დარჩი ფრაიბურგში!

„სანამ ფრაიბურგთან კონტრაქტს გავაფორმებდი, არაფორმალური და ღია საუბარი გვქონდა. ისეთი, თითქოს მთელი ცხოვრება ამ კლუბში ვთამაშობდი. არადა, არც ვიცოდი, სად იყო ფრაიბურგი. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, თავიდან რა ხელფასს ვიღებდი. თუმცა რაც ვიცოდი, კლუბი ბუნდესლიგაში გადასასვლელად იბრძოლებდა. აი, ასეთ გუნდში უნდა წავსულიყავი“ - ეს ალექსანდრე იაშვილის სიტყვებია, მისი ინტერვიუ გერმანულ საიტებზე (Transfermarkt.De) გამოქვეყნდა.

 

საიტზე აღნიშნულია, რომ იმ 19 წლის იაშვილს ლონდონის არსენალიც აკვირდებოდა.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახლანდელმა ვიცე-პრეზიდენტმა სხვა ამბებიც გაიხსენა: „ბრწყინვალე გუნდი გვყავდა. მხიარული ბიჭები. დაძაბული ვარჯიშების მერეც კი ერთი სული გვქონდა, როდის იქნებოდა შემდეგი ვარჯიში“.

 

 

სხვა გუნდებისგან მიწვევებზე: „ახლა არ დავასახელებ კლუბებს, მაგრამ იყო წინადადებები გაცილებით ძლიერი გუნდებისგან. ინტუიცია მკარნახობდა: „დარჩი ფრაიბურგში“. რა თქმა უნდა, მეტი ფულის შოვნა შემეძლო, მაგრამ ვიქნებოდი თუ არა სხვაგანაც ისეთი ბედნიერი, როგორც ფრაიბურგში, გამოცანა იყო...“.

 

ფოლკერ ფინკეზე: „მახსოვს პირველი ჩამოსვლა ფრაიბურგში. ძალიან ცხელოდა, მშიოდა და მწყუროდა. ავტობუსით სადღაც გავჩერდით, სწრაფად შევედი მარკეტში, ვიყიდე ბუტერბროდი და კოკა-კოლა. ფინკემ წყენით შემომხედა და მითხრა: „შენ სპორტული მანქანა ხარ და სპორტული მანქანებიც არ ივსებიან არასასარგებლო რამეებით...“ ფინკე ჩვენთვის იყო მწვრთნელიც, აღმზრდელიც, მამაც. ის ყველას თბილად გვექცეოდა. ფინკესთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ლეგიონერებს მალე გვესწავლა გერმანული ენა“.

 

ქართულ ფეხბურთზე, ნაკრებში ვილი სანიოლის მიწვევაზე... გერმანელები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ბევრი სტადიონი აშენდა და მინდორი დაიგო. „ალბათ, ბევრს გაეღიმება, მაგრამ დიდი მიზნები გვაქვს. ის ფაქტი, რომ ვილი სანიოლი ჩამოვიყვანეთ მწვრთნელად, ნიშნავს, რომ უცხოეთში საქართველოს პატივს სცემენ და საფეხბურთო განვითარების კუთხით აფასებენ. ასეთივე ფაქტია, რომ 2023 წელს რუმინეთთან ერთად ვუმასპინძლებთ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს. დარწმუნებული ვარ, ქართულ ფეხბურთს მშვენიერი მომავალი აქვს“.