ფუნკელი (13), 1:2 ლიპმანი (35), 1:3 ბომერი (42 ავტ.), 2:3 ფუნკელი (58 პენ), 3:3 გუდმუნდსონი (63), 4:3 შეფერი (65), 5:3 კლინგერი (78), 6:3 ფუნკელი (81 პენ), 7:3 შეფერი (86)