Bene Sport - მომავალზე გათვლა, ანუ არის სკაუტიზმი ქართულ ფეხბურთში?

დაახლოებით 7 თვეა, რაც საფეხბურთო სააგენტო bene sport-ი ჩამოყალიბდა. აღმასრულებელი დირექტორი 36 წლის ირაკლი ლილუაშვილია - ყოფილი ფეხბურთელი, სლოვაკურ და უკრაინულ კლუბებში თამაშობდა, თბილისის დინამოშიც იყო. რამდენიმე წლის წინ სფფ-ის აკადემიის ხელმძღვანელი იყო. bene sport-ში მუშაობს საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ცქიტიშვილი.

 

ირაკლი ლილუაშვილს სააგენტოს შესახებ დავუკავშირდით და ზოგად საფეხბურთო პრობლემებზე უფრო ბევრი საუბარი გამოგვივიდა. ასეა, სხვანაირად არ გამოვა:

 

ლილუაშვილი: - ჩვენი მოქმედების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფეხბურთელი არა მხოლოდ გადავიყვანოთ ერთი გუნდიდან მეორეში, არამედ მას ყურადღება მივაქციოთ ამ ტრანსფერის შემდეგაც. ანუ, გავუწიოთ სერვისი. გვყავს სკაუტები თბილისშიც და რეგიონებშიც. და აქ არის ერთი მთავარი არსი: სკაუტიზმი არ ნიშნავს, რომ ერთ მატჩში მოეწონოს ფეხბურთელი და მორჩა. არა, ამ ფეხბურთელზე მიდის დაკვირვება არასაფეხბურთო კუთხითაც. ანუ, რამდენად უყვარს თავისი საქმე, რა დროს უთმობს, რამდენად გამოდის კომფორტის ზონიდან. მაქსიმალურად ვცდილობთ მშობლების როლის ჩამოშორებას კარიერაში. ვაწერინებთ ბენე სპორტ-თან ხელშეკრულებას. იმის გარდა, რასაც კლუბი უკეთებდა, ვუმატებთ ფსიქოლოგიაზე მუშაობას.

 

 

- წლოვანება? განსაზღვრული ასაკის ფეხბურთელები გყავთ?


- არა. შეიძლება 15 წლის იყოს, შეიძლება 12-ის, შეიძლება 23-ის და ასე შემდეგ. უფრო ახალგაზრდებზე ვმუშაობთ, აკადემიის ბავშვებზე, მაგრამ თუ ვხედავთ, რომ თუნდაც 20 წელს გადაცილებული ფეხბურთელის კარიერა ისე არ მიდის, რასაც იმსახურებს და რაღაც მომენტებში არ გაუმართლა, მასაც ხელი უნდა მოვკიდოთ. ამაზე უარს არ ვამბობთ.

 

- ფსიქოლოგია ახსენეთ. ხშირად ისმის, მაგრამ სპორტული ფსიქოლოგია საქართველოში ვერ დაინერგა.


- აღმზრდელობით მუშაობას ვცდილობთ. 7 თვეა, რაც შევქმენით სააგენტო. ბენე სპორტმა იცის რა მოთხოვნები აქვთ გუნდებს და სწორად ვაწვდით იმ პროფილის ფეხბურთელებს, რომლებიც მათ სჭირდებათ დინამოს აკადემიას ვაწვდით ფეხბურთელებს, რომლებიც უკვე არიან 17 წლისები. ლოკომოტივში, სამგურალში. ყოველ წელიწადს ვხვდებოდი ფსიქოლოგებს, მაგრამ გამომიმუშავდა იგივე სფფ აკადემიაში, სადაც რამდენიმე წელი ვიმუშავე. მშობლებს რასაც ვერ ეუბნებიან, შენ გეუბნებიან, ცხოვრობენ შენთან. მთავარია, სწორად მიუდგე. ხშირად ხდება, რომ სასწაული მოლოდინი აქვთ ფეხბურთელისგან იგივე ოჯახს, სამეგობროს. არარეალურს ქმნიან მოლოდინს, იმიტომ რომ გარემოება უქმნით. თუმდაც ნაკრების თემა: „თუ ნაკრებში ვერ მოხვდი, მორჩა, ესე იგი, ფეხბურთელი ვერ გამოხვედი“ - დღეს ასეთი მიდგომა აქვთ რატომღაც ჩვენს ახალგაზრდებს, არადა, როგორ უნდა მოხვდე ნაკრებში, თუ სწორ საკლუბო კარიერას ვერ იწყობ?

 

- პირადად ჩვენც არაერთხელ დაგვიწერია, რომ კლუბები ახალგაზრდებზე ნაკლებად აკეთებენ აქცენტს და ბევრი იკარგება ამის გამო.


- გეთანხმებით. საშუალო ასაკს რომ ჩახედო თუნდაც დაბალ ლიგებში, საკმაოდ მაღალია. თითქმის ყველგან 25 წელზე მეტია. ეს კატასტროფაა. საშველი ის არის, რომ ყველა გუნდში მენეჯერი იქნება თუ მწვრთნელი, კურსი აიღოს მომავლისკენ. როგორ შეიძლება, 19-20 წლის ახალგაზრდას ერთწლიანი კონტრაქტი დაუდო. გავა ერთი წელი, წავა ეს ბიჭი. იმის ნაცვლად, რომ გაზარდო, სამომავლოდ ინვესტიციაზე იფიქრო. ალბათ, ასაკობრივი ზღვარი უნდა დაიწიოს. კარგია, რომ რამდენიმე გუნდმა მოგვმართა, რეკომენდაცია მოგვეცით გრძელვადიანი გეგმა როგორ გავაკეთოთო. რომ ამბობენ კლუბები, ტელევიზიიდან თანხას ვერ ვიღებთ, ბილეთებს ვერ ვყიდით, მაისურებს ვერ ვყიდითო, ერთადერთი რა დარჩა? სატრანსფერო ბაზარი, ვიღაც გაყიდო. აი, გორის დილა იქცევა სწორად ნიკა გაგნიძის შემთხვევაში. 2001 წელს დაბადებული, ადგილობრივი, თავიანთი აღზრდილი - ვინ იცის, როგორ მოუმატებს კიდევ ეს ფეხბურთელი, სამომავლოდ ფიქრობენ. საბურთალომ რამხელა პლუსი მიიღო 1996 წელს დაბადებულებით, როცა ინვესტიცია ჩადო ახალგაზრდებში. მერე კი, თუ ამ გზას გადაუხვევ, შედეგიც იკლებს წლების მერე. აი, ლოკომოტივი დაადგა ამ გზას. დარწმუნებული ვარ, რომ მთელ საქართველოს მასშტაბით გვყავს ისეთი ნიჭიერები, ევროპაში ნებისმიერ ჩვენხელა ქვეყანას არ ჩამოვრჩებით ამ მხრივ, მაგრამ 15 წლის რომ გახდებიან, აი მერე ჩნდება პრობლემები, განვითარების არასწორი გზები. ვერ შედის ფეხბურთელი ამა თუ იმ წრეში, ეროვნული ლიგა და ეროვნული ლიგა 2 რომ ჰქვია. უწევს ქვემოთ ჩასვლა, ჩადის  დაბალ ლიგაში და ფსიქოლოგიურად ტყდება. აი, სწორედ ესაა, ასეთ სიტუაციაში ჩავარდნილ ბიჭებს დახმარება სჭირდებათ, მაგრამ თავადაც უნდა მოერიონ თავს. აქ ვხედავ შუამდგომლობის აზრს. პოტენციალი დევს მათში. ფეხბურთელი თავის თავს ვერ შესთავაზებს კლუბს, დამიტომ უნდა არსებობდეს სამენეჯერო სისტემა და სკაუტიზმი. ახალგაზრდები რომ დაიკარგებიან, მერე ეს ურტყამს 21-წლამდელტა ნაკრებს, ასევე ეროვნულ ნაკრებს. 

 

- სკაუტიზმი - ამაზე უფრო ვრცლად ვილაპარაკოთ.


- არსებობს საერთოდ სკაუტიზმი საქართველოში? თამაშებზე სიარულია საჭირო. მიზნად მაქვს, რომ სემინარები შემოვიღოთ, ევროპულ ქვეყნებში როგორი დაფასებულები არიან, კარგად იცით. ჯერ რა საინტერესო სამუშაოა... ჩვენთან დაკარგულია ეს, სამწუხაროდ. თავის დროზე საბურთალომ და დინამომ კი გააკეთეს, მაგრამ უფრო დასახვეწია. სკაუტი შემდეგ შესაძლოა მენეჯერი დადგეს, თუ გამოიმუშავებს ფეხბურთელთან ურთიერთობის თვისებებს. პატრონობა, მიდგომა და სწორ გზაზე დაყენება თუ შეუძლია. ასეთ ადამიანებს ბენე სპორტი ეძებს. კლუბის შენებაზეც ვიტყვი: ჯერ ფეხბურთელები მიჰყავთ და მერე იწყებენ კითხვას, უი, ავტობუსი გვყავს? სავარჯიშო მოედანი გვაქვს? ფეხბურთელის მიყვანა ბოლო სტადია უნდა იყოს, მანამდე კარგი იქნება, თუ კლუბი ელემენტარულ რაღაცეებს დააკმაყოფილებს.