ფინეთი იყო ხიჭვი

ფინეთი ბევრს გვიგებდა. ფინეთი ბევრ იმედს გვართმევდა. და, იმედთან ერთად - მუღამს, მოლოდინს, მოგების კაიფს.

და, რა იყო ფინეთი კალათბურთში?

დისციპლინა. პლიუს, 2-3 მაღალი დონის მოთამაშე და ყველაფერი დალაგებული იყო.

ტეემუ რანიკოს საქართველოს ნაკრები ვერ აჩერებდა. რანიკო ნორმალური მსროლელიდან კარგი, ძალიან პოპულარული მოთამაშე გახდა. რანიკომ კალათბურთით ბევრი მიიღო. და, რანიკომ კალათბურთს ბევრი მისცა.

ფინეთს ჰყავდა ჰანო მოტოლაც. ეს მაღალი, მშვიდი, გაწონასწორებული და ჭკვიანი ბიჭი მე რანიკოზე უფრო მომწონდა. მოტოლა ნაკრებს დაცვაშიც უგვარებდა პრობლემებს. და, მოტოლას ჰქონდა ერთ-ერთი საუკეთესო სროლა მაღლებში. და, მე მთლიანად ევროპაზე ვსაუბრობ.

მოკლედ, რანიკო და მოტოლა. ან, მოტოლა და რანიკო.

ეს ორი და დანარჩენები გვიგებდნენ.

 

*****

 

დღეს სხვა ფინეთია. სადაც რჩებიან იმ, ძველი, ბასრი ფინეთის შემსრულებლები (შონ ჰაფი, სასუ სალინი) და, სადაც დგას ერთი მეომარი. რომელსაც ალბათ, რანიკოზე და მოტოლაზე კარგი კარიერა აქვს.

პეტერი კოპონენი. რომელიც ფინეთში ჰოკეისტივით უყვართ. და, თუ შენ არ ხარ ჰოკეისტი ფინეთში და მაინც ჰოკეისტივით პატივს გცემენ, ესე იგი, შენ შემდგარი პიროვნება ხარ. ნუ, სულ მცირე, იქ, ფინეთში.

ვირტუსი, ხიმკი, ბარსელონა, ბაიერნი. კოპონენი ყველგან საჭირო, თითქმის შეუცვლელი იყო. და, კოპონენი ყველგან აგდებდა ჩასაგდებს. სნაიპერი მკვლელი ხელით და ხანდახან, ძალიან კარგი დაცვით.

იმ ფინეთიდან დიდი დოზით დარჩა დისციპლინა.

და, მთავარი.

დარჩა მთავარი მწვრთნელი ჰენრიკ დეტმანი. სპეციალისტი, რომელმაც ფინეთში კალათბურთის მუღამი დარგო. და, ეს მუღამი გაიშალა. დეტმანი დღესაც კითხულობს იქ  ლექციებს და ეს ბიძა მაგრად უყვართ.

მან ეს შრომით, შედეგით და ლტოლვით დაიმსახურა.

ფინეთთან საინტერესო გარჩევა იქნება.

ჩაუჯექით, დაწყების დრო კი იცით. წარმატებები ჩვენებს.