იდეებს რა ვუყოთ, იდეებს...

 

 

 

 

 

 

 

რონალდ კუმანის ბარსელონაში მისვლა არაერთგვაროვანი გამოდგა. არც კრიტიკა აკლდა და არც კომპლიმენტები. ჯერ იყო და, გუნდიდან ლუის სუარესი გაუშვა და ფაქტობრივად, გამტანი აღარ დარჩა. ურუგვაელი კი ატლეტიკოში ამტკიცებს, რომ ნიდელანდელმა სპეციალისტმა დიდი შეცდომა დაუშვა. მადრიდულ კლუბში მას ბურთი ბურთზე გააქვს და 23 ტურის შემდეგ, 16 გოლით პრიმერას საუკეთესო ბომბარდირია.

სხვა მხრივ, ნიდერლანდელი, საშინელი დასაწყისის მიუხედავად, კომპლიმენტებს იღებდა იმიტომ, რომ ახალი გუნდის შენება დაიწყო. ძირითადში ბევრი ახალგაზრდა დააწინაურა: დემბელე, დე იონგი, მინგესა, არაუხო, პედრი, დესტი, ტრინკაუ... ადგილობრივი აკადემიის აღზრდილი პუჩიც კი, რომელსაც კუმანი მაინცდამაინც არ წყალობს, თამაშობს. თუმცა ეს სიახლეები წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებთანაც იყო დაკავშირებული.

 

Image result for barcelona vs psg

 

არაფერი გვითქვამს ასევე ჭაბუკ ფატიზე, რომელიც მძიმედ დაშავდა, მაგრამ სანამ მინდორზე იყო, ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. საგრძნობი გადახალისება გამოდის და  ჩამოთვლილთაგან მომავალში ნახევარი მაინც თუ დაიმკვიდრებს მთავარ გუნდში ადგილს, უკვე დიდი საქმეა.

თუმცა ამ ცვლილებების ფონზე ბარსელონამ პრიმერაში ძალიან წინ გაუშვა ატლეტიკო და ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება, თუმცა საჩემპიონთალიგო ოთხეულში, ალბათ, მაინც მოხვდება. თანაბრად მიჰყვება მთავარ კონკურენტ რეალს. 22 თამაშის შემდეგ 46 ქულა მოაგროვა. ზუსტად ასეთი შედეგი ჰქონდათ წინა სეზონში ერნესტო ვალვერდეს მთავარმწვრთნელობისას. გუნდი კი სხვაა.

ერთი სიტყვით, სამომავლო საფუძველი იყრება და ეს კარგია. მაგრამ დიდ კლუბებს დიდი იდეები სჭირდება. განსაკუთრებით დიდ მატჩებში. იდეები სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ მთავარია ისინი სტაბილურობისა და განვითარების საშუალებას აძლევდეს გუნდს.

ვალვერდესაც კი ჰქონდა იდეები, თუმცა დღეს ეს ცოტა სასაცილოდ ჟღერს. მის დროს ბარსელონა დიდ მატჩებს პატარა გუნდივით თამაშობდა. არა იმ გაგებით, რომ ბურთს თმობდა და  იმალებოდა, მაგრამ აშრობდა, ანელებდა თამაშს და ლიდერების კარგი რეალიზაციის იმედი ჰქონდა.

 

Image result for barcelona vs psg

 

ლივერპული, მან. სიტი, ბაიერნი სხვაგვარად იქცევიან. ისინი ხსნიან თამაშს, არ ხურავენ. ვალვერდეს მიდგომა კი ნახევარმომენტებს გულისხმობდა, სლოგანით - „ჩვენ არაფრისგან გავიტანთ, ისინი კი ვერა.“ ეს სტილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბარსელონას ფილოსოფიას.

გუნდს კი უკვე რამდენიმე სეზონია აკლია მთავარი - ახალი იდეები.

ჩანს, ყველა ღირსებების მიუხედავად, არც კუმანია იდეების მატარებელი. ეს კარგად გამოჩნდა პარი სენ-ჟერმენთან სამშაბათის მატჩშიც. კატალონიელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს პარიზელთა ხისტ, ჯარიმის ზღვარზე  მოთამაშე ნახევარდაცვას. ვერაფერი შეცვალეს და სამარცხვინოდ წააგეს 1:4.

მთავარი ეს კონკრეტული წაგება არ არის, მთავარი კუმანის გუნდის დიდ მატჩებში ჩაფლავებაა. აბა გავიხსენოთ, მიმდინარე სეზონში წააგეს რეალთან, ატლეტიკოსთან, სევილიასთან, ახლა კი პსჟ-სთან. აუტსაიდერებს კი დიდი ანგარიშებით უგებენ, პრიმერას ბოლო ტურში ალავესთან  5:1-ის არ იყოს.

 

Image result for koeman vs psg

 

პსჟ-სთან კუმანს ჰქონდა გეგმა. მაღალ პრესინგსაც მიმართავდნენ, კონტრთამაშსაც ცდილობდნენ, თუმცა, რაღაც არ ჰყოფნიდათ, თითქოს სრულფასოვნად გახსნას ერიდებიანო. აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ - პარიზელბმა კონტაქტურ თამაშშიც აჯობეს მასპინძლებს. სხვა მსაჯი უკვე პირველ ტაიმში გააძევებდა რამდენიმე სტუმარს. ძალიან უხეშად თამაშობდნენ.  საერთოდ არბიტრები გაფრთხილებებს თავიდანვე არიგებენ ხოლმე, რათა ფეხბურთელები დააშოშმინონ. გაძევების შიშით ისინი უფრო ლოიალურნი ხდებიან და უხეშობაც იკლებს. ნიდერლანდელ ბიორნ კეიპერსს კი თითქოს ბარათები ჯიბიდან ამოაცალესო. ვერატი, გეიე და კურზავა აუტანელები იყვნენ. მსაჯი კი აგრძელებდა თამაშს. მხოლოდ გეიეს უჩვენა ყვითელი და შესვენებაზე ის პოჩეტინომ ერერათი შეცვალა.

კიდევ. ასეთი მატჩის მოსაგებად საჭირო იყო, ვთქვათ, გრიზმანს მომენტები უკეთ გამოეყენებინა. ვერ გაებრწყინა მბაპეს, რომელმაც ბოლო დროს საუკეთესო მატჩი ჩაატარა და სამი ერთიმეორეზე ლამაზი ბურთი გაიტანა.

საცნაური იყო პრობლემები კატალონიელთა დაცვაში. პიკემ სამთვიანი შესვენების შემდეგ პირველად ითამაშა და საკუთარ თავს არ ჰგავდა. დესტმა აშკარად ჩააგდო თამაში და კუმანმა ის მხოლოდ  მესამე გოლი შემდეგ შეცვალა...

 

Image result for koeman vs psg 

და მთავარი: არსად ჩანდა ლეო მესი. არგენტინელი მთლად დაიკარგა. ბურთს თითქმის არ იღებდა და არც თავისუფალი ზონების მოძებნას ცდილობდა.

სწორედ ასეთ შემთხვევაში იყო საჭირო კუმანის იდეები, რაღაცის შეცვლა, გადაწყობა. მაგრამ მსგავსი ვერაფერი დავინახეთ. არადა, მესი მუდმივი არ არის...