უკეთესი მომავლის მოლოდინში

 

 

 

 

 

 

 

ვსხედვართ ქართველები ასე, ნაკრების მწვრთნელის გარეშე და ველოდებით უკეთეს მომავალს. ხალხმრავალ ადგილებში კორონა დაძრწის, პირბადეები გვიკეთია, ქუჩებში ერთმანეთს ვერ ვცნობთ. დიდი ხანია ქართულ ფეხბურთსაც ვეღარ ვცნობთ. აგერ, ბატონმა ლევან კობიაშვილმა თქვა, უახლოეს მომავალში ჩვენი კლუბებისგან სახეიროს არაფერს ველიო. ამაზე, ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძის ძველი ნათქვამი გამახსენდა, იმ ჩემპიონატის ასე და ისე, ფეხბურთელი მსაჯს საცემად რომ გამოეკიდება და ვერ დაეწევაო. შემდეგ ფიქრი ფიქრს მოჰყვა და ბოლოს, ვინაიდან ამ ეტაპზე განსაკუთრებული არაფერი ხდება, გადავწყვიტე კარადის თავზე შემოდებული დამტვერილი დავთრიდან რამდენიმე უცხოური სახალისო ამბავი ამომეწერა.

ვინ იცის, ამასობაში იქნებ რამე გვეშველოს კიდეც.

არუბინიას ბაყაყი

1937 წელს, ბრაზილიაში, ცნობილმა ვასკუ და გამამ ნაკლებად ცნობილ ანდარაის 12:0 მოუგო. ანდარაის გამწარებულმა მეკარე არუბინიამ მატჩის შემდეგ ზეცას შესთხოვა, ვასკუ და გამას 12 წელიწადი ჩემპიონობა არ აღირსოო. ამის შემდეგ დაირხა ხმა, რომ მეკარემ ლოცვას ჯადოც მიაყოლა და სან ჟანუარიოს მოედანში ბაყაყი დამარხა.

გავიდა ათი წელიწადი. ვასკუ და გამა ვერა და ვერ გახდა ჩემპიონი. კლუბის გამწარებულმა ხელმძღვანელობამ ბრძანება გასცა, გადაეთხარათ მთელი მოედანი და მინდორი თავიდან დაეგოთ. ასე, დამარხულ ბაყაყს თუ ვერ იპოვნიდნენ, ამოვარდებოდა მაინც მიწიდან. ღონისძიებამ გაამართლა. ვერ გეტყვით, ბაყაყის ნეშტს ვინმემ თვალი მოკრა თუ არა, მაგრამ შემდეგ სეზონში ვასკუ რომ ჩემპიონი გახდა, ფაქტია!   

 

Image result for vasco da gama stadion

 

რიოიჩი მაედა

ქილერი კაცი იყო იაპონელი თავდამსხმელი რიოჩი მაედა. 2007-2012 წლებში ანუ მთელი ექვსი სეზონის განმავლობაში, გუნდი, რომელსაც მაედა სეზონის პირველ გოლს გაუტანდა, ჯეი ლიგიდან ვარდებოდა. იაპონიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, რომელიც იმხანად ჯუბილო ივატაში თამაშობდა, ერთი-მეორის მიყოლებით გაყარა ვენტფორეტ კოფუ, ტოკიო ვერდი, ჯეფ იუნაიტედ ჩიბა, კიოტო სანგა, მოტედიო იამაგატა და გამბა ოსაკა. საოცარია, რომ გამბა ოსაკამ მანამდე, სამი სეზონი ეგრეთწოდებულ საპრიზო ადგილზე დაასრულა, იმ სეზონში კი ვაიმე, მაედამ გამიტანაო, და ჯეი 2-ში ამოჰყო თავი.

სრულიად იაპონურ ფეხბურთს ჯადო 2013 წელს ურავა რედ დაიმონდსმა ახადა — მართალია მაედას თარსი გოლი გაუშვა, მაგრამ მეექვსე ადგილზე გავიდა. ჯუბილო ივატა, კი… პირიქით, თავად გავარდა.

რატომ მოხდა ასე, არავინ იცის. ეტყობა, მაედას ჯადო ექვსწლიანი იყო.

რიოიჩი მაედა დღეს 39 წლისაა და J3 ლიგის კლუბ გიფუში თამაშობს. მის ზებუნებრივ თვისებებზე მეტი არავის არაფერი სმენია.

 

ბელა გუტმანის წყევლა

 

Image result for bela guttman

 

ბელა გუტმანი ის უნგრელი მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობითაც ბენფიკამ სამ სეზონში ხუთი ჯილდო მოიპოვა. 1961 წელს, დღეს ჩემპიონთა ლიგად წოდებულ ჩემპიონთა თასზე, ლისაბონის გუნდმა ბარსელონას მოუგო 3:2, ხოლო 1962 წელს მადრიდის რეალს 5:3 აჯობა. ასეთი ტრიუმფის შემდეგ გუტმანმა კლუბის ხელმძღვანელებს ხელფასის მომატება სთხოვა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო. უარით გაბრაზებული გუტმანი ოთახიდან გამოვარდა და დაიძახა: ბენფიკა დღეიდან ასი წელიწადი ვეღარ მოიგებს ჩემპიონთა თასს!

ეს იყო და ეს. მას მერე ლისაბონელებმა რვაჯერ ითამაშეს ფინალში, აქედან ხუთჯერ ჩემპიონთა თასზე (1963, 1965, 1968, 1988, 1990), სამჯერ კი უეფას თასზე ანუ დღევანდელ ევროპა ლიგაში (1983, 2013, 2014) და ყველა წააგეს — ბოლოს, სევილიასთან პენალტებით!

 საშობაო ქეიფი

1990 წლის შობა ახლოვდებოდა. ინგლისური ფეხბურთის უმაღლეს ეშელონში იმ წლის აღზევებული შეფილდ იუნაიტედი ცუდად თამაშობდა და ცხრილში ქვემოთ, სახიფათო ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ მოხდა საოცრება: შობა-ახალი წლის პერიოდში გუნდმა ზედიზედ შვიდი შეხვედრა მოიგო. ამ გამარჯვებების წყალობით შეფილდელები უსაფრთხო ზონაში გადავიდნენ და გავარდნასაც გადარჩნენ.

 

Image result for dave bassett shefid menajer

 

გავიდა ზაფხული, დაიწყო შემდეგი სეზონი და ისევ... დეივ ბასეტის გუნდმა შობამდე ხუთი თამაში მოიგო, შობის შემდეგ კი თერთმეტი. ასეთმა კანონზომიერებამ მწვრთნელი ჯერ ჩააფიქრა, ხოლო შემდეგ ბრწყინვალე აზრამდე მიიყვანა: შეფილდ იუნაიტედმა მომდევნო წლის საშობაო ქეიფი სეზონის წინ, აგვისტოს მიწურულს გადაიხადა. ქეიფის შემდეგ ბურთიც გაგორდა: ბასეტის ბიჭებმა პირველივე ტურში მანჩესტერ იუნაიტედს 2:1 მოუგეს, სეზონი ცხრილის შუაში ჩაამთავრეს და ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში გავიდნენ. აი, შემდეგ კი მწვრთნელს ეტყობა შერცხვა, აგვისტოში საშობაო წვეულებების გამო ვინმეს გიჟი ვეგონებიო და ქეიფი აღარ იკისრა. შედეგმაც არ დაიგვიანა: იმ სეზონში შეფილდ იუნაიტედი გავარდა და მას მერე პრემიერლიგაში 2006-07 წლების სეზონშიღა დაბრუნდა, ისიც ერთი წლით. შემდეგ ისევ გავარდა… 2019 წლამდე. მერე კი ეტყობა იქეიფეს.