ბარსელონამ პაუ გასოლი წაიყვანა

ევროლიგაში ლეგენდა დაბრუნდა. ალბათ, ყველა დროის საუკეთესო ესპანელი. კალათბურთში.

პაუ გასოლი. 40 წლის ლეგენდა. თითქმის 20 წლის შემდეგ ბარსელონაში. გაასწორა.

გასოლს ტერფი ჰქონდა ნატკენი და ბარსელონა არ ჩქარობდა. გუნდი ეკონტაქტებოდა პაუს სამედიცინო შტაბს და იღებდა აუცილებელ ინფორმაციას.

მეგაპოპულარული გასოლი ბარსელონაში სეზონის ბოლომდე დარჩება.

და, პაუ აქ თითქმის უფასოდ ითამაშებს. ესპანელს ტოკოის ოლიმპიადაზე თამაში სურს და  ფინანსები აქ არ ფეთქავს.

და, ფეთქავს, პულსირებს გასოლი. ვეტერანს დღესაც შეუძლია ევროპაში ბევრის გაფუჭება. გასოლს აკლია სისწრაფე და გასოლი მთელ ევროლიგას ფორას მისცემს. კლასით, მუღამით, მიმწოლი ხასიათით.

 

პაუმ ამერიკაში ბოლო სეზონი მილუოკის მისცა. და, ლიმიტირებულ დროში მოკრძალებული 3.9 ქულა და 4.6 მოხსნა აკრიფა. არაგასოლური სტატისტიკა.

ესპანელი სეზონის ბოლომდე სიმბოლურ თანხას, 30 000 ევროს მიიღებს. ნაყინის ფული.


პარალელურად, ოლიმპიაკოსმაც კარგი სვლა გააკეთა.

ცსკაში გატარებული წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ევროლიგაზე დაბრუნდა ცენტრი კოსტა კუფოსი.

ვნახოთ, თუ გაქაჩავს.

გასოლის თემა მართლა საინტერესოა.

ველოდებით.