თორნიკე შენგელია შეუცვლელია!

სერბეთს სერბეთში მოვუგეთ. და, წამოიღო. ნაკრებმა ამ ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი სრულყოფილი კალათბურთი ითამაშა.

და, აქ, საკუთარ დარბაზში ვერ გავქაჩეთ.

მატჩი მატჩზე არ მოდის. ხანდახან, ვერ აგდებ. და, ხანდახან, ყველაფერი ათიანში მიდის. ამჯერად, არ წავიდა.

66:92 წავაგეთ.

 

*****


გვაკლდა რამდენიმე კაცი ჩვენ. აკლდა რამდენიმე კაცი სერბეთს. და, ჩვენ ნახევარი ნაკრები გვაკლდა.

თორნიკე შენგელია.

თოკოს გარეშე ნაკლები თავისუფლება ჰქონდა გიორგი შერმადინს (20 ქულა, 8 მოხსნა) და თოკოსთან ერთად გიორგი დომინირებს. გიორგი ესპანეთში თოკოს გარეშეც მშვენივრად აგვარებს პრობლემებს, მაგრამ აქ, ორივე გვჭირდებოდა.

შერმადინს ორმაგი მეურვეობით აწუხებდნენ. გიორგი ბევრს მუშაობდა, ბურთი  რომ კომფორტულ ზონაში მიეღო. გიორგი ერთი-ერთზე თითქმის ნებისმიერს კლავდა, მაგრამ ის თითქმის არ რჩებოდა ერთ დამცველთან.

და, კარგი იქნება, თუ გიორგი ფეხებში ნაკლებ პასს მიიღებს.

ჩვენი ახალი ამერიკელი კლასით თამაშობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, კონერ ფრანკამპი ბევრად მიმწოლი და ბასრი იქნება. 10 ქულა ცოტაა. და, ბიჭმა მიიღო ტრავმა. და, ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა.

ბექა ბურჯანაძე მაგარი მონდომებული იყო. აგდებდა გარედან. აგდებდა ახლო მანძილიდან. ბექა ცდილობდა შერმადინის დასვენების დროს მეხუთე ნომერზე ასვლას. ბექას ოდნავ მეტი პრაქტიკა სჭირდება, მაგრამ ნაკრებისთვის ის ძალიან დიდი პერსონაჟია.

დუდა სანაძემ ჩააგდო საშუალოები (5/4). და, ვერ ჩააგდო გარედან - 6/1. და, დუდამ კარგად იმუშავა დაცვაში, მაგრამ ამ კომპონენტში უნდა მოუმატოს. დაგლიჯა სანაძის სამმა მოხსნამ შეტევაში. მართლა დაგლიჯა.

 

*****

 

და, ნაკრებმა თითქმის ვერ ჩააგდო გარედან (23/3). და, ნაკრებმა ვერ შეუქმნა დისკომფორტი NBA-ს მომავალ პროდუქტს, ფილიპ პეტრუშევს. 20 წლის (210 სანტიმეტრი) ბიჭმა 27 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 12/8 ზუსტი საშუალო აკრიფა. დომინაცია.

ტოტალური დომინაცია.

და, არ გაგიკვირდეთ, კიდევ ერთი ბიჭი რომ გამოვარჩიო.

მერაბ ბოქოლიშვილი, რომელმაც იმ, სამიანის დროს მიღებული ფოლის გარდა, თითქმის იდეალურად შეასრულა მწვრთნელის დავალება. კარგი იყო, მერაბ.

ერთი თამაშის წაგება მოსულა. და, ნაკრები, რომელიც მანამდე ოთხიდან ოთხის მოგებით ისვენებდა, ამ თამაშის გატარებას იმსახურებს.

ეს ძალიან მაგარი ნაკრებია. და, ეს ნაკრები ჩვენი სიამაყეა.

უბრალოდ, იმ, დიდ კაპიტანთან ერთად ეს ნაკრები დომინირებს.

თოკოსთან ერთად ყველა უფრო მაგარი და მოტივირებულია.

ფინეთი უნდა დავაგდოთ.