რუსთავი კარგი მაგალითია

სუპერლიგას კარგი ლიდერი ჰყავს.

ქუთაისმა დაკარგა რამდენიმე ლეგიონერი და მოგება. ქუთაისმა ვერ შეინარჩუნა სტარტზე აღებული ტემპი და დადგა.

და, ლიდერი შეიცვალა.

რუსთავი.

რომელიც დღეს ყველაზე ჯანმრთელი, ყველაზე ღრმა და ყველაზე აწყობილია. რუსთავმა ისწავლა მინიმუმით მაქსიმუმის მიღება.

იზრდება და ბევრ საინტერესო სვლას გვთავაზობს ანატოლი ბოისა. შეიძლება, ვცდები, მაგრამ ამ ეტაპზე, რუსთავს საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი ჰყავს. ავანსის მიღების შემდეგ ბოისა უნდა გაიშალოს და ეს მხოლოდ ამ ბიჭზე იქნება დამოკიდებული.

და, ძალიან კარგად გამოიყურება რუსთავის სამი ახალგაზრდა ქართველი.

სამივე იღებს ნდობას და საკმარის დროს. სამივეს აქვს კარგი ფიზიკური კონდიციები. სამივე მშვენივრად უღებს ალღოს რუსთავის აგრესიულ კალათბურთს. და, სამივე სისტემის მოთამაშე გახდა.

 

*****

 

გიორგი თვალაბეიშვილი. 22 წლის. საშუალოდ 9.0 ქულა და 4.7 მოხსნა. მოასწრო ერთი ორმაგის გაკეთება. ეგრევე, პირველივე მატჩში.

პოზიცია - ოთხი ნომერი ან - ცენტრი. ძალიან კარგი პროცენტი საშუალოდან (არასრული 60). მისაღები სროლა და კარგი კოორდინაცია. კარგი ხელები და ბოისა მას ეტაპობრივად აკლებს ან - უზრდის დროს. მწვრთნელმა მიაღწია, რომ ცალკეული მოთამაშეები მშვიდად იღებენ დროის სეკვესტრს და გუნდურად აზროვნებენ. ერთ-ერთია თვალაბეიშვილი, რომელიც მშვენიერი და დამჯერი გუნდური მოთამაშე გახდა.

 

*****

 

ვახტანგ გაფრინდაშვილი. 21 წლის. საშუალოდ 4.5 ქულა და 2.9 მოხსნა. ხანდახან, ზედმეტად მომთმენია და, ხანდახან, ზედმეტად - აგრესიული. უნდა მონახოს ბალანსი და მოთმინება.

პოზიცია - უკანახაზელი. ორ მატჩში გაფრინდაშვილმა 10 და მეტი ქულა აიღო. არასაკმარისია. ორ მატჩში გაფრინდაშვილმა 20 და მეტი წუთი მიიღო. ცოტაა. გაფრინდაშვილს მთელ სეზონში მხოლოდ 4 სამიანი (14-დან) აქვს ჩაგდებული. ალბათ, ცოტაა. და, ბიჭმა 5 ტესტში 10 წუთზე ნაკლები მიიღო. ბევრად მეტი შეუძლია. ბევრად მეტს უნდა ქაჩავდეს. და, გვჯერა, რომ ბიჭი მოუმატებს. უნდა მოუმატოს. აუცილებლად. მწვრთნელი მას ენდობა.

 

*****

 

გუგა პატაშური. 22 წლის. საშუალოდ 9.1 ქულა და 4.1 მოხსნა. ტიტებში და თსუ-ში თამაშით მიიღო აუცილებელი გამოცდილება და ბოისას გუნდის უცვლელი იარაღი გახდა.

პოზიცია - მეოთხე ნომერი. ძალისმიერი? არის. დამჯერი? აუცილებლად. აგრესიული? ზომიერად. რამდენადაც გუნდს სჭირდება. და, ამ მიქსით ბოისამ მიიღო ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მაღალი (200 სანტიმეტრი), რომელიც დღეს, როტაციის უცვლელი წევრია. სტარტზე ბიჭი მეტ დროში მეტს ასწრებდა, მაგრამ გუგა არ არის გუნდურობის წინააღმდეგი და მწვრთნელის შენიშვნებს მშვიდად, დამჯერად იღებს. ის პროგრესირებს.

 

*****

 

და, ჩვენ გვყავს გუნდში უკვე გამოცდილი გეგი ბაქრაძე. რომელიც ბოისას ერთ-ერთი პერსონალური ფავორიტი გახდა. და, გეგი ამართლებს ნდობას. 26 წლის მაღალი, რომელიც დელტაში ჩემპიონი იყო და რუსთავში - შეუცვლელი სისტემური მოთამაშე. ბაქრაძე ახალგარზდებისთვის კარგი მაგალითი და ლიდერია.

რა თქმა უნდა, გუნდში სხვებიც კარგები არიან. ქართველებიც და არაქართველებიც.

უბრალოდ, დღეს ამ ბიჭებზე დავილაპარაკეთ და შეიძლება, შემდეგში სხვებზე უფრო დეტალურად გიამბოთ.

მანამდე, კარგი სურვილებით გემშვიდობებით.

 

ფოტო: www.gbf.ge