ენტონი დევისის სამი კვირა

ლეიკერსი ჩემპიონობას და ენტონი დევისს უფრთხილდება. ერთი მეორესთან უშუალო კავშირშია. დიდი ბიჭის გარეშე არ იქნებოდა შარშანდელი ჯეკპოტი.

და, დიდი ბიჭის გარეშე არ იქნება ამ ტიტულის დაცვა. უბრალოდ, შანსი არ არის.

ლეიკერსი არის ლებრონ ჯეიმსის პერსონალური პროექტი, მაგრამ დევისთან ერთად მეფე უფრო რაციონალურად სადისტობს, არ იღლება სერიული მკვლელობების დროს. და, ჯეიმსმა იცის, რომ დევისის გარეშე მას, დაუნდობელ ტრანსფორმერს მოხაზული აქვს.

დევისმა მიიღო ტრავმა და, ბოლო ინფორმაციით, ფორვარდი ალბათ, 3 კვირაზე მეტს გამოტოვებს. იდეაში, ბევრია, მაგრამ შეიძლება, ცოტაც იყოს. ლეიკერსისთვის ჯანმრთელი დევისი მოგებულ რეგულარულზე მნიშვნელოვანია.

დევისის გარეშე რთული იქნება იუტას და კლიპერსის რეგულარულში მოგერიება. არის შანსი, რომ იმ ორმა გუნდმაც ფლეი ოფზე გააკეთოს აქცენტი. რაც ლიდერების ეტაპობრივად დასვენებას, გადატვირთვას ნიშნავს. ამ შემთხვევაში, სამივე გუნდი თანაბარ პირობებში რჩება.

და, ლეიკერსი ამაზე არ უნდა ფიქრობდეს.

ერთადერთი პრიორიტეტი - დევისი ჯანმრთელი უნდა იყოს. კარგია, რომ მყესი გაწყვეტილი არ არის. ცუდია, რომ დევისის ტრავმები არ დაიხურა. ენტონის პრობლემები მანამდეც ჰქონდა.

რეგულარულის 28 მატჩიდან დევისმა მიიღო მონაწილეობა 23-ში. და, თითქმის ყველა ტესტის წინ მის ჯანმრთელობას, მზადყოფნას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ.

 

ლეიკერსს აქვს დიდი სიღრმე, მაგრამ ენტონი მაინც შეუცვლელია.

 

საშუალოდ 22.5 ქულა, 8.4 მოხსნა, 3.0 პასი, 1.8 დაფარება და 1.3 ჩაჭრა. და, ეს სტატისტიკა 50-პროცენტიანი დატვირთვით. ერთ-ერთი უძლიერესი მცველი და ლეიკერსის როტაციაში საუკეთესო პერსონალური დამცველი.

დევისის წუთებს და პროდუქციას სხვები გადაინაწილებენ, მაგრამ თუ ლეიკერსი და ლებრონი ზედიზედ მეორე ტიტულზე მიდიან, ეს დევისის გარეშე არ გამოვა.

შანსი არ არის.

ლებრონმა იცის.