მოურინიო: პეპზე ვიტყვი იმას, რაც აქამდე არ მითქვამს...

ცოტა დრო გავიდა, რაც იურგენ კლოპის დედა გარდაიცვალა. მას სხვა კლუბებმაც მიუსამძიმრეს, მწვრთნელებმა კი დაურეკეს. 

 

ტოტენჰემისა და სიტის შეხვედრამდე, ჟოზე მოურინიომ პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობაზე ისაუბრა

 

"ცხოვრებაში არის მომენტები, რომლებიც არ გავიწყდება. როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა გვარდიოლამ დამირეკა, მან იცოდა რამხელა დანაკარგი განვიცადე. დღეს (12 თებერვალი) მამაჩემის დაბადების დღეა. 83 წელი შეუსრულდებოდა. 

 

რა თქმა უნდა, როცა დედამისი გარდაიცვალა, მეც დავუკავშირდი. არის რაღაცები, რასაც ხალხი ვერ ხედავს და არც ჩვენ ვყვირივართ. ახლაც იმიტომ ვთქვი, რომ შესაძლებლობა მომეცა. როდესაც ერთად ვმუშაობდით, იმ დროიდან, პეპთან კარგი მოგონებები მაქვს"

 

ჟოზეს მამა, ფელის მოურინიო მეკარე იყო და პორტუგალიის თასიც ორჯერ მოიგო. ის 2017 წელს გარდაიცვალა, 79 წლის. რაც შეეხება გვარდიოლას დედას, 2020 წელს დაიღუპა, კორონავირუსით. ის 82 წლის იყო. 

 

მოუ და პეპი ერთმანეთის პირისპირ 25-ჯერ წარსდგნენ. ამდენი დუელი სხვა მწვრთნელებს არ ჰქონიათ. მათი დაპირისპირებები ესპანეთსა და ახლა უკვე ინგლისში ყოველთვის დაძაბულობით გამოირჩევა. 

 

"მწვრთნელების პრობლემა ის არის, რომ დამეგობრებას ვერ ვახერხებთ. ერთმანეთს მხოლოდ 2 წუთით ვხვდებით, მატჩამდე და მატჩის შემდეგ. პეპთან სხვა დამოკიდებულება მაქვს, 3 წელი ერთად ვიმუშავეთ, ის ფეხბურთელი იყო, მე კი მწვრთნელის ასისტენტი. ყოველდღე ვხვდებოდით, ტიტულებიც ერთად გვიზეიმია. არ ვტიროდით, თუმცა მარცხსაც ერთად განვიცდიდით. ეს ემოცია, რა თქმა უნდა, არ ქრება. 

 

ამის შემდეგ, როგორ შეიძლება, კარგი გრძნობების გარდა მასთან რამე მაკავშირებდეს!? მე "ძველი სკოლიდან" ვარ, რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე რჩება"