მან ეს ყველაფერი არ იცოდა

 

 

 

 

 

 

კარიერა რომ დაენგრა, ბულინგის მსხვერპლი გახდა, მერე გალოთდა, მგონი ცოლიც გაექცა… მოკლედ, მსოფლიო ფეხბურთის ამრევ ჟან-მარკ ბოსმანს დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონია.

ეს ის ბელგიელი ფეხბურთელია, რომელშიც ლიეჟმა დუნკერკს 500 ათასი ფრანკი მოთხოვა. დუნკერკმა მაგდენს ვერ გადავიხდიო. ლიეჟმა მაშინ სულ არ გავყიდი, მაგრამ მეც არაფერში მჭირდებაო… და ხელფასის 75 პროცენტი მოაჭრა. კონტრაქტის ვადა კი გასული იყო. ბოსმანმა თავი მონად იგრძნო და გადაირია, უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა, რკინის ქალამნები ჩაიცვა და სამართლის საძებნელად  ევროპულ სტრუქტურებს მიაშურა. იწვალა, იომა და იმდენი ქნა, თავისას კი მიაღწია, მაგრამ მთელი ძველებური დაშხოშიანი წესი და ადათი ყირაზე დააყენა. ჰოდა, გვაქვს მას მერე ბაბილონის გოდოლი —კარგ გუნდებში უფრო მეტი უცხოელია, ვიდრე ადგილობრივი. გამოდის მოედანზე რომელიმე არსენალი თუ ინტერი და თერთმეტივე უცხოტმელი დაურბის.

 

Image result for jean marc bosman

 

ეროვნული ფეხბურთი თითქმის აღარ არსებობს. ყველა ერთმანეთს დაემსგავსა. სამაგიეროდ, გაჩნდა თავისუფალი აგენტის მცნება, ფრანგი იტალიაში უცხოდ აღარ ითვლება და აქაოდა შეზღუდვა მოიხსნაო, ყველა ფეხბურთელი ათმა თუ ოცმა მდიდარმა კლუბმა იყიდა. ისე გაზულუქდნენ, ჩემპიონთა ლიგა აღარ ჰყოფნით, ევროპის სუპერლიგაზე დაიწყეს ლაპარაკი. სხვები კი დასუსტნენ, დაჩაჩანაკდნენ და ბავშვებით ვაჭრობაზე გადავიდნენ. მოკლედ, უსამართლობის ძველი სისტემა დაირღვა და შეიქმნა ახალი, რომელიც ფეხბურთს განადგურებით ემუქრება.

გეთანხმებით, ამ ყველაფრის მარტო ბოსმანისთვის დაბრალება მთლად მართალი არ არის. ბელგიელის წვლილი დიდია, მაგრამ მის ბრძოლას პრემიერლიგის დაარსება და ბაზარზე ციფრული ტელევიზიის შემოვარდნაც დაემატა. მერე იყო ინტერნეტი, რომელიც რამდენიმე წელიწადში ტელეფონში ჩაძვრა და ჯიბეში მოკალათდა. ზიხარ და ერთდროულად უყურებ თამაშებს ინგლისიდან, საფრანგეთიდან, დანიიდან და ჯანდაბიდან. ახვევ აქეთ-იქით. ხომ წარმოგიდგენიათ, უწინდელთან შედარებით, ყველა პლატფორმაზე ერთად, რამდენჯერ მეტი რეკლამა გადის თანამედროვე რეპორტაჟების დროს? და ეს რამდენ ფულს ნიშნავს?

სადღაა ის თამაში, რომელიც ოდესღაც მთელს მსოფლიოს იმიტომ მოედო, რომ არსით სახალხო იყო. დადებდი მოედნის თავსა და ბოლოში ორ-ორ ქვას, კარებიაო იტყოდი და თუ გიჭირდა ჭინჭის ბურთითაც კარგად შეუბერავდი. არ უნდოდა ამას სამმეტრიანი ფარი, ტრამპლინი, ჩოგანი, ჯიშიანი ცხენი, დაშნა და სხვა. ფეხბურთს თამაშობდნენ ყველგან, მდიდრების და ღარიბების უბნებში, სოფლებში, პლაჟებზე; თამაშობდნენ პროლეტარები, ინტელიგენტები, გლეხები, ცოლიანები, უცოლოები…  უბრალო ხალხმა შვა პელე, მარადონა, კრუიფი… კრუიფის დედა აიაქსის სტადიონზე დამლაგებელი იყო, ჩიტორო მარადონა ოჯახს ძლივს ინახავდა.

 

Image result for ბორის პაიჭაძე

 

გემზე მეზღვაურად მოწყობილი ბორია პაიჭაძე ამხანაგებმა ტუაფსედან დააბრუნეს. ის-ის იყო ლონდონისკენ უნდა გაეცურა, დეპეშა რომ მიიღო, მამაშენი გარდაიცვალაო. გულგახეთქილი ბორია ფოთში ჩამოქანდა, ამათ კიდევ, იმიტომ ვიმაიმუნეთ, რომ ბათუმთან გადათამაშება დაგვინიშნეს და უშენოდ ვერ მოვიგებდითო. ისიც დარჩა და დარჩა. წარმოგიდგენიათ, რამდენს ნიშნავდა ვინმე ვალოდია ბერძენიშვილისთვის, დათიკო ხორავასთვის, კაკო იმნაძისთვის და სხვა უბრალო ფოთელი ბიჭებისთვის ფეხბურთი, ასეთი რაღაც რომ მოუვიდათ თავში აზრად…

და ეთამაშებოდა ქართველი ინგლისელს, რუსი შვედს, ბრაზილიელი იტალიელს. მხოლოდ გლაზგოელი ფეხბურთელებისგან შედგენილი სელტიკი რეალს და ინტერს უგებდა, ჩემპიონთა თასზე იმარჯვებდა. ხალხი ფიქრობდა, ფანტაზიორობდა... მსოფლიოში არავინ იცოდა სად იყო თბილისი, დინამო კი თასების თასს იღებდა. გარინჩა კოჭლობდა, მაგრამ დედამიწაზე მაინც ყველას სჯობდა.

ფეხბურთი ყველასი იყო. კოჭლისაც…

და დღეს? ვითომ, პერიფერიის გუნდი ისევ შეძლებს რამის მოგებას? ანდა, ბოლოს ღარიბმა კლუბმა როდის გაიმარჯვა? რისთვის დავდევთ (მთელი მსოფლიო) ბურთს, ჩვენმა ბიჭებმა გამარჯვება, სახელი და დიდება მამლუქებივით სხვას რომ მოუტანონ?  

 

Image result for jean marc bosman

 

თუმცა, ჟან-მარკ ბოსმანმა ეს ყველაფერი არ იცოდა. მას უბრალოდ ლიეჟთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და დუნკერკში უნდოდა გადასვლა, ლიეჟელებმა კი არ გაუშვეს. სანამ 500 ათასს არ გადაგვიხდიან აქ იქნები და ხელფასსაც არ მოგცემთო. არადა, იმ კაცს ცოლ-შვილი ჰყავდა შესანახი. აი, ის ცოლი მგონი მერე რომ გაეყარა.

ჰოდა, აიმაღლა ხმა, ჩაიცვა რკინის ქალამნები და არია ყველაფერი.

ძველებური უსამართლობა ახლებური შეიცვალა.