თებერვლის დასაწყისში ბრიტანულ საფეხბურთო სამყაროში ერთი სენსაციური ამბავი მოხდა. მანჩესტერ იუნაიტედის 49 წლის ლეგენდარული ირლანდიელი კაპიტანი როი კინი სოციალურ ქსელში გამოჩნდა. საკუთარი ინსტაგრამის გვერდი დააარსა და ფოტოების გაზიარება დაიწყო.
სენსაციური კი ეს ამბავი იმიტომ არის, რომ როი ძველი ყაიდის კაცია, უყვარს იარაღი, ნადირობა და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეჭვის თვალით უცქერდა. ამბობდა კიდეც, ეგ რა კაცების საქმეაო.
მაგრამ ეტყობა ოჯახში დაიყოლიეს და გაინსტაგრამდა კაცი. ჯერ ძაღლთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა, რომლის შემდეგაც უმალ მილიონზე მეტი გამომწერი მოუგროვდა. ახლა კი შვილიშვილთან გადღებული სურათი გამოამზეურა წარწერით: პაპაილა!
კინი უკვე 20 წელიწადია დაქორწინებულია ტერეზა დოილზე. მათ ხუთი შვილი ჰყავთ.