წავაგეთ და გავატაროთ

საქართველომ ფინეთთან 70:78 წააგო.


წააგო და წააგო, ყველა აგებს. დრიმ თიმმაც დაიწყო თავის დროზე.

საქართველო არ არის ფინეთზე იმდენად ცუდი ნაკრები, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ნორმალურად ლიდერობა ვერ მოასწროს.

და, ალბათ, იმის თქმაც არ მოსულა, რომ ფინეთმა უბრალოდ, რაც ისროლა, ყველაფერი ჩააგდო. ფინეთმა ორგანიზებულად ითამაშა და მოსაგები მოიგო.

უბრალოდ, არ იყო ჩვენი დღე. და, ორ მატჩში ორი არასასურველი შედეგის მიღებაც მოსულა. ჯერ სერბეთმა გვატკინა. შემდეგ - ფინეთმა.

და, აქ უკვე არ შეიძლება იმაზე საუბარი, ყველა რომ გვყოლოდა.

სერბეთს რომ ყველა ჰყოლოდა? და, ყველა არც არის საჭირო. ერთი შეთხელებული გენიოსი დენვერიდან და ერთიც ნაგიჟარი გენიოსი იტალიიდან სრულიად საკმარისი იქნებოდა.

უბრალოდ, საქართველომ აქ, საქართველოში ვერ ითამაშა.

გიორგი შერმადინი დომინანტია, მაგრამ გიორგის უნდა მისცე კარგი, დატვირთული, აქტიური და მოძრავი პერიმეტრი, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად არის. რომ ჩააგდოს. რომ არ ჩააგდებინოს. ამ ორ მატჩში იყო დიდი მონდომება და არ იყო შედეგი.

სუპერლიგა არ არის დაბალი დონე. სუპერლიგა არის ჩვენთვის ერთადერთი დონე და ამ დონემ წინა მატჩები მოგვაგებინა. ანუ, სუპერლიგამ არ მოგვაგებინა, მაგრამ ლიდერებთან ერთად ბიჭებმა წარმატებული პროდუქტი შექმნეს.

რა თქმა უნდა, თორნიკე შენგელიასთან ერთად სხვა გუნდი გვყავს. მოდით, ამერიკულ დესანტს ნუ ჩავთვლით. რეალურად ვისაუბროთ.

საქართველომ წააგო ორი თამაში და მოდით, მადლობა გადავუხადოთ მოთამაშეებს, რომლებმაც მაქსიმუმი მოგვცეს.

უბრალოდ, წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად ეს არ იყო საკმარისი.

რომ ვიგებდით, ხომ კარგი იყო? ხო ასწორებდა?

მოდით, წაგებულიც მივიღოთ და უკეთეს დროს დაველოდოთ.