საზამთრო და სანიოლი გამოდგომაზეა

 

 

 

 

 

 

 

ბლოგი მაშინ ფასობს, როდესაც გულწრფელია. ამიტომაც, ზეცისკენ ვაპყრობ მზერას და ვამბობ: საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელს, ვილი სანიოლს, დიდ წარმატებას ვუსურვებ! ასე, მარტივად. ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე. ესაა ჩემი პირველი, ბუნებრივი რეაქცია. პირველი, ბუნებრივი რეაქცია კი ყოველთვის ნაღდია.

შევეცდები ავხსნა. ვინმეს თქვენთვის ბავშვობაში ხომ უჩქმეტია? ჰოდა, რომ უჩქმეტია, პირველი რა გაგიკეთებიათ, გარჩევა დაგიწყიათ რატომ მიჩქმიტეო თუ ჯერ ვაი დაგიძახიათ და გვერდზე გაწეულხართ? ალბათ, გაწეულხართ. აი, სწორედ ეს არის ბუნებრივი რეაქცია. დანარჩენი შემდეგ მოდის.

ცნობილი ნათქვამი რომ გადავასხვაფეროთ, მე ვარ ქართველი და მაშასადამე საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი. შესაბამისად, დღეიდან ვილი სანიოლი ის კაცია, ვისაც წარმატებას ვუსურვებ.

 

Image result for willy sagnol

 

გარდა ამისა, ყოველთვის მესიმპათიურებოდა ფრანგული ფეხბურთი. მიზეზი მარტივია: როგორც მაყურებელს გემოვნება დავით ყიფიანის დახვეწილმა პასებმა ჩამომიყალიბა, ხოლო მას მერე, რაც კულტურულ ფეხბურთზე დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, ბუნებრივად ბუმბერაზი მიშელ პლატინის თამაშზეც „შევჯექი“. შემდეგ კი მიება: პლატინი, ჟან ტიგანა, ალენ ჯირესი, ზინედინ ზიდანი, რობერ პირესი, იური ჯორკაეფი, ტიერი ანრი და… ზოგადად ფრანგული ფეხბურთი.

თუმცა, ახლანდელი ნაკლებად!!! ძალიან შეიცვალა სტილი.

მაგრამ, ზოგად ლაპარაკს შევეშვათ. ვილი სანიოლს დავუბრუნდეთ.

სხვისი არ ვიცი და პირადად ჩემთვის სანიოლის საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დანიშვნა ძალიან მოულოდნელი იყო. ალგორითმს ვხვდები: ლევან კობიაშვილი — ფრაიბურგი — გერმანელი ნაცნობები — ბაიერნი — სანიოლი, მაგრამ ამ კაცის არსებობა აღარ მახსოვდა.

როგორც ფეხბურთელი ძალიან ძლიერი იყო. მოთამაშე ბაიერნში 9 წელიწადს რომ გაატარებს,  ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, საფრანგეთის ნაკრების 58 შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და მათ შორის ერთი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი იქნება, იქ ლაპარაკი დამთავრებულია. იმ ფინალიდან სანიოლის დარტყმული პენალტი მახსენდება — მატჩისშემდგომ სერიაში ფრანგებმა ბოლო დარტყმა(!) სწორედ მას ანდეს და მანაც შეგლიჯა ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის კარი, ოღონდ… იტალიელებს ბოლო სიტყვა ჰქონდათ დარჩენილი; ფაბიო გროსომ მსოფლიოს ჩემპიონი „სკუადრა აძურა“ გახადა.

 

Image result for michel platini

 

თუ არ დაიზარებთ, ეს დარტყმა youTube-ში მოძებნეთ. ნახეთ, რა სახე აქვს გოლის გატანის შემდეგ. ვფიქრობ, ჩვენს გუნდს კაცი, რომელსაც ასეთი გამომეტყველება შეუძლია მიიღოს, ნამდვილად არ აწყენს, მაგრამ მარტო სახეც ხომ არ არის.

სანიოლს სამ წელიწადზე მეტია გუნდი არ გაუწვრთნია. ფეხბურთელობის შემდეგ 21 წლამდელ ფრანგებს ედგა სათავეში, შემდეგ „ბორდოს“, სადაც, როგორც ამბობენ, საქმე იმიტომ აერია, რომ აფრიკელებზე თქვა არ მჭირდებიან, ფეხბურთს ჭკვიანურად ვერ თამაშობენო. ამაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, დაცოფეს, რის შემდეგაც კარლო ანჩელოტიმ ბაიერნში ასისტენტად წაიყვანა(!), მაგრამ ანჩელოტი რომ გაუშვეს, 8 დღეში ისიც უკან მიაყოლეს — იუპ ჰაინკესის მისვლამდე ერთ თამაშს უხელმძღვანელა და ეგ იყო — რის მერეც, თურმე შვილს მკურნალობდა.

მოკლედ, ეს ჩვენი ახალი თავკაცი, როგორც მწვრთნელი, კაცმა არ იცის როგორია და მისი საქართველოს ნაკრებში დანიშვნაც სრული ექსპერიმენტი და ალჩუ კოჭია. აი, როგორც საზამთროა გამოდგომაზე, ისეა სანიოლიც. შეიძლება მწიფე გამოდგეს, შეიძლება — არა. უფრო სწორედ, მე ასე ვიტყოდი — ღმერთმა ქნას გამოგვადგეს.

 

Image result for willy sagnol

 

ისე, აფრიკელებზე მისი გამონათქვამითა და საქართველოში სამუშაოდ წამოსვლით თუ ვიმსჯელებთ, ცოტა ავანტიურისტიც უნდა იყოს. წვეტიან ფრაზებს და ნაბიჯებს ეტყობა არ ერიდება. ნუ, ალბათ ფულსაც კარგად გადაუხდიან…

და ვინაიდან მეტს რეალურად ვერაფერს ვიტყვი, დღევანდელ ბლოგს ასე დავასრულებ: Bienvenue Willy Sagnol ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

დანარჩენი კი საქმეში გამოჩნდება.