უილტ ჩემბერლენის ამბებში

ჯოელ ემბიდს ისტორიულად მაგარი სეზონი აქვს.

30.5 ქულა. კარიერის საუკეთესო შედეგი. და, ჯოელმა უნდა შეინარჩუნოს 30+. ლარი ბერდს 0.01 ქულა დააკლდა.

11.0 მოხსნაც ასწორებს. ისევე, როგორც - 3.2 პასი, 1.3 ჩაჭრა და 1.3 დაფარება. ემბიდი მოედნის ორივე მხარეზე დომინირებს.

და, ჯოელი ამ სეზონში ორი მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ჯილდოს ფავორიტებშია.

MVP - ლებრონის შემდეგ, პირველი. ან - ნიკოლა იოკიჩთან ერთად, მეორე-მესამე. საპატიო ადგილი. ჯოელი შეუცვლელია. ახალ ფილადელფიაში განსაკუთრებით მკაფიოდ ვხედავთ ამ დომინაციის კონტურებს.

და, ემბიდმა ფილადელფიის ელიტ-კლუბის გასაღები მიიღო. ჯოელი გახდა მესამე ცენტრი სიქსერზის ისტორიაში, რომელმაც 50+ ქულა აკრიფა.

მანამდე იგივე გლიჯეს მოუზეს მელოუნმა და უილტ ჩემბერლენმა. იდეალური საახლობლო.

 

*****

 

ემბიდმა ეს 50 ქულა თითქმის უცენტრო ჩიკაგოსთან აკრიფა, მაგრამ აკრიფა და ეს დარჩება.

ფილადელფიის ისტორიაში მხოლოდ ჯოელს და უილტს აქვთ ერთ მატჩში 50 ქულა, 15 მოხსნა და 5 პასი.

ლიგის ისტორიაში მხოლოდ ჯოელს, რასელ უესთბრუქს, მაიკლ ჯორდანს და ჯეიმს ჰარდენს აქვთ რამდენიმე მატჩი სულ მცირე 45 ქულით, 15 მოხსნით და 5 პასით. საკაიფო საახლობლო.

2005 წლის დეკემბრის შემდეგ ემბიდი არის ფილადელფიის პირველი 50-ქულიანი ტიპი. მანამდე - ალენ აივერსონი. აბა, სხვა ვინ...?

ჯოელის გუნდი უმატებს (20:11, პირველი ადგილი) და აღმოსავლეთის მოგებაც მაგარი რეალურია. უბრალოდ, ემბიდი არ უნდა გაიტრავმოს. რაც, მაგარი სათუოა. და, ფილადელფია დოკ რივერსის კონსპექტებით ფინალამდე მივა. შეუძლია, რომ მივიდეს.

ჯოელი და ბენ სიმონსი ლიგაში ყველაზე სახიფათო 1-2 წყვილს ქმნიან. შეტევაშიც და დაცვაშიც.

ველოდებით უფრო დაუნდობელ ჯოელს.