ბრამბიზმა ვორათაზი შეარცხვინა

სუპერ რაგბის ავსტრალიურ დივიზიონის უმთავრესმა ფავორიტმა ბრამბიზმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა  ვორათაზს და მეტოქე სარეკორდო სხვაობით დაამარცხა 61:10.

ტურნირის მოქმედ ჩემპიონებს GIO STADIUM-ზე უკანასკნელი 18 შეხვედრიდან 17 აქვთ მოგებული და ისინი გაჩერებას არ აპირებენ.

„ბრამბიზმა“ მოწინააღმდეგეს 9 ლელო დაუდო, საკუთარ ჩათვლის მოედანში კი მხოლოდ 1 მიიღო. მატჩის გმირი  მასპინძელთა გარემარბი მაკ ჰანსენი გახდა, რომელმაც ჰეთრიკი შეასრულა.

ორი ნათამაშები ტურის შემდეგ დივიზიონს ბრამბიზი და რედსი ლიდერობენ 9-9 ქულით, რებლზი მესამეა (1 ქულა), ხოლო ვორათაზი და ფორსი უქულოდ იმყოფებიან.

 

 

გაცილებით უფრო საინტერესო და დაძაბული გამოდგა ახალ ზელანდიური დივიზიონის შეხვედრა ჰარიკეინზსა და ბლუზს შორის.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში უკეთესად „ქარიშხლები“ გამოიყურებოდნენ და ასაფო აუმუას დადებული ლელოთი წინაც გავიდნენ 11:7.თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში ბლუზმა აიწყვიტა - დასკვნითი 30 წუთი სტუმრებმა ბევრად უკეთესად ჩაატარეს - კლარკმა, პეროფეტამ და იოანემ ერთმანეთზე ლამაზი ლელოები დადეს და ოკლენდელებმა  სადებიუტო გამარჯვება იზეიმეს 31:16.

 

კაკი ყიფშიძე 28 თებერვალი 2021 -07:33