ოლიმპზე

დავით როგავასთან ერთად ოლიმპი ბევრს იგებს.

დეკემბერში ოლიმპმა წააგო რუსთავთან 57:75. რუსთავთან წელს თითქმის ყველა აგებს.

და, დაიწყო ეს სერია. 81:79 მგზავრებთან. კახა ჯინჭარაძე - 35 ქულა. ოლიმპმა გაძლო.

88:78 ბათუმთან. ბათუმში. ოლიმპმა ბალანსით და დევანტე ფოსტერის აგრესიით მოიგო. მნიშვნელოვანი გამარჯვება.

იანვარში სუპერლიგამ დაისვენა და დაიწყო, განახლდა თებერვალში. 84:83 დინამოსთან. მიმდინარე რეგულარულის ერთ-ერთი არანორმალური თამაში. რომელშიც დინამოც იმსახურებდა მოგებას. და, ჯინჭარაძემ 32 ქულა აკრიფა. ბრავო!

92:77 ქუთაისთან. ქუთაისში. ფავორიტს აკლდა რამდენიმე ლიდერი და ოლიმპს არ აკლდა რწმენა. ჯინჭარაძე ამჯერადაც პირველია - 17 ქულა.

და, მეხუთე სვლა. 89:81. ცხუმ-აფხაზეთთან. და. ამჯერადაც ჯინჭარაძემ დაგლიჯა - 27 ქულა, 9 მოხსნა. შეუჩერებელი!

 

*****

 

ხუთივე ტესტში ოლიმპის მთავარი მწვრთნელი იყო როგავა. რომლის ძმაც, ოლიმპის ექს-ლიდერი რეზო უკვე ლეგიონერია.

როგავამ წააგო რუსთავში და იმ ტესტის შემდეგ, უბრალოდ, აღარ აგებს.

გუნდი უფრო მშვიდად, ელეგანტურად აკეთებს საშინაო დავალებას. გუნდს არ აკლია სიღრმე. ნუ, საქართველოს დონეზე არ აკლია. და, გუნდი უკვე მყარად ზის საფლეიოფო ზონაში.

ოლიმპს არ ჰყავს ქუთაისზე უკეთესი ლეგიონერები. და, ვის ჰყავს რომ?

ოლიმპს არ აქვს რუსთავის რკინის ამტანობა. რუსთავი ამ კომპონენტში პირველია.

და, შემდეგ, ოლიმპს ყველასთან ყველაფრის შანსი აქვს. მოგების და, ამასთან ერთად, წაგების. უბრალოდ, ბოლო ეტაპებიდან გამომდინარე, უფრო მოგების. არ იფიქროთ, თითქოს, პირველ ორ გუნდთან ოლიმპს უშანსოდ ვტოვებ. არა, არ ვტოვებ. მთავარია, თავად ოლიმპმა არ მოიჭრას ეს შანსები.  

ოლიმპი ფლეი ოფში ბევრს შეასკდება. გუნდი მინიმუმით მაქსიმუმის აღებას ამუღამებს და, ეს, პირველ რიგში, მწვრთნელების დამსახურებაა. ოლიმპი მწვრთნელის გუნდი გახდა. არიან მოთამაშეების გუნდები და არიან მწვრთნელების გუნდები. ეს მწვრთნელის გუნდია.

 

*****

 

ცოტა სტატისტიკაც ჩამოვყაროთ.

ოლიმპი არ არის შედეგიანი (საშუალოდ 79 ქულაზე ნაკლები, რაც მხოლოდ მეშვიდე შედეგია), მაგრამ ოლიმპი იგებს დისციპლინით.

ოლიმპი მეშვიდეა მოხსნებშიც (40.7). ოლიმპი მხოლოდ მერვეა პასებში. და, ამ სტატისტიკამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ. გუნდს ჰქონდა წარუმატებელი პერიოდი მთავარ მწვრთნელად როგავას დანიშვნამდე. დათომდე იქ კიდევ ერთი კარგი სპეციალისტი მუშაობდა. უბრალოდ, არ აეწყო. ხდება ხოლმე.

ოლიმპმა აუცილებლად უნდა გამოასწოროს საშუალო სროლების პროცენტი (47.1, ბოლოსწინა ადგილი) და ოლიმპი მშვენივრად ურახუნებს სამიანებს (35.1, მესამე).

სტატისტიკა ხშირად მცდარ შთაბეჭდილებას გვაძლევს კონკრეტულ თემაზე. ალბათ, არ არის სტატისტიკა გადამწყვეტი ამ შემთხვევაშიც, მაგრამ ოლიმპს სადღაც, წინსვლა სჭირდება.

ოლიმპი მწვრთნელის გუნდია. და, ეს მწვრთნელი ძალიან კარგად მუშაობს.

წარმატებები.

 

ფოტო: www.gbf.ge