უელსმა Triple Crown მოიგო - წინ გრანდ სლემია

უაღრესად დრამატული და საინტერესო გამოდგა 6 ერის III ტურის ცენტრალური დაპირისპება კარდიფში, „პრინციპალითი სთედიუმზე“, სადაც უელსმა ინგლისს 40:24 სძლია.

„წითელმა დრაკონებმა“ შეხვედრა უკანასკნელ 30 წუთში მოიგეს და არა მატჩის დასაწყისში, როდესაც მეტოქემ მათ 2 ლელო აჩუქა.

მე-15 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მასპინძლებმა ინგლისელთა ნახევარზე ჯარიმა მოიპოვეს. შეხვედრის ფრანგმა რეფერიმ - პასკალ გოიზერმა სტუმართა კაპიტანს  - ოუენ ფარელს უთხრა, რომ მომდევნო თამაშის წესის დარღვევა ყვითელ ბარათად დაუჯდებოდათ. „ალისფერმა ვარდებმა“ რატომღაც გადაწყვიტეს რომ უელსელები ჯარიმას კარში ურტყავდნენ და ძელებს უკან შეიკრიბნენ. ამით ისარგებლა მასპინძელთა გამთამაშებელმა  დენ ბიგარმა - დიაგონალზე ბურთი ფეხით გადაუკიდა  ჯოშ ადამსს, რომელსაც აღარ გასჭირვებია ლელოს დადება უკიდურეს მარცხენა კუთხეში.

29-ე წუთზე  ინგლისელებმა კიდევ ერთი ბავშვური შეცდომა დაუშვეს - გადმოკიდებულ ბურთზე უხეიროდ ითამაშეს - ჩათვალეს რომ მეტოქის გარემარბ ლუის რის ზამეტზე წინ თამაში იყო და ამ მიზეზით გაჩერდნენ, სიტუაციაში ყველაზე სწრაფად უელსელთა ფულბეკი ლაიამ უილიამსი გაერკვა - აიტაცა ბურთი და ლელო დადო - ვიდეო რეფერიმ მომენტი გადაამოწმა, ვერანაირი წესის დარღვევა ვერ დაინახა და ლელოც ჩაითვალა.

მეორე ტაიმის სტარტზე „ალისფერი ვარდები“ კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ საკუთარ 22 მეტრიან ზონაში. ინგლისელები ზურგით მოტრიალდნენ და პოზიციური გადაწყობა დაიწყეს. ასეთი უყურადღებობით ისარგებლა უელსელთა N9-მ კირან ჰარდიმ, რომელმაც სწრაფად გაათამაშა ბურთი, შეძვრა მეტოქის დაცვაში და მესამე ლელოც დადო.

მიუხედავად ასეთი ბავშვური შეცდომებისა, ინგლისმა მაინც მოახერხა შეხვედრაში ინტრიგის დაბრუნება  - ენტონი ვოტსონის 5 ქულიანი შეტევით და ოუენ ფარელის ბრწყინვალე ფეხჩუბინობით (3 ჯარიმა+1რეალიზაცია) „ვარდებმა“ ჯერ შეამცირეს ჩამორჩენა, ხოლო 62 წუთზე ბენ იანგზის დადებული ლელოთი ანგარიშიც გათანაბრეს   24:24.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ინგლისი ამ მოპოვებულ ფსიქოლოგიურ უპირატესობას ხელიდან არ გაუშვებდა  და მატჩს მოიგებდა კიდეც, თუმცა სწორედ აქ გამოჩნდა  უელსელთა მტკიცე ხასიათი - შეცვლაზე შემოსულმა კალუმ შიდიმ 3 საჯარიმო დარტმა 9 ქულად აქცია და ფაქტობრივად გაუნაღდა მასპინძლებს გამარჯვება.

ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, „წითელმა დრაკონებმა“ ბონუს ქულის მომტანი მეოთხე ლელოც დაუდეს პრინციპულ მეტოქეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს 40:24.

უელსმა 23-ედ მოიპოვა  Triple Crown (ბოლო გამარჯვება 2019 წელს) და ახლა გაუჩნდა შანსი 6 ერის გათამაშება დიდი სლემით მოიგოს (დაამარცხოს ყველა მეტოქე).

თანამედროვე რაგბში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება - უენ პივაკის გაწვრთნილმა უელსმა შარშან მე-5 ადგილი დაიკავა 6 ერზე და წელს ტურნირის აუტსაიდერად ითვლებოდა, თუმცა 3 ტურის შემდეგ მოპოვებული 14 ქულით ისინი ერთპიროვნულად ლიდერობენ ცხრილს.

 

III ტურის მორიგ შეხვედრაში ირლანდიელებმა სტუმრად გაანადგურეს იტალიის ნაკრები 48:10. სამყურებმა მეტოქის ჩათვლის მოედანში 6 ლელოს დადება მოახერხეს, საკუთარში კი მხოლოდ ერთი მიიღეს.

შეიძლებოდა სხვაობა კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო, თუმცა ვიდეო რეფერიმ „სამყურების“ 2 ლელო გააუქმა .

შეხვედრის გმირი ირლანდიელთა კაპიტანი ჯონათან სექსტონი გახდა, რომელმაც უზადოდ ურტყა ბურთი მეტოქის კარისკენ და მატჩი 18 ქულით დაასრულა (2 ჯარიმა+6 რეალიზაცია).

მარადიულ ქალაქში მოპოვებული ბონუს ქულიანი გამარჯვების ფონზე ირლანდიელებმა სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციამდე აინაცვლეს (7 ქულა) და ჩამოიტოვეს ინგლისელები (6 ქულა, მეოთხე პოზიცია).

კაკი ყიფშიძე 28 თებერვალი 2021 -06:46