საბონისი თუ ვუჩევიჩი?

ნიკოლა ვუჩევიჩი ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილეა. უკვე, მეორედ.

დომანტას საბონისი ოფსაიდშია.

ნიკოლა საშუალოდ 24.0 ქულას, 11.7 მოხსნას, 3.7 პასს აგროვებს.

ლიტველი - 21.5 ქულა, 11.6 მოხსნა, 5.7 პასი.

რომელი უფრო იმსახურებდა იქ, საუკეთესოებში არჩევას?

ალბათ, მაინც ლოგიკურია ვუჩევიჩის არჩევანი.

ორლანდო ლიგის ყველაზე სუსტი გუნდია. ნიკოლას გარეშე. და, ინდიანას ჰყავს მალკოლმ ბროგდონი და მაილზ ტერნერი.

საბონისი გახდა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელიც არ აირჩიეს ოლსთარზში მინიმუმ 20 ქულით, 10 მოხსნით და 5 პასით. საუბარია საშუალო სტატისტიკაზე.

საბონისი მესამეა მაღლებში სამმაგი დუბლებით ნიკოლა იოკიჩის და იანის ანტეტოკუმპოს შემდეგ.

ვუჩევიჩს ნაკლები სამმაგი აქვს, მაგრამ ნიკოლა ქულების მანქანა, შეუჩერებელი შემტევი გახდა.

საბონისს ალბათ, კიდევ არაერთხელ აირჩევენ ამ მატჩის მონაწილედ. არ იქნება ოფსაიდში ნიკოლაც. რომელიც უკეთეს, უფრო სტაბილურ გუნდში უნდა გადავიდეს.

და, როდესაც ლიტველის პლიუსებზე ვსაუბრობთ, მინუსიც გავიხსენოთ - დომანტასი საშუალოდ 3.4 შეცდომაზე ავიდა. ვუჩევიჩი - მხოლოდ 1.6 შეცდომას უშვებს.

და, ნიკოლა დომანტასს თითქმის ყველა კომპლექსური სტატისტიკური მაჩვენებლით უჯოკრავს.

მოკლედ, ვუჩევიჩი კარგი უპირატესობით.

თქვენ რას ფიქრობთ?