ჩემპიონთა ლიგის პრევიუ - საქმეში ჩემპიონი ერთვება

დღეს ჩემპიონთა ლიგის 2 1/8 ფინალური მატჩი გაიმართება. ლაციო რომში მოქმედ ჩემპიონ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს, ხოლო ატლეტიკო კოვიდ შეზღუდვების გამო ბუქარესტში ჩელსის დაუხვდება. 

 

ლაციო - ბაიერნი

 

ლაციო

 

ლაციო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 19 წლიანი შესვენების შემდეგ ითამაშებს. გუნდი ბაიერნთან მატჩს კარგ ფორმაში ხვდება, ბოლო 10 შეხვედრიდან დედაქალაქელებმა 8 მოიგეს და 2 წააგეს. ბოლო თამაშში სამპდორიას 1:0 სძლიეს. განსაკუთრებით კარგ ფორმაშია ჩირო იმობილე, რომელმაც ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 4 მატჩში 5 ბურთი შეაგდო, სულ კი 19 გოლით იწონებს თავს. 

 

სიმონე ინძაგის შეგირდებმა ლიგის ჯგუფი დორტმუნდთან 3:1 მოგებით გახსნეს, შემდეგ იყო ზედიზედ 2 1:1 ბრიუგესთან და ზენიტთან, რასაც რუსებთან 3:1 გამარჯვება მოჰყვა, დორტმუნდთან 1:1 და ბოლოს ბრიუგესთან 2:2. ასე გავიდა ლაციო F ჯგუფიდან მეორე ადგილით. გუნდს დღეს ტრავმის გამო ტომას სტრაკოშა, ლუის ფელიპე და სტეფან რადუ დააკლდება. 

 

ბაიერნი

 

მოქმედი გამარჯვებულები ლაციოს მსგავსად კარგ ფორმაში არიან, თუმცა გუნდმა ბოლოს მოუკლო. ფლიკის შეგირდებმა ბოლო 10 შეხვედრიდან 7 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 2-ჯერ დამარცხდა, ბოლოს კი აინტრახტთან 1:2 წააგო. რეკორდმაისტერთა მთავარი მეგოლე რობერტ ლევანდოვსკი ცალკე სათქმელია, პოლონელმა ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 21 მატჩში 26 გოლი გაიტანა. 

 

ბაიერნმა A ჯგუფში 5 მატჩი მოიგო (ატლეტიკოსთან 4:0; მოსკოვის ლოკომოტივთან 2:1; ზალზბურგთან 6:2; ზალზბურგთან 2:1; მოსკოვის ლოკომოტივთან 2:1) და 1 ფრედ ითამაშა (ატლეტიკოსთან 1:1). მოქმედ ჩემპიონებს დღეს ტრავმის გამო კორენტინ ტოლისო, დუგლას კოშტა, სერჟ გნაბრი და ალექსანდრ ნიუბელი დააკლდებათ.

 

ატლეტიკო - ჩელსი

 

ატლეტიკო

 

მართალია ატლეტიკო ლა ლიგაში ერთპიროვნული ლიდერია, თუმცა ბოლო დროს საქმე აერია. ბოლო 10 თამაშიდან 6 მოიგო, 2 წააგო და 2 ფრედ დაასრულა, წარუმატებელი მატჩები განსაკუთრებით ბოლო პერიოდზე მოდის. აი წინა შეხვედრაში როხიბლანკომ ლევანტესთან 0:2 მარცხი იწვნია. აღსანიშნავია, რომ გამოცდილი ლუის სუარესი შესანიშნავ ფორმაშია, ურუგვაელმა ამ სეზონში 16 ბურთი შეაგდო, თუმცა ლიგაზე ჯერაც არ გაუტანია. 

 

ატლეტიკომ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფი ბაიერნთან 0:4 მარცხით დაიწყო, ზალცბურგს 3:0 მოუგო. შემდეგ იყო ზედიზედ 3 ფრე (მოსკოვის ლოკომოტივთან 1:1; კვლავ ლოკომოტივთან 0:0; ბაიერნთან 1:1), ბოლო ტურში კი ზალზბურგს 2:0 მოუგო. გუნდს ტრავმის გამო იანიკ კარასკო, ხოსე ხიმენესი და სიმე ვრსალკო არ ეყოლება, დისკვლაიფიკაციის გამო კი მატჩს კეირან ტრიპიერი გამოტოვებს. 

 

ჩელსი

 

ჩელსის ტუხელის მისვლა აშკარად კარგად წაადგა. გუნდმა ბოლო 10 მატჩიდან 7 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ბოლო მატჩში გუნდმა საუთჰემპტონთან 1:1 ითამაშა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში არისტოკრატებიდან ყველაზე მეტი 6 გოლი ტონი აბრაჰამის ანგარიშზეა. 

 

ჩელსიმ ლიგის E ჯგუფი სევილიასთან უგოლო ფრით დაიწყო, შემდეგ იყო კრასნოდართან 4:0 მოგება, რენთან 3:0 გამარჯვება, კვლავ რენთან ამჯერად 2:1 მოგება, სევილიასთან 4:0 და ბოლოს 1:1 კრასნოდართან. არისტოკრატებს ტრავმის გამო ახალწვეული ტიაგო სილვა დააკლდებათ.