აანთეთ სანთელი, ეძებეთ ფეხბურთელები

 

 

 

 

 

 

 

საოცრად დაემთხვა, ამ ბოლო დროს ამხანაგებთან, კოლეგებთან თუ სხვა ხალხთან, გიორგი წიტაიშვილზე ვლაპარაკობდი. იმედი მქონდა, რომ ვიპოვიდი ვინმე კომპეტენტურს, რომელიც მეტყოდა, არსებობს თუ არა ამ ბიჭის საქართველოს ნაკრებში ნახვის შანსი. მაგრამ, მეტწილად ხალხს ან გაგონილი არ ჰქონდა ვინ არის წიატიშვილი, ან მეუბნებოდნენ, რაკი მაგ ბავშვს პატრონი ჰყავს, საქართველოს ნაკრებში არ ითამაშებსო.

ჩვენი ბლოგის მკითხველმა ცხადია იცის, რომ ლაპარაკია ვეტერანი ფეხბურთელის კლიმენტი წიტაიშვილის შვილზე, რომელიც მამის კარიერის გამო ისრაელში დაიბადა და უკრაინაში გაიზარდა. ის, როგორც ცნობარებში წერენ, კიევის დინამოს აღზრდილია და არის სულ რაღაც 20 წლის.

 

Heorhiy Tsitaishvili - Wikipedia

 

ახლა, ვინმე მისაყვედურებს, საქართველოს ნაკრები საცდელი პოლიგონი ხომ არ გგონია, ჯერაც უცნობი ახალგაზრდა რომ „მოგყავსო“. ვადასტურებ, ნაკრები საცდელი პოლიგონი არ არის… ნუ, ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყოს, მაგრამ თქვენც დამეთანხმეთ, არ ვართ ფეხბურთელებით ისე განებივრებულები, ეროვნულ გუნდში ხალხს მაინცდამაინც ევროპის ტოპ ხუთი ლიგიდან რომ ვიწვევდეთ, უფრო ქვემოდან მოყვანას კი ვუკადრისობდეთ. პირიქით, მე თუ მკითხავთ, სრულიად საწინააღმდეგოდ გვაქვს საქმე: ხალხს სანთლით ვეძებთ. ხანდახან, მგონი გუნდს ხეირიანად თერთმეტამდე ვერ ვავსებთ. ნუ, თხუთმეტ-თექვსმეტამდე მაინც. მოკლედ, ზუსტად ის შემთხვევაა პოეტმა რომ თქვა: საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი.

თან, გიორგი წიტაიშვილი ვისთვის უცნობი ფეხბურთელია და ვისთვის უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე, სადაც 8 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი. გიორგის ნათამაშები აქვს უკრაინელთა 20, 19, 18 და 17 წლამდელების ნაკრებ გუნდებში, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ევროპის უდიდეს და ბარეორზე არანაკლებ საფეხბურთო ქვეყანაში ის ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო.

ახლა კი, მოგახსენებთ მე რატომ დამჩემდა ამ ბოლო დროს მისი ხშირად ხსენება. რატომ და ინტერნეტში კიევის დინამოს პრეზიდენტის იგორ სურკისის და ყოფილი მწვრთნელის, ძველი საბჭოთა ვარსკვლავის იოჟეფ საბოს ინტერვიუები ვნახე. როგორი ინტერვიუები იყო, იცით? მიმდინარე ამბებზე კი არა, მთისაზე და ბარისაზე რომ ლაპარაკობდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ ორივემ ახსენა წიტაიშვილი. ახსენეს როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა, კიევის დინამოს ხვალინდელი დღე.

თუმცა, სურკისმა ისიც თქვა, ახლა ცოტა ხნით, გამოცდილების შესაძენად სადმე გავუშვებთო (ინტერვიუში სიტყვა გაუწყდა და მერე აღარ დაუზუსტებია სად) და გაუშვა კიდეც ვორსკლაში. ჯერჯერობით გიორგი დინამოში თურმე ვიქტორ ციგანკოვს ვერ სჯობნის.

 

Georgi Tsitaishvili :: Heorhii Tsitaishvili :: Dynamo Kyiv

 

და აი, ამ დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ეს ძალიან დასაფასებელია. ახალგაზრდა, რომელსაც, თუ სწორედ ვხვდები, საქართველოში ფაქტიურად არ უცხოვრია, უარს ამბობს უკრაინის ნაკრებზე და თანხმდება იმ გუნდში თამაშს, რომელიც… ღმერთმა ქნას პროგრესის გზას დაადგეს.

და ამაზე იცით რა გამახსენდა? 2015 წელს ბაქოში ვიყავი პირველ ევროპულ თამაშებზე. რაც მე იქ, ქართველები ვნახე… თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, კლასიკოსები (ბერძნულ-რომაული), სამბისტები, ძიუდოისტები, ზოგი საქართველოს ნაკრებიდან, ზოგი სომხეთის ნაკრებიდან, ზოგი აზერბაიჯანის, ზოგი ესპანეთის, ზოგიც საბერძნეთის გუნდებიდან… საფრანგეთის ძიუდოისტ ქალთა ნაკრების მწვრთნელიც კი ქართველი იყო. მაგრამ, ეს ჭიდაობებია. იქ შეგვიძლია ერთდროულად მაგრებიც ვიყოთ და სხვებიც მოვამარაგოთ ძალიან ძლიერი სპორტსმენებით, რომლებიც ჩვენს ნაკრებში ვერ ხვდებიან. აი, ფეხბურთში კი…

საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი…