მსაჯები და სიკვდილის მუქარები

ყოფილმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა ისაუბრა, თუ რა მუქარებს აწყდებიან მისი კოლეგები. კლატენბურგმა ადრე მოჰყვა, რომ რეალი-ატლეტიკოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში (2016)  შეცდომა დაუშვა და სერხიო რამოსის გოლი არ უნდა ჩაეთვალა.

 

ახლა კი სხვა ისტორიაზე. ინგლისელმა მსაჯმა მაიკ დინმა განაცხადა, სიკვდილით მემუქრებიანო და პრემიერლიგის ხელმძღვანელობას სთხოვა, მომდევნო ტურში ნუ მამსაჯებთო.

 

რა მოხდა და რა გააკეთა დინმა? ის იყო არბიტრი მანჩესტერ იუნაიტედ-საუთჰემპტონის შეხვედრაში (9:0), როცა მე-2 წუთზე სტუმრებს კაცი გაუძევა და 86-ეზე კიდევ მეორეც გააწითლა.

 

ასევე, ფულემ-ვესტ ჰემის ბოლო წუთებზე ვესტ ჰემის ჩეხმა მცველმა სოუჩეკმა ფულემის მიტროვიჩს იდაყვი მოარტყა. გვერდითმა მსაჯმა ლი მეისონმა დინს უკარნახა ამ ეპიზოდზე, დინმაც VAR-ზე ნახა და სოუჩეკი გააძევა. თუმცა მიტროვიჩი ამბობდა, რომ იდაყვი შემთხვევით მოხვდა და სოუჩეკს განზრახ არ უუხეშია. მეორე დღეს გაარჩიეს ეს მომენტი და ჩეხს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს.

 

 კლატენბურგი: „ეს საშიშია. უფრო ცუდია, რომ სოციალური ქსელები მსგავსი რამის საშუალებას იძლევა. რა უნდა ქნას პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ ამ შემთხვევაში? ან მსაჯთა კომიტეტმა? ვერაფერი. ამჟამად საბერძნეთის სამსაჯო კორპუსის შეფი ვარ და კვლავაც შეურაცხყოფას მაყენებენ.

 

...15 წელია, რაც მაიკ დინს ვიცნობ. შესანიშნავი ადამიანია. აი, სანგარში ვინმესთან მოხვედრას თუ ისურვებდი, ერთ-ერთი ისაა. სანდოა. არბიტრიც ადამიანია და ცდება. მეც ვცდებოდი. თუმცა სოციალურ ქსელებში ზომას გადადიან.

 

...ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მაიკ ოლივერმა ოჯახის წევრები დროებით სხვაგან გაუშვა საცხოვრებლად, რადგან რეალი-იუვენტუსის მატჩის მერე ემუქრებოდნენ“.


 

კლატენბურგმა ის თამაში გაიხსენა, როცა ოლივერმა ბოლო წუთზე პენალტი დანიშნა იუვეს კარში და თან ჯანლუიჯი ბუფონი გააძევა. მაშინ ბუფონმა ოლივერზე თქვა:

 

„მას მკერდში გული კი არა, ნაგვის ურნა აქვს“.