ციციპასი დაფრინავს, ციციპასი არ დადის...

ბერძენი ჩოგბურთელის ზღაპარი გრძელდება

2003 წლის შემდეგ, ის ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის საუკეთესო ოთხეულში შეაბიჯა. ბოლოს ეს ენდი როდიკმა გააკეთა, რომელიც 20 წლის და 149 დღის იყო,

 

სტეფანოს ციციპასიც 20 წლის გახლავთ და ალბათ ძალიან შორს არ არის ის დრო, როდესაც ბერძენი ჩოგბურთელი რეიტინგის პირველი ნომერი გახდება. სანამ ეს მოხდება, მანამდე ციციპასმა ლეგენდარული როჯერ ფედერერის ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტიც დაამარცხა და წლის პირველი დიდი სლემის ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა.

 

დაპირისპირებამ 3 საათს და 15 წუთს გასტანა. ციციცპასმა, კერკეტ ესპანელ ჩოგბურთელს 22 ეისი მოუწოდა და საბოლოოდ 4 სეტში - 7:5, 4:6, 6:4, 7:6 აჯობა.

 

ბერძენი ჩოგბურთელისთვის, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობა მე-15 ჩოგნის რანგში დაიწყო და რეიტინგში წინსვლა გარანტირებული აქვს, ეს კარიერაში პირველი სადიდსლემო ნახევარფინალია, სადაც სავარაუდოდ რაფაელ ნადალი ელის.